საორგანიზაციო კომიტეტი კონფერენციის მომზადებაზე მუშაობს
საორგანიზაციო კომიტეტი კონფერენციის მომზადებაზე გასული წლის ნოემბრიდან მუშაობს. კონფერენციამდე სულ ცოტა დრო დარჩა. აი, რას ამბობენ კომიტეტის წევრები:
როზა კუხალაშვილი, აფხაზეთის ქალთა საბჭო: „იქიდან გამომდინარე, რომ დღეს კონფლიქტის მოგვარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, კოალიციის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა, კონფერენციის ერთ სექციას სწორედ ამ მიმართულებით ემუშავა – ქალი და კონფლიქტი, ქალის როლი მშვიდობისმშენებლობაში, ყველაფერი ის, რაც ამ პროცესებში ქალის მონაწილეობას უკავშირდება.
სექციაზე შევეცდებით, გავაანალიზოთ ჩვენი საქმიანობა, გამოვიმუშავოთ რეკომენდაციები სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასმედიისათვის – კონფლიქტი ხომ ის თემაა, რომელიც ბევრ ადამიანს ეხება.
დღემდე ქალის რესურსი კონფლიქტების მოგვარების სფეროში არ გამოყენებულა. ხშირია არასამთავრობო სექტორის არაფორმალური შეხვედრები, მაგრამ მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრებზე ქალის აზრი გათვალისწინებული არ ყოფილა.
ინსტიტუციური მექანიზმები და ჩვენი გამოცდილება (მანანა მებუკე), ქალის როლი მშვიდობისმშენებლობაში (როზა ცინდელიანი), გენდერი და უსაფრთხოება (ჩარიტა ჯაში) – ასეთი საინტერესო იქნება მოხსენებები, რომელსაც სექცია მონაწილეებს შესთავაზებს.
კოალიციის სამუშაო ჯგუფი „ქალი და მშვიდობისმშენებლობა“ 8 ორგანიზაციას აერთიანებს. კონფერენციის მსვლელობისას ჩვენი გამოცდილების გაზიარების საშუალებაც გვექნება, ჩვენ ხომ სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა“.
ძიძია ღუდუშაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და ჯანმრთელობა“:
„ორგკომიტეტმა საინტერესოდ იმუშავა, იყო უამრავი იდეა. კონფერენციებზე და კოალიციის სემინარებზე, როგორც წესი, ყოველთვის ვცდილობთ, მოვიწვიოთ სხვა სფეროების წარმომადგენლები – პარლამენტარები, პოლიტიკური პარტიების, სამინისტროების წარმომადგენლები. ჩვენს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ უცხოელი, კერძოდ, ესტონელი, პოლონელი, სლოვენიელი, ყირგიზი ექსპერტები, მაგრამ ასეთი მასშტაბის ფორუმი პირველად ტარდება. მჯერა, რომ კონფერენცია წარმატებით ჩაივლის და მისი დასრულების შემდეგ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება“.
ქეთი დადუნაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დომუსი“: „მე ერთ-ერთი სექციის – ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის გამაძლიერებელი ინსტრუმენტები და მექანიზმები – გაძღოლა მომიწევს. ეს უაღრესად საინტერესო სექცია და მეტად საინტერესო თემაა. მჯერა, სექციის მუშაობა წარმატებული იქნება. სექციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. მომხსენებლები არიან მაია კუპრავა-შარვაშიძე, თამარ ბაგრატია, ლია სანიკიძე, ნინო შიოშვილი. დიდი ინტერესით ველი ჩვენი სტუმრების გამოსვლას, როგორებიც არიან ჯემა ჰასრატიანი სომხეთიდან, კამილა დადაშევა აზერბაიჯანიდან, მირა კარიბაევა ყირგიზეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კონფერენციის შედეგად მივიღებთ შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელშიც დეკლარირებული იქნება ქალთა მოძრაობის ძირითადი ამოცანები.
სიტყვა კოალიციის სტუმრებს:
რეტ ლაია და ლენა ბლუმი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ექსპერტები, ესტონეთის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მრგვალი მაგიდა:
„კოალიციის დაარსების დღიდან იმდენი ვიმუშავეთ ქართველ ქალბატონებთან ერთად, თითქმის დავნათესავდით უკვე. ორი ეროვნული გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობა უნიკალურ გამოცდილებას გვაძლევს. ეს ეუთოს არაჩვეულებრივი ინიციატივაა, რომელმაც ორივე მხარეს განვითარების საშუალება მოგვცა. ჩვენთან, ტალინში, დღესაც იხსენებენ 2003 წლის დეკემბერში ქართული კოალიციის წევრების
სტუმრობას. ქართველი ქალბატონებისგან ვიცით, რომ ეს მათთვისაც დაუვიწყარი მოვლენა იყო. მაშინ ორმა გაერთიანებამ თანამშრომლობის ხელშეკრულება დადო, ჩვენი ურთიერთობა ბოლო წლებში უფრო გაღრმავდა და განვითარდა. ხელშეკრულებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენთან სტუმრად იყვნენ არა მარტო ქართველი ქალბატონები (კოალიციის რეგიონური ქსელი), არამედ ყირგიზელებიც (ქსელი „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ!”). ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს გენდერული პროგრამა თანმიმდევრულად ატარებს რეგიონული ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც ძალზე პერსპექტიული მიმართულებაა“.
ზულფია ტუხტახოჯაევა, ასოციაცია „მეჰრი“, უზბეკეთი: „გენდერული პანელის მონაწილეების – ჩარიტა ჯაშის, ნინო ციხისთავის, გალინა პეტრიაშვილისგან ბევრი მსმენია საქართველოს ქალთა კოალიციაზე. ისინი ყოველთვის ინტერესით საუბრობენ თავიანთ საქმიანობაზე და ეს მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლოსდაბოლოს საშუალება მექნება, საკუთარი თვალით ვნახო ყველაფერი, გავეცნო კოლეგების საქმიანობას. კონფერენცია შესანიშნავი შანსია, მიიღო გამოცდილება, დაამყარო ახალი კავშირები, დაგეგმო ერთობლივი ღონისძიებები. უზბეკეთის ქალთა ორგანიზაციების სახელით მივესალმები ქართველ კოლეგებს“.
ვლადიმერ კოროტენკო, სოციალური ტექნოლოგიების ასოციაცია, ყირგიზეთი: „ჩვენს ქართველ კოლეგებთან უკვე მრავალწლიანი მჭიდრო კონტაქტები გვაქვს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ არა მხოლოდ რეგიონულ გენდერულ პანელში, არამედ სემინარებზე, ტრენინგებზე, საერთაშორისო შეხვედრებზე. ერთი წლის წინ საქართველოსა და ყირგიზეთის რეგიონული ქსელების წარმომადგენლებმა ესტონელ ქალებთან ერთად ტალინში ერთობლივი სემინარი ჩაატარეს. ამასწინათ მე, ნინო ციხისთავსა და გალინა პეტრიაშვილს რეგიონული აქტივისტებისთვის ბაკურიანში ერთობლივი ტრენინგი გვქონდა. ჩემი აზრით, ჩვენ ჩვენი რევოლუციებიც გვაახლოებს, თქვენი „ვარდებისა“ და ჩვენი „ტიტების“. უფრო ზუსტად, გვაახლოებს ის პრობლემები, რომელიც დარჩა და, რიგ შემთხვევებში, გაძლიერდა კიდეც რევოლუციის შემდეგ“.
კამილა დადაშევა, ასოციაცია „სიმეტრია“, აზერბაიჯანი: „ერთი წლის წინ ჩარიტა ჯაში აზერბაიჯანში მოვიწვიეთ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ის გენდერული ბიუჯეტის შესანიშნავი ექსპერტია და მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგა. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად. ვიცი, რომ ამ მიმართულებით საქართველოშიც აქტიურად მუშაობენ. პრობლემაზე საუბარს ცალკე, სექციაში და კულუარებშიც ვგეგმავ. იქნებ ერთობლივი პროექტიც შევიმუშავოთ, რეგიონულ დონეზე მუშაობა ხომ გაცილებით ეფექტიანია“.
|