Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > კონფერენცია – 2006 > სიახლეები > საერთაშორისო კონფერენციის – „ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში“ – კვალდაკვალ


საერთაშორისო კონფერენციის – „ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში“ – კვალდაკვალ

თინა ილსენი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს მრჩეველი გენდერულ საკითხებში:

თინა ილსენი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს მრჩეველი გენდერულ საკითხებში

– საქართველოში ჩვენი მუშაობის პირველ წლებში ბევრი ორგანიზაცია გრანტების ირგვლივ იკრიბებოდა და არა მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ. ჩვენ ვგრძნობდით რაღაც უნდობლობას. ადამიანებს არ სჯეროდათ, რომ ჩვენ სერიოზულად და ხანგრძლივად გვსურს ვიმუშაოთ ამ პრობლემებზე საქართველოში.

დღეს უმრავლესობამ გაიგო, რომ ქალებს შესწევთ სერიოზული საქმის კეთების უნარი, თანაც მამაკაცებზე არცთუ ცუდად. შეიცვალა ამ პრობლემის აღქმა. დემოკრატია შენდება საზოგადოებაში, სადაც მისი ყველა წევრი, სქესობრივი კუთვნილების მიუხედავად, თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას. მეჩვენება, რომ ქალები უფრო ძლიერები და თვითდაჯერებულები გახდნენ. კონფერენცია გენდერული პრობლემის მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო – ქალის როლი კონფლიქტების მოწესრიგებაში, მშვიდობის მშენებლობა, ქალთა მოძრაობის შიგნით თანამშრომლობის შესაძლებლობები, ქსელური მუშაობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა შესაძლებლობების გამაძლიერებელი ინსტრუმენტები და მექანიზმები. კოალიცია უკვე სახელმწიფო სტრუქტურების პარტნიორის როლში გამოდის და რეალურ გავლენას ახდენს ეროვნულ პოლიტიკაზე. სწორედ ა/ს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა გახლავთ ამ კონფერენციის უმთავრესი შედეგი.

კონფერენციის სტუმრები ამბობენ:

ნინო ბურჯანაძე:
„გენდერული თანასწორობა – ეს მხოლოდ ქალი პარლამენტის თავმჯდომარე როდია“

ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის სპიკერი

პირველ დღეს კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ. იგი მიესალმა მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, უსურვა წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა, ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი ხედვა საქართველოში გენდერული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

– გენდერული თანასწორობა – ეს მხოლოდ ქალი პარლამენტის თავმჯდომარე როდია. მსურს, თანასწორობის იდეა საზოგადოებამ სწორად მიიღოს და იგი ფემინიზმში არ გააიგივოს. უნდა შევეცადოთ, რომ ქალები და მამაკაცები მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ყველა დონეზე. სქესის მიუხედავად, პიროვნებამ უნდა შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება, ჩვენი ვალია, ამისთვის ყველანაირი პირობა შევქმნათ. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებლის უარი კარგი სპეციალისტისთვის იმის გამო, რომ იგი შესაძლოა დეკრეტში გავიდეს, დაუშვებელია. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს  შესაძლებლობა, მაქსიმალურად ეფექტურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კოალიციის წევრების ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით, სახელმწიფო დონეზე შექმნილია და მუშაობს ორი სტრუქტურა – საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო და ამავე საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისია. მოხარული ვიქნები, თუკი  ამ ფორუმის მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდება რეკომენდაციების შემუშავება ქალთა როლის გააქტიურებისთვის დემოკრატიულ პროცესებში.
ქალები უცილობლად უნდა მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განვიხილავთ რა გენდერულ პრობლემებს, ამასთანავე ვსწავლობთ კვოტების საკითხს, რომლითაც უნდა ისარგებლონ ქალებმა პოლიტიკურ ოლიმპზე.

მე მივეკუთვნები ქალებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კვოტები შესაძლოა მიჩნეულ იქნას დისკრიმინაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტად. რთულია უნივერსალური ფორმულის მოძებნა, რომელიც მოქმედების ისეთ შესაძლებლობას შექმნის, რომელიც ჩანასახშივე იდეის დისკრედიტაციას არ მოახდენს. ვფიქრობ, უფრო კონკრეტული მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს მისცემს შესაძლებლობას თანაბარ პირობებში დაკავდნენ სახელმწიფო საქმიანობით. ვფიქრობ, ბევრი ქალი კვოტირების გარეშეც მოძებნის გზას, თავისი პოზიცია გამოთქვას პარლამენტში.

დავით უსუფაშვილი:
„ვისურვებდი, რომ პარტიაში წევრთა ნახევარი მაინც ქალი ყოფილიყო“

დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი

ქალთა ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ შიდაპარტიულ კვოტირებაზე. კონფერენციის სტუმარი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი გვიზიარებს თავის მოსაზრებას ამ საკითხზე.

ქალებმა პარტიაში მხოლოდ გენდერულ საკითხებზე არ უნდა იმუშაონ, ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ საკითხებშიც. ვფიქრობ, ამ საკითხს კვოტირებით ვერ გადავჭრით, რადგანაც ეს მაინც ხელოვნური გზაა. ქალი თავად უნდა იყოს აქტიური, თვითონ უნდა სურდეს ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენს პარტიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ქალთა რაოდენობა გაიზარდა 10%-ით და 35%-ს მიაღწია. მაგრამ გენდერული ბალანსის დაცვა, განსაკუთრებით რეგიონებში, მაინც ძალიან რთულია. ჩვენ დაინტერესებული ვართ პოლიტიკური წარმატებით, მაგრამ ქალები გვჭირდება. პირადად მე ვისურვებდი, რომ პარტიის წევრთა ნახევარი მაინც ქალი ყოფილიყო.

მოამზადა ლალი ნიკოლავამ

ფოტო გალინა პეტრიაშვილისა  

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze