Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ღონისძიებები > ღონისძიებები

 

 

„მეტი ქალი პოლიტიკაში –
მხარი დავუჭიროთ ქალ-კანდიდატებს!“

პრეს-კონფერენცია

2 მაისი, 2008 წელი


პარლამენტში შეგვაქვს გენდერული თანასწორობა.
ამ პაპკებში 32 ათასი ადამიანის ნებაა,
რომელთაც სურთ,რომ ნახევარი
დეპუტატების ადგილი დაიკავონ ქალებმა.

2008 წლის 2 მაისს 13.00 საათზე თბილისში, სასტუმრო „მერიოტში“ საქართველოს ქალთა კოალიციამ მოაწყო შეხვედრა. იგი მიეძღვნა ქალთა კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივას – საქართველოს ორგანულ კანონში, პოლიტიკური გაერთიანებების და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა კოალიციის წევრები, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები, ჟურნალისტები, აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქალთა კოალიციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის თაობაზე ხელმოწერების შეგროვებაში.

შეგროვდა 32 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომელიც შესაბამისი წესით გადაეცა საქართველოს პარლამენტს. საპარლამენტო რეგლამენტით, ქალთა კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა და მსჯელობა ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ დროებით მექანიზმებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა.

შეხვედრის მონაწილეებმა: თამარ აბრამიშვილმა, ჩარიტა ჯაშმა, როზა კუხალაშვილმა, მანანა მებუკემ, ქეთევან დადუნაშვილმა, გურამ კუპატაძემ, დეპუტატობის კანდიდატმა ლია მუხაშავრიამ, მრეწველთა პარტიის წევრმა ციცო ბაკურაძემ, ქალთა პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ნინო კალანდარიშვილმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც ქალ-კანდიდატებს, განსაკუთრებით, მაჟორიტარებს, ექმნებათ საპარლამენტო არჩევნების დროს, ვინაიდან ამ კამპანიაში ერთვება დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსი, რომელზედაც ქალებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ასეთ დროს სოლიდარობა და ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, რაც ამჯერად ქალთა კოალიციამ განახორციელა თავისი მედია-კამპანიით, აქციებითა და ხელმოწერების შეგროვებით, ძალზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

– 1999 წლიდან ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით რამდენჯერმე იყო მცდელობა გენდერული თანასწორობის პრობლემის წინ წამოწევისა პარლამენტში, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თავად გაგვეწია შრომა და ხელმოწერების შეგროვებით ერთგვარი პასუხიც გაგვეცა ოპონენტებისათვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. ეს შრომა და მისი შედეგი არის სწორედ დასტური იმისა, რომ საზოგადოება აქტიურ ყურადღებას უთმობს გენდერულ ბალანსს, – აღნიშნა თამარ აბრამიშვილმა

ჩარიტა ჯაში:
– ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ თემაზე, მრავალი ცდა იყო, თუმცა ჩვენი ყველა ინიციატივა ჩავარდა, მაგრამ ახლა საუბარია არა ხელმოწერების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, როგორ უდგება საზოგადოება ამ საკითხს. დადგა დრო მოქმედებისა. ეს იყო ნამდვილად საუკეთესო პრეცენდენტი. ყველა წყაროში მოვიძიე, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მსგავსი ვერაფერი ვიპოვე.

როზა კუხალაშვილი:
- დღევანდელი საპარლამენტო სიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი აქცია საჭირო იყო. ბევრი პარტიის პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ არის, მაჟორიტარებს რაც შეეხება, ზოგ პარტიას ისინი საერთოდ არ წამოუყენებია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალი არჩევნების ჩატარებაზე, კანონიც, იმედია, იმ დროისათვის მიღებული იქნება.

შეხვედრა ჩატარდა „საქართველოს ქალთა კოალიციის“ მიერ ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართული მედია-კამპანიის ფარგლებში.

ციცინო ჯულუხიძე
ფოტო GMC

>>>

 


 

„მეტი ქალი ახალ პარლამენტში –
მხარი დავუჭიროთ ქალ-კანდიდატებს!“

საქართველოს ქალთა კოალიციის აქცია

1 მაისი, 2008 წელი

„საქართველოს ქალთა კოალიციის“ მიერ ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართული მედია-კამპანიის ფარგლებში 2008 წლის 1 მაისს 14.00 საათზე თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – I საჯარო სკოლის წინ, მოეწყო საჯარო აქცია საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად. აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სოციალური სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

„ჩვენი აქციის მიზანია ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობით მხარს ვუჭერთ სამართლიანობას, დემოკრატიასა და კეთილდღეობას, ამომრჩეველს კი მოვუწოდოთ, ხმა მისცენ ქალ-კანდიდატებს განურჩევლად მათი პარტიულობისა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 53% ქალია, საქართველოს პარლამენტში კი მათი წილი მხოლოდ 9%-ია,“ – განაცხადა კოალიციის წევრმა ქეთევან დადუნაშვილმა.

აქციის მონაწილეებს დაურიგდათ საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ბუკლეტები, ბავშვებს – ბუშტები კოალიციის ლოგოთი.

მსურველებმა გადაიღეს უფასო ფოტო მომავალი (ნაწნავებიანი) პარლამენტარის როლში.

 


 

ახალმა საბჭომ არჩევნებთან დაკავშირებით კოალიციას
მედია-კამპანიის გეგმა წარუდგინა

კოალიციის სამუშაო შეხვედრა

22 აპრილი, 2008 წ.

კოალიციის საბჭომ არჩევნებში ქალების მხარდასაჭერად მედია-კამპანიის საკუთარი გეგმა წარმოადგინა. საუბარია ქალთა ფართო და კომპლექსურ გააქტიურებაზე: კანდიდატების, ამომრჩევლების, პარტიული და საზოგადოებრივი აქტივისტების, მონიტორინგის მონაწილეების. ეს გააქტიურება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თემის წინ წამოწევასაც ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების დაბალანსებულობის პრობლემამ ასახვა ჰპოვოს წინასაარჩევნო დისკუსიებში, პარტიულ დოკუმენტებში, იქცეს საზოგადოების ფართო მსჯელობის საგნად.

შეხვედრის ოქმი

არჩევნებამდე დარჩენილ დროში კოალიციის მედია-კამპანია რამდენიმე საკვანძო მოვლენას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მათგანი 30 აპრილს გაიმართება. ამ დღეს კოალიცია გეგმავს კანონმდებლობის შეცვლის მხარდასაჭერი 30 ათასი ხელმოწერის საზეიმოდ გადაცემას.

გარდა ამისა, იგეგმება მთელი რიგი აქციებისა დედაქალაქსა და რეგიონებში, გამოქვეყნდება სტატიების სერია ეროვნულ გაზეთებში, დასაბეჭდად მზადდება კოალიციის საკუთარი გაზეთი, რომელიც ამ ღონისძიებებსა და მათ ანალიზს მიეძღვნება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მოღვაწეობის შედეგები ივლისის ბოლოსათვის დაგეგმილ კონფერენციაზე შეჯამდება.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი მხარს უჭერს ყველა ქალ-კანდიდატს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა.

 


 

მხარს ვუჭერთ ქალთა აქტიურ მონაწილეობას არჩევნებში

პრეს-კონფერენცია

8 აპრილი, 2008

ქვეყანას არჩევნებში ქალთა აქტიური მონაწილეობა ესაჭიროება, განაცხადეს პრეს-კონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისათვის და მეტად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვა ამ პროცესში. საუბარია ქალთა ელექტორატზეც, რომელიც ჩვენთან ნახევარზე მეტს წარმოადგენს, პარტიულ აქტივობაზეც, ქალთა მონაწილეობაზეც დამკვირვებლისა და მონიტორინგის მონაწილის რანგში. და რასაკვირველია, მეტად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქალი იქნეს დასახელებული კანდიდატთა შორის.

პრეს-კონფერენცია საქართველოსთვის ტრაგიკული თარიღის – 9 აპრილის წინ ჩატარდა. 19 წლის წინ ამ დღეს თბილისის ცენტრში 22 ადამიანი, მათ შორის 16 ქალი დაიღუპა. ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდნენ და წარმავალი რეჟიმის რეპრესიის მსხვერპლნი გახდნენ.

წლები გავიდა, მაგრამ დღესაც, ვაფასებთ რა ხელისუფლებაში მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლობის სამართლიანობას, იძულებულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ ჭეშმარიტ დემოკრატიულ წყობამდე ჯერ კიდევ შორია. გენდერული მზერა ჩვენი ხელისუფლების შემადგენლობაზე ამის ნათელი დასტურია. პარლამენტში დღეისათვის მხოლოდ 9 პროცენტია ქალი. გენდერული დისბალანსი – საფრთხეა, რომელმაც საზოგადოება შეიძლება ახალი გამოცდის წინაშე დააყენოს. სწორედ ამიტომ შეკრიბა კოალიციამ ჟურნალისტები 9 აპრილის წინ, რათა კიდევ ერთხელ გაეხმოვანებინა თავისი პოზიცია მათ წინაშე და მასმედიისა და საზოგადოების მხარდაჭერა მოეპოვებინა.

პრეს-კონფერენცია ჩაატარეს კოალიციის წევრებმა თამარ მაისურაძემ (მცხეთა), სვეტლანა ლოგუამ (ბათუმი), მანანა მებუკემ (თბილისი).

 


 

გენდერული ეკონომიკა –
სოციალური სამართლიანობისა და თანაბარი
შესაძლებლობების საფუძველი

რეგიონალური კონფერენცია

თბილისი, 1 აპრილი, 2008 წელი

ორგანიზატორები: გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეციის განვითარების სააგენტოს ერთობლივი რეგიონალური პროექტი – „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მიზანი:

  • ეკონომიკაში გენდერული ასპექტების ინტეგრირების გამოცდილების გაზიარება სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის ქვეყანაში.
  • მრავალი ქვეყნის პრაქტიკის განზოგადოება , ინიციატივებისა და წინადადებების მხარდაჭერა რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე.

კონფერენციაზე განხილულ იქნა გენდერული ასპექტების ინტეგრაციის მნიშვნელობა ეკონომიკურ პოლიტიკაში, კერძოდ:

  • ეკონომიკაში გენდერული მეინტრიმინგის განხორციელება, პრობლემები და პერსპექტივები;
  • მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში;
  • შრომის ბაზრის გენდერული პარამეტრები;
  • გენდერული უთანასწორობა სიღარიბის განზომილებაში – რატომ აღრმავებს სიღარიბე გენდერულ უთანასწორობას?
  • გენდერული ბიუჯეტის ინიციატივები სხვადასხვა ქვეყანაში – არსებული გამოცდილება და პერსპეტივები

კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გენდერისა და ეკონომიკის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საპარლამენტო და სამთავრობო ხელისუფლების, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და უზბეკეთიდან, საერთაშორისო ექსპერტები ირლანდიიდან, იტალიიდან და გერმანიიდან.

გიგი წერეთელი, პარლამენტის ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:
- საქართველოში გენდერული საკითხებში დღეს, რომ მაღალი პოლიტიკური წესრიგია ეს არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა. ჩვენ გვინდა, რომ მამაკაცები და ქალები ცხოვრობდეს მაღალი სტანდარტებით.

მატილდა დიმოვსკა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი:
- ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, გენდერული თანასწორობა არის მნიშვნელოვანი. ქვეყნის განვითარება შეიძლება საშიშროების ქვეშ დადგეს, თუ არ იქნება გათვალისწინებული გენდერული პრობლემები.

ევა რუმინსკა-ზიმნი, გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპაში, უფროსი ოფიცერი სოციალურ საკითხებში:
- გენდერი განსაზღვრავს მაკროეკონომიკის ხარისხს, ეს არის ადამიანის უფლებებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული, რაც დაგვეხმარება სიღარიბის დაძლევაში. საქართველო მართლაც წინა ხაზზეა, რომელსაც აქვს ხელშესახები მიღწევები გენდერული საკითხების თვალსაზრისით.

თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში:
- გენდერული თანასწორობის თემა მსოფლიოში დემოკრატიული განვითარების საზომია.

როზა კუხალაშვილი
(ფოტო გალინა პეტრიაშვილისა)

 


 

დროებითი ზომების მიღების ინიციატივა
გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის

ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოალიცია ხელმოწერებს აგროვებს. საჭიროა არანაკლებ 30 ათასი ამომრჩეველის ინიციატივით საქართველოს ორგანულ კანონში ხელმოწერა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

დაწვრილებით

დოკუმენტმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში რეგისტრაცია გაიარა 19.03.08. #4974/4-12

http://www.parliament.ge/index.php?sec_id=298&info_id=18561&lang_id=GEO

ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოალიციის სახელით რეგისტრაცია გაიარა საინიციატივო ჯგუფმა და ხელმოწერებს აგროვებს თამარ აბრამიშვილი, მანანა მებუკე, ნინო ჯავახიშვილი, ციცო ბაკურაძე და მაია კუპრავა.

კანონით განსაზღვრული ვადა 30 ათასი ამომრჩეველის ხელმოწერის შეგროვების არის 45 დღე.

პროექტი:

მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #22, 19.06.2007, მუხ. 186) 34-ე მუხლის რედაქცია ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. თუ პარტია პარტიული სიების ან ძირითადი და სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას დაარღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ სქესთა პროპორციულობის პრინციპს, პარტიული სიებით წარსადგენი პროპორციულობის წესის ყოველი 5%-ით დარღვევაზე პარტიის საბაზო დაფინანსების ოდენობა მცირდება 5%-ით, ხოლო ძირითადი და სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას სქესთა პროპორციულობის ყოველი დარღვევისას – 10%-ით.“

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

96-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები, იმგვარად, რომ სიის ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.“

ადამიანის უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ვთხოვთ მონაწილეობა მიიღონ ხელმოწერების შეგროვებაში!

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
მისამართი: ბარათაშვილის 6/10
ტელ: 935 902;

მაია კუპრავა: maiakuprava@yahoo.com , 899 57 25 07
თამარ აბრამიშვილი: tamar@caucasus.net , 899 33 75 08

 


 

კოალიციის კონფერენცია

18 მარტი, 2008

კონფერენცია ჩატარდა კოალიციის წევრი 50 ორგანიზაციის მონაწილეობით. რასაც წინ უძღოდა რეორგანიზაციის პერიოდი, რომელიც მიეძღვნა კოალიციის ახალი სტრუქტურის შემუშავებას. იგი მოამზადა კოალიციის წევრი ორგანიზაციების საინიციატივო საბჭომ. ამ საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი 18 მარტის შეხვედრაზე:

დოკუმენტების შემუშავება მიმდინარეობდა კოალიციის სამუშაო-ჯგუფებთან კონსულტაციებით, რომლის მსვლელობისას გათვალისწინებული იქნა კოალიციის იმ წევრი-ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებმაც ამ განახლებულ კავშირში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კონფერენციაზე არჩეულ იქნა კოალიციის საბჭო, რომელიც მისი ხელმძღვანელი ორგანო იქნება 2009 წლის ბოლომდე.

თამარ მაისურაძე, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, მცხეთა-მთიანეთი:
- მე იმ საინიციატივო ჯგუფში ვიყავი, რომელიც სტრუქტურისა და საერთო პრინციპების სრულყოფაზე მუშაობდა. სამუშაო რთული იყო, შემადგენლობა იცვლებოდა, ბევრი სიძნელეც იყო. მე ვამაყობ, რომ კონფერენციამ ჩვენი წინადადებები მიიღო, ეს კი ახალი ეტაპის დასაწყისია.

სვეტლანა ლოგუა, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, აჭარა:
- უეჭველია, დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, ფაქტიურად ახალი ეტაპი იწყება. მეც საინიციატივო ჯგუფში ვმუშაობდი და შევეცადეთ ბევრი რამ გაგვეთვალისწინებინა. მაგრამ ყველაფრის გათავლისწინება, უბრალოდ, შეუძლებელია. ვთვლი, რომ ეფექტურ სისტემას ვაძლევთ ბიძგს, მაგრამ როგორ იმუშავებს, ჩვენზეა დამოკიდებული. ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებს საქმიანობას ახალი საბჭო, როგორ შეძლებს იგი მთელი კოალიციის აყოლიებას. კოალიციის შემადგენლობა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა – იმედი მაქვს, რომ მასში ის ადამიანები დარჩნენ, რომლებიც ქალთა მოძრაობის განვითარებაზე ფიქრობენ.

ნინო შიოშვილი, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის ასოციაცია „ადაგდარი“, თბილისი:
- რეორგანიზაციის ჩატარებით კოალიციამ თავისი ძირითადი ბაზისი – ორგანიზაციათა თანაბარუფლებიანობა - შეინარჩუნა. იმედი მაქვს, რეორგანიზაციის შემდეგ ჩვენი კავშირი უფრო ძლიერი და მობილური გახდება, წევრ-ორგანიზაციებს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, კარგი რესურსები, ურთიერთ ნდობის მაღალი დონე და ერთად მუშაობის ძლიერი მოტივაცია აქვთ. მწამს, რომ ამის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ ქვეყნის პოლიტიკაზე უფრო ეფექტურ ზემოქმედებას, ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ძიძია ღუდუშაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და ჯანმრთელობა“, თბილისი:
- ვერც ერთი გაერთიანება ვერ იმუშავებს მკაფიო სტრუქტურისა და თანამშრომლობის კარგი შინაგანი დისციპლინის გარეშე. იმ პოტენციალით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს გააჩნია, ახალ, უფრო რთულ ამოცანებს დავძლევთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელით უფრო ნათლად განგვესაზღვრა მათი პრიორიტეტები.

ცოვინარ ნაზაროვა, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, თბილისი:
- განახლებული კოალიცია უფრო წარმოსაჩენს გახდის ქალთა მოძრაობას საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ანა კიკვაძე, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, ქუთაისი:
- დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელმძღვანელი ორგანოს – კოალიციის საბჭოს მეშვეობით ჩვენი მუშაობა უფრო წარმოსაჩენი და მობილური გახდება.

როზა კუხალაშვილი, „აფხაზეთის ა/რ ქალთა საბჭო“, თბილისი:
- ახალი, რაც კოალიციის მუშაობის რეგლამენტში ჩაიდო: საბჭო, როგორც მმართველი ორგანო კონფერენციებს შორის, საწევროს დაწესება, სტრატეგიის უფრო მკაფიო განსაზღვრაა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ყველა ორგანიზაცია გადაიხდის საწევრო შენატანს, ამასთან, მისი რაოდენობა დიფერენცირებული იქნება ორგანიზაციის გამოცდილებისა და წარმატებულობის შესაბამისად. დამწყები, მცირე რესურსული შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციები ნაკლებს გადაიხდიან, თუმცა კოალიციის თანაბარუფლებიან წევრად ჩაითვლებიან. ასეთი ინიციატივით უფრო ძლიერი, მეტი გამოცდილებისა და უკეთესი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციები გამოვიდნენ.

ჯილდა ხარიტონაშვილი, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, კახეთი:
- ქალი ლიდერების რეგიონული ქსელი უკვე 7 წელია კოალიციასთან თანამშრომლობს და აი, ჩვენ მის შემადგენლობაში წევრების სახით შევედით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე კოალიციისათვის. კოალიციაში ჩვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება.

ფატი ქემოკლიძე, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, რაჭა:
- ძალიან გამიხარდა, რომ კონფერენცია მობილურად და საქმიანად ჩატარდა. მიმაჩნია, რომ უკვე დიდი ხანია უმთავრესის მისაღწევად დროისა და შესაძლებლობების ეკონომიის დრო დადგა. ნაკლები დისკუსია და მეტი მუშაობა.

თამარ მაჭარაშვილი, ასოციაცია „ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლი“, თბილისი:
- დიდ იმედებს ვამყარებ საბჭოზე. იქ კარგი გუნდია შერჩეული. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დავგეგმეთ. ჩვენ შევინარჩუნეთ მთავარი – სწრაფვა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო გენდერულად სამართლიანი გახდეს. ორგანიზაციებს აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ახალი სტრუქტურა კი სტიმულს მისცემს მათ.

 


 

მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღები: იყავი აქტიური!

აქცია, 7 მარტი, 2008ჟურნალ „კავკასიას“ სპეციალური გამოშვება

ქართველი ქალები წინააღმდეგობაში არიან ჩავარდნილნი: ერთის მხრივ, ისინი იძულებულნი არიან ეკონომიურად და სოციალურად აქტიურები იყვნენ, რათა საკუთარი ოჯახები შეინახონ, მეორეს მხრივ - მათ არ გააჩნიათ საკუთარი წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რათა მათი ინტერესები დაიცვან.

საქართველოში ამ საკითხზე შეშფოთება 1995 წელს პეკინში გამართული მსოფლიოს ქალთა კონფერენციის შემდეგ გახდა აქტუალური. 2001 წელს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა პოლიტიკურ ფორუმზე შეიკრიბნენ, რომელზეც პირველად გაჟღერდა ქალთა კონსოლიდირებული აზრი იმის შესახებ, რომ მართვის სფერო არ უნდა იყოს მხოლოდ მამაკაცური. შემდგომი წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორმა გაააქტიურა ეს პრობლემა და შეეცადა ის განხილვის საგნად ექცია.

ოთხი წლის წინ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ცხრა ორგანიზაცია გაერთიანდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა გენდერული თანასწორობის ეროვნული კონცეფცია. ჯგუფმა ამ საკითხზე სამუშაოდ მოიზიდა სხვა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები და ქსელები, საერთაშორისო ექსპერტები, სპეციალისტები სახელმწიფოს მხრიდან. გენდერული თანასწორობის კონცეფცია საქარველოს პარლამნეტის მიერ 2006 წელს იქნა მიღებული და ჩვენს ქვეყანაში ამ სახის პირველი ეროვნული დოკუმენტი გახდა.

იმისთვის, რომ ის პრაქტიკაში განხორციელებულიყო, საჭირო გახდა გენდერული თანასწორობის მიღწევის ეროვნული სამუშაო გეგმა. ამისათვის შეიქმნა სამთავრობო კომისია გენდერული თანასწორობის საკითხებში, რომელშიც შევიდნენ საკვანძო პირები მინისტრთა მოადგილეების დონეზე და ოთხი დამოუკიდებელი ექსპერტი - საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები. ორივე დოკუმენტის შემუშავებასა და წინ წამოწევაში აქტიური როლი შეასრულა იმ დროს უკვე არსებულმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუციამ - პარლამენტის სპიკერთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ გენდერული თანასწორობის საკითხებში. 2007 წელს პარლამენტმა დაამტკიცა გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში ეროვნული სამუშაო გეგმა 2007-2009 წლებისათვის.

ეს დოკუმენტები - მხოლოდ ბაზისია, რომელიც ყველა დონეზე და სხვადასხვა ასპექტში უნდა განვითარდეს. ერთ-ერთი მათგანი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია.

ამისათვის საჭიროა:

  • საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა.
  • ქალთა ელექტორატის თავისუფალი და აქტიური საარჩევნო ქცევის უზრუნველყოფა.
  • ქალი-კანდიდატების გააქტიურება, მათი მოტივაციის ამაღლება და მათი პოლიტიკური ჩვევების განმტკიცება.
  • შიდაპარტიული დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა.

მთელი მსოფლიოს ქალთა სოლიდარობის დღესასწაულის წინ საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოლეგებს არასამთავრობო სექტორიდან და ყველა ინსტიტუტის წარმომადგენლებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე.

მეტი ქალი გადაწყვეტილებების მიღებაში:

იყავი აქტიური!

ტექსტი, ფოტო: „გენდერმედიაკავკასია“

ფოტორეპორტაჟი

 


 

პრეს-კონფერენცია

„ქალთა როლი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: რეალობა და პოტენციური შესაძლებლობები“

ატარებენ საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრი ორგანიზაციები

საქართველოს ქალები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, მათ მნიშვნელოვან ნაწილს მაღალი საგანმანათლებლო სტატუსი და კარგი პროფესიული მომზადება გააჩნია, აქტიურია ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალები აქტიურები არიან სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაშიც – როგორც ექსპერტები, ისინი მონაწილეობენ ნებისმიერი დონის ყველა პროექტში, საკრებულოდან ქვეყნის პარლამენტის ჩათვლით. ქალებს საკუთარი ხედვა აქვთ პრობლემებზე და საკუთარი რეკომენდაციები მათ მოგვარებაზე. თუმცა, თუ ჩვენ მართვის დონეებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ქალები ძალიან ცოტანი არიან. პარლამენტში ქალი-დეპუტატების რაოდენობა 10%-საც არ აღწევს,მინისტრთა შორის მხოლოდ ერთი ქალია, გუბერნატორი ქალი კი საერთოდ არ გვყავს. ქალთა არაადეკვატურად მცირე რაოდენობაა ასევე ხელისუფლების უფრო დაბალ დონეებზე. 2006 წლის არჩევნებით დაკომპლექტებული სხვადასხვა დონის საკრებულოს 1750 წევრს შორის მხოლოდ 195 ქალია არჩეული, რაც 11%-ს შეადგენს.

პრეს-კონფერენციას ატარებენ:

  • თამარ აბრამიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ქალთა კოალიციის წევრი
  • მაია კუპრავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარტოხელა მშობლების ასოციაცია“, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ქალთა კოალიციის წევრი
  • ირინა ჟვანია, UNDP-ის პროექტის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ ექსპერტი
  • სოფიო ლარცულიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
  • ჩარიტა ჯაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის“, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ქალთა კოალიციის წევრი
  • როზა კუხალაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ქალთა საბჭო“, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ქალთა კოალიციის წევრი

7 მარტს თბილისში და საქართველოს რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო აქცია

მეტი ქალი გადაწყვეტილებების მიღებაში:

იყავი აქტიური!

6 მარტი, 2008

 


 

დედობა საქართველოში:
დღესასწაული და ყოველდღიურობა

3 მარტს ჩვენი ეროვნული დღესასწაულია – დედის დღე. არა მარტო მოსალოცი, ჩასაფიქრებელიც. იმაზე, თუ რას ნიშნავს – იყო დედა ჩვენს ქვეყანაში? რა პრობლემებთანაა იგი დაკავშირებული?

პრეს-კონფერენცია დღესასწაულის წინ. საქართველოს ქალები იმსახურებენ, რომ მათ წინაშე მუხლებზე დგებოდნენ არა მარტო ფოტოჟურნალისტები, და არა მხოლოდ დედის დღეს.
პრეს-კონფერენცია დღესასწაულის წინ.
საქართველოს ქალები იმსახურებენ,
რომ მათ წინაშე მუხლებზე დგებოდნენ
არა მარტო ფოტოჟურნალისტები,
და არა მხოლოდ დედის დღეს.

ყოველწლიურად საქართველოში 42-45 ათასი ბავშვი იბადება. შედარებისათვის: 1991 წლამდე ყოველწლიურად ორჯერ მეტი ახალშობილი ევლინებოდა ქვეყანას. დღეს ქალები სულ უფრო იშვიათად ფიქრობენ დედობაზე – განსაკუთრებით, თუ საქმე მეორე ან მესამე ბავშვს ეხება. საერთოსტატისტიკური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ერთი ქალი 1,4 ბავშვს აჩენს. ეს ბევრად ნაკლებია იმ რიცხვზე, რაც საჭიროა თაობათა ნორმალური ცვლისათვის. სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრას სიღარიბის დაძლევაში ხედავს. სიღარიბესთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა მოსახლეობის 14-16%-ის დახმარებისთვისაა გამიზნული – ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ ეს ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა. არის კიდევ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ იგი გათვლილია მხოლოდ იმათზე, სადაც 7 და მეტი მცირეწლოვანი ბავშვია. ორივე ეს პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებობს ცალკეული ინიციატივებიც შეღავათებისა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის.

ყველა ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას და შედარებით უმწეო ოჯახების მხარდაჭერას. დედობის მხარდასაჭერი ცალკე პროგრამა ჯერ საქართველოში არ არის. ექსპერტების აზრით, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, იგი აუცილებელია. ქალებს ორმაგი დატვირთვა აქვთ – სახლში და სამსახურში. მეტწილად ისინი ოჯახის ძირითად ან ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენენ. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ქალთა მდგომარეობას შრომის ბაზარზე, ქალის პროფესიული კარიერის თავისებურებებს, მის დაცვას დისკრიმინაციისა და არათანაბარუფლებიანი დამოკიდებულებისაგან. იმისათვის, რომ დედობის მოტივაცია ამაღლდეს, აუცილებელია ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ქალს ოჯახისა და ოჯახსგარეთ სამუშაოს შეთავსებაში. დედობა არ უნდა იყოს გადაულახავი წინააღმდეგობა პროფესიულ წინსვლაში. ასეთ პროგრამებში გათვალისწინებული იქნებოდა როგორც სოციალური, ისე ანტიდისკრიმინაციული ხასიათის ზომების ფართო კომპლექსი.

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მუშაობს 2000 წლიდან. მას დედობის საკითხი ქალის ცხოვრების ერთ-ერთ პრიორიტეტად მიაჩნია. სხვა ინიციატივებთან ერთად კოალიციის ორგანიზაციებმა გასულ წლებში ქალთა ჯანმრთელობის დაცვის, საკუთარი უფლებების თაობაზე მათი ინფორმირების ამაღლების,  ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის მრავალი პროექტი განახორციელეს. დედობის მხარდაჭერისა და დაცვის კომპონენტს კოალიციის წევრი ორგანიზაციების პროგრამების უმრავლესობა ითვალისწინებს.

ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია კონკრეტული მიზანმიმართული პროგრამები, რომლებშიც დედობა განხილული იქნება, როგორც კომპლექსური პრობლემა და ზემოქმედებას მოახდენდნენ მის ყველა კომპონენტზე. ეს შეამსუბუქებს დედობის ტვირთს და ხელს შეუწყობს საზოგადიოებისათვის ასე აუცილებელი ქალის პოტენციალის წარმატებულ რეალიზებას.

ია ვერულაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ცენტრის“ ხელმძღვანელი:
– ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. 2004 წლის სტატისტიკით, 100 ათასიდან 45,3 შემთხვევა მშობიარის სიკვდილით მთავრდება, ახალშობილთა სიკვდილიანობა ათასი ცოცხლად შობილი ბავშვიდან 22,73-ს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა სარძევე ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ წლებში საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის კიბოსგან სიკვდილიანობა დაახლოებით 10 %-ით გაიზარდა.

ჩარიტა ჯაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის“ ხელმძღვანელი:
– ზოგიერთი მონაცემით, აუნაზღაურებელი საოჯახო საქმიანობა ქვეყნის საერთო ეროვნული პროდუქტის ნახევარს შეადგენს. დემოგრაფიის მხრივ ჩვენთან კატასტროფაა. ან როგორ არ იქნება, როცა ბავშვის გაჩენის ასაკის ქალები ქვეყანაში თითქმის აღარ დარჩნენ?! ისინი საკუთარ შვილებს ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან სხვების მოასავლელად.

როზა კუხალაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ქალთა საბჭოს“ ხელმძღვანელი:
– მე ერთი მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნას შემოგთავაზებდით. საქართველოში დღეს იძულებით გადაადგილებული პირების ყოველთვიური შემწეობა კერძო სექტორში განსახლებულთათვის 14 ლარს შეადგენს, კომპაქტურ სექტორში – 11 ლარს. წარმოვიდგინოთ 7-სულიანი ოჯახი, სადაც 2 პენსიონერია, 2 მოწაფე და 3 უმუშევარი. მათი საერთო საოჯახო ბიუჯეტი შეადგენს: 55+55+77=187 ლარს; თუ სიღარიბის პროგრამაში არიან ჩართულნი, მაშინ: 55+55+102=212 ლარს. თვეში. 7 კაცზე.

ახლა გამოცანა: თუ საშუალო მომხმარებლისათვის საქართველოში საარსებო მინიმუმი (იანვარში) განისაზღვრა 109,1 ლარით, მაშინ როგორ განისაზღვრა იგი „6 და მეტი სულისაგან შემდგარი ოჯახებისათვის“ 290,1 ლარით?

ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქიატრი, თსუ პროფესორი:
– დედობა ძნელი საქმეა. ძნელია მშვიდ, ბედნიერ სიტუაციაშიც კი, როცა შენ მხოლოდ საკუთარ ოჯახს უვლი. კრიზისის შემთხვევაში დატვირთვა მრავალჯერ იზრდება.  ამასთან, თუ ქალი ოჯახის მთავარ მარჩენალს წარმოადგენს, პრესინგი მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე საშიშ ხასიათს იძენს. დეპრესიული, ტრავმირებული დედა ხშირად თვითონ ხდება ოჯახში კონფლიქტის წყარო.  ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ვარდებიან ბავშვები და მოზარდები. აქედან იღებს სათავეს მათი პრობლემები: იოლად მოხვედრა ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ,  ძალადობისაკენ მიდრეკილება, მოზარდთა დანაშაულობები...

3.03.2008

 

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze