მხოლოდ ერთად, მხოლოდ სიყვარულით!
ლელა მარგიანი
ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ადამიანთა მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში ძალიან მძიმეა: ისინი საზოგადოებრივად პასიურები არიან, ვერ მონაწილეობენ პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. მიზეზი ბევრია:ეკონომიური სიდუხჭირე, ფიზიკური უმწეობის გრძნობა, საინფორმაციო ვაკუუმი, ინვალიდებისთვის საჭირო ინვენტარის უქონლობა, გადაადგილების სირთულე. ამის გამო მათ შორის ხშირია დეპრესია, მარტოობის მძაფრი განცდა, საკუთარ თავში ჩაკეტვა. ამ მდგომარეობიდან თავდაღწევის ერთ- ერთი საშუალებაა ინვალიდთა ცხოვრებითა და პრობლემებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. ერთი ასეთი ორგანიზაციაა - ¨საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია.
გუშინ, 5 დეკემბერს, ¨საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის¨ ოფისში შეიკრიბა ¨მრგვალი მაგიდა¨ თემაზე ¨განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მასმედია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა საკრებულოდან და პარლამენტიდან მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრისთვის ვერ მოიცალეს...
დისკუსიის დასაწყისში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ამერიკელი ედ რობერტსის შესახებ. იგი იყო პარალიზებული, გადაადგილდებოდა ელექტრო ეტლით, ჰქონდა ხელოვნური ფილტვი და მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, ბევრი რამ შესძლო: დაამთავრა უნივერსიტეტი, ჰქონდა დოქტორის ხარისხი, გახდა ინვალიდთა მსოფლიო ინსტიტუტის დირექტორი, შექმნა ოჯახი, შეეძინა შვილი. იგი ამბობდა, რომ ¨მე პარალიზებული ვარ, მაგრამ შემიძლია კონტროლი გავუწიო ყველაფერს. მე რომ მიყურებენ, სხვა ინვალიდები ამბობენ, თუ მას შეუძლია, რატომ ვერ შევძლებ მე?¨. მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ძლიერია, ¨რომ უნდა იმუშაო სხვებთან და დაეხმარო სხვას¨.
საქართველოს ინვალიდ ქალთა ასოციაციის¨ ხელმძღვანელმა მანანა გალუაშვილმა დისკუსიის დროს აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ინვალიდებთან მიმართებაში ¨ყინული დაიძრა¨. მათ შექმნეს საინფორმაციო მონაცემთა ბანკი, მასმედიის საშუალებით ხდება ინფორმაციული დონის ამაღლება, გამოიცა ბროშურები და წიგნი¨ ინვალიდის საცხოვრებელი გარემო¨, არსებობს ტრენინგების სამსახური, პირველად საქართველოში ჩატარდა ტრენინგები სატელეფონო სელექტორის მეშვეობით მწოლიარე ინვალიდებისთვის.
მიუხედავად ამისა, ინვალიდები საოცარ თვითდისკრიმინაციას განიცდიან - ძალიან იშვიათად თუ ვნახავთ თბილისის ქუჩებში ეტლში მჯდომ ადამიანებს და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინი ჩვენთან არ არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ გამოდიან გარეთ, ჩაკეტილები არია თავიანთ სახლებში. ასეთი პიროვნება რომ გახდეს ხილვადი- გამოვიდეს გარეთ, თავი იგრძნოს ჩვეულებრივ მოქალაქედ, დიდი როლი ამ საქმეში ენიჭება მასმედიას, ინფორმაციის სწორ, მართებულ მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ზაზა გრიგალაშვილმა გაიხსენა თავისი გაოცება, როცა ამერიკაში ყოფნისას ყურადღება მიაქცია ეტლიანი ინვალიდების სიმრავლეს. ¨ამჟამად მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის – ისინი არ არიან საზოგადოებისგან გარიყულები, მათთვის არ არსებობს ქუჩაში გადაადგილების პრობლემა. ამიტომ ჩვენც ნელ-ნელა უნდა გამოვიყვანოთ ინვალიდები საზოგადოებაში. ეს კი უნდა მოხდეს არა სენსაციებით, არამედ მათი ჩვეულებრივი ცხოვრების, ყოველდღიური ამბების გაშუქებით¨-შენიშნა გრიგალაშვილმა.
ქეთევან ქუთათელაძემ-ვაკე- საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, აღნიშნა რომ რაიონში 270-ზე მეტი ინვალიდი ბავშვია, მათ შორის 75% ცერებრალური დამბლით. გამგეობაში მათ ეძლევათ ერთჯერადი დახმარებები. ამავე დროს, მიმდინარე წლის აპრილიდან 16 წლამდე ინვალიდ ბავშვებს და პირველი ჯგუფის უსინათლოებს დაენიშნათ სოციალური დახმარება- თვეში 22 ლარი.¨
ასოციაციის წევრის ნანა გოგოლაშვილის შენიშვნაზე, რომ ხშირად სოციალური თუ სხვა სახის დახმარებები ეძლევათ მათ, ვისაც არ ეკუთვნის, ქუთათელაძის პასუხი იყო, რომ ¨ვაკე-საბურთალოს მოსახლეობა 250ათასია. მათ შორის 5ათასზე მეტი ინვალიდია, ჩვენთან მოდის საბუთები, ჩვენ არა გვაქვს მათი შემოწმების საშუალება, რადგან სოციალურ მუშაკს, რომელსაც 26 ლარი აქვს ხელფასი, ვერ დავავალებთ ადგილზე შემოწმებას. მეტის საშუალება კი სახელმწიფოს ჯერ- ჯერობით არა აქვს¨. იქვე ქუთათელაძემ აღნიშნა, ¨მოსახლეობამ შეიძლება არ იცოდეს, რომ ინვალიდების ყველა მეორადი კომისია არის უფასო¨.
დისკუსიას ასოციაციის წევრებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთია ნათია გოგიაშვილი. მისმა დედამ აღნიშნა, რომ ¨ნათია მშობიარობის ¨მსხვერპლია¨ - მას ოთხივე კიდური აქვს პარალიზებული. მაუხედავად ამისა, დედის დახმარებით დადიოდა სკოლაში, ყველა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, დაამთავრა სკოლა. გადაწყვიტა უმაღლესში სწავლის გაგრძელება. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს განათლების სამინისტრომ ვერ გადაწყვიტა მისი საკითხი. ამიტომ იგი ჩაფრინდა მოსკოვში, თავისი მდგომარეობის გამო- ჩააბარა მხოლოდ ზეპირი გამოცდები და ჩაირიცხა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მან უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა¨. ნათისა დედას მიაჩნია რომ ასეთი ახალგაზრდა ბევრია., მათი დიდი სურვილია არსებობდეს ¨შეხვედრების სახლი¨, სადაც მსგავსი პრობლემების ახალგაზრდებს ექნებათ ერთმანეთის გაცნობის საშუალება, ექნებათ საერთო ინტერესები და იქნებ დაოჯახდნენ კიდეც.
დისკუსიის დროს მანანა გალუაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება მშენებლობის სამინისტროსადმი, რომ არც ერთი შენობა არ უნდა ჩაბარდეს ლიფტისა და ინვალიდების ეტლებისათვის განკუთვნილი პანდუსების გარეშე. იუსტიციის სამინისტრო კი რატომღაც ვერ თუ არ ახერხებს ამ კანონის თავის ბიულეტენში დაბეჭდვას?
ინვალიდ ქალთა ასოციაციის წევრებს აქვთ ერთი თხოვნა საქართველოს საპატრიარქოს მისამართით: ვინაიდან არც ერთ ეკლესიას არა აქვს პანდუსები, ინვალიდებისთვის წარმოუდგენელია ეკლესიაში სიარული, მათ კი ძალიან დიდი სურვილი აქვთ ამისა და იმედია, საპატრიარქო მშენებლებთან ერთად გაითვალისწინებს მათ თხოვნას.
მრგვალი მაგიდა დამთავრდა მისი მონაწილეების შეთანხმებით რეგულარული შეხვედრების შესახებ.
|