Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ისტორია > მედია არქივი > ქალები და არჩევნები


ქალები და არჩევნები

ლელა მარგიანი

გუშინ, სასტუმრო “კოპალაში” გაიმართა ჟურნალისტთა ასოციაცია “გენდერ მედია კავკასიის”, არჩევნების წინ შესრულებული პროექტის “გენდერი და მედია-კომპონენტი”, შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი-ქალბატონები, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და “გენდერულად მგრძნობიარე” ჟურნალისტები.

 

ჟურნალისტთა ასოციაცია “გენდერ მედია კავკასიის” წევრი ჟურნალისტების აზრით, მაშინ, როდესაც საქართველოს ამომრჩეველთა 59 პროცენტს ქალები შეადგენენ, საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ჩანს ქალთა ხედვა. რადგან პარლამენტარ ქალთა 9პროცენტი და 5 მინისტრი ქალი ნამდვილად არ ქმნის ქართულ პოლიტიკაში  “გენდერულ ბალანსს”. ასოციაციის წევრების აზრით, პოლიტიკა არის საზოგადოებისთვის და არა ცალ-ცალკე ქალებისა და მამაკაცებისათვის. ამიტომ, ქალებიც ისევე უნდა იყონ ჩართული ქვეყნის მართვაში, როგორც მამაკაცები. მით უმეტეს, რომ საქართველოში მრავლად არიან განათლებული, ნიჭიერი და პროფესიონალი ქალები.

პროექტი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარდა სამი სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ გენდერულ საკითხებზე მომუშავე თბილისელი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელი ჟურნალისტები, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტებიც. სემინარზე წარმოიშვა ახალი იდეები და განხორციელდა რამდენიმე მინი-პროექტი: გამოიცა წიგნი “ქალი და არჩევნები”, გადაიღეს ათწუთიანი ფილმი არჩევნებში ქალთა მონაწილეობის შესახებ, მომზადდა შვიდი რადიოგადაცემა, გამოიცა ხუთი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელთა ელექტრონული ვერსიებიც ინტერნეტში განთავსდა, ჩატარდა რამდენიმე პრესკონფერენცია არჩევნების წინ- დეპუტატობის კანდიდატ ქალბატონებთან და არჩევნების შემდეგ- უკვე ახალარჩეულ პარლამენტარ ქალბატონებთან, დამზადდა კომპაქტ დისკი პროექტის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიების შესახებ.

ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილი იყვნენ პროექტში მონაწილე ჟურნალისტები.

ციცინო ჯულუხიძე, კრებულის “ქალი და არჩევნები” რედაქტორი, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი:” კრებული საერთო პროექტის ფარგლებში მოიაზრებოდა. მის შექმნაში 16 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ჩვენმა კრებულმა ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, მასში საინტერესოდაა გაშუქებული სამცხე-ჯავახეთში, ქართლსა და კახეთში, გურიასა და რაჭაში, იმერეთში არჩევნების წინა განწყობები, განსაკუთრებით საინტერესოა არაქართველი მოსახლეობის- კერძოდ, მალაკნების დამოკიდებულება არჩევნებისადმი”.

ვასილ გულეული, გორში გამომავალი გაზეთ “ხალხის გაზეთის” რედაქტორი:”ასეთი სემინარები საჭიროა თავად ჟურნალისტებისთვისაც, რადგან ონფორმირებული ჟურნალისტი უფრო კვალიფიციურად დაწერს ამ თემაზე. გენდერული საკითხები ხშირად ასოცირდება მხოლოდ ქალის უფლებებთან, ფემინიზმთან. ეს კი არაა სწორი: გენდერული საკითხები გულისხმობს თანასწორობას და თავის თავში მამაკაცთა უფლებების დაცვასაც მოიაზრებს”.

ნინო სუხიაშვილი, ხაშურში გამომავალი გაზეთ “ცოცხალის” რედაქტორი:” ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა, რადგან მაქსიმალურად იყო მობილიზებული ჟურნალისტები როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. არჩევნებთან დაკავშირებით, გაშუქდა ის რეალობა, რომელიც არსებობს ჩვენს გარშემო, მაგრამ ხშირად ვერ ვამჩნევთ”.

შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტარი ქალბატონები:რომელთაგან ერთ-ერთმა- სალომე სამადაშვილმა წიგნის პრეზენტაციის შემდეგ მალევე დატოვა იქაურობა, ხოლო მეგი გოცირიძე ბოლომდე დარჩა “გენდერულად მგრძნობიარე” ჟურნალისტების გარემოცვაში, მათ ბევრ შეკითხვასაც შეძლებისამებრ უპასუხა და იმასაც დაპირდა, რომ აუცილებლად ითანამშრომლებს მათთან და გახდება”გენდერულად მგრძნობიარე” პარლამენტარი.

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze