კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის
ლელა მარგიანი
გუშინ, სასტუმრო “მერიოტში” გაიმართა “ქალთა სამშვიდობო საბჭოს” და ქსელის “ქალთა ერთობა მშვიდობისათვის” საქმიანობის პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ შეიარაღებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ორიენტირებული პიროვნებები, რომელთაც უკვე ჰქონდათ ასეთი მოღვაწეობის გამოცდილება.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით შემდგარ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. გამომსვლელებმა მოკლე ინფორმაციები გააკეთეს “ქალთა სამშვიდობო საბჭოს” და ქსელის “ქალთა ერთობა მშვიდობისათვის” შესახებ. ითქვა, რომ “2002 წლის ოქტომბერში ქალთა არასმთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სამუშაო ჯგუფის “ქალი და მშვიდობის მშენებლობა” ინიციატივით შეიქმნა “ქალთა სამშვიდობო საბჭო”, რომელმაც თავისი მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარმართა”. ეს მიმართულებებია: გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის საქართველოში ამოქმედების ხელშეწყობა, ქალთა საინფორმაციო სააგენტოს შექმნა, რომელიც “ობიექტურ ინფორმაციას მოიპოვებს და გაავრცელებს თავისი ბიულეტენის საშუალებით ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ”, ქალთა აქტიური ჩართვა “სახალხო დიპლომატიაში” და “დაპირისპირებულ მხარეთა მოლაპარაკების პროცესში დევნილი ქალების გათვალისწინება”.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებმა აღნიშნული საკითხების გარდა ისაუბრეს “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკოორდინაციო საბჭოს” საქმიანობის შესახებ. მათი აზრი საბჭოს საქმიანობის შესახებ რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან: ერთნი საბჭოს საქმიანობას უპირობოდ იწონებდნენ, ცვლილებების არავითარ საჭიროებას არ ხედავდნენ, პირიქითაც, თურმე “ცვალებადობა და ცვლილებები ყოველთვის რაღაც პრობლემებს ქმნის”, ამიტომ “საჭიროა ისევ ძველი ნაცნობი სახეები მუშაობდნენ კონფლიქტის საკითხებზე”. შეხვედრის მონაწილეების საწინააღმდეგო აზრი მანანა მებუკემ გამოხატა, როდესაც აღნიშნა, რომ “ის პიროვნებები 1992 წლიდან მუშაობენ საბჭოს მუშაობაში და არაფერი შეცვლილა. აუცილებელია საბჭოს შემადგენლობის გადახალისება და დევნილი ქალების ჩართვა”.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით საჭიროა “ჟენევის ფორმატით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სამ სამუშაო ჯგუფს დაემატოს ჯგუფი “ქალები სახალხო დიპლომატიისთვის”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალები ორივე მხრიდან და ბოლოს, ქართველ ქალბატონებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, “გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის კონტიგენტში ქალ-პროფესიონალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა”, რადგან როგორც რეგიონული პროექტის კოორდინატორმა ლელა ბაქრაძემ აღნიშნა, “ქალი-პროფესიონალის მონაწილეობა მნიშვნელოვანი მომენტია დაზარალებული ქალებისათვის. ქალისთვის ხომ უფრო ადვილია დახმარებისთვის მამაკაცის ნაცვლად ქალ-პოლიციელს მიმართოს”.
შეხვედრა დასრულდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ორენოვანი რუსულ-ინგლისური რეგიონალური ჟურნალის პრეზენტაციით.
|