Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ისტორია > მედია არქივი > შეხვედრა ქალ-მეწარმეებთან


შეხვედრა ქალ-მეწარმეებთან

ლელა მარგიანი

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში კონსტიტუციისა და შრომითი კანონმდებლობის მიხედვით ქაღალდზე დაცულია ქალებისა და მამაკაცების თანაბარუფლებიანობა. მაგრამ რეალურად, შრომით ბაზარზე ქალი მამაკაცზე უარეს მდგომარეობაშია.

ასეთ “ფარულ” დისკრიმინაციას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ქალი-დედის სოციალური დაცვის არსებული სისტემა (რომელიც დაუცველობა უფროა, ვიდრე-სხვა რამ), სრულიად დაუსაბუთებელი აზრი იმის თაობაზე, რომ ქალს მამაკაცთან შედარებით ნაკლებად რაციონალურად შეუძლია სამუშაო დროის განაწილება(ვფიქრობთ, საქმე პირიქითაა), სტერეოტიპული აზროვნება იმის შესახებ, რომ ქალს მეორეული როლი ეკისრება ოჯახის ეკონომიურ უზრუნველყოფაში?! (და ეს მაშინ, როდესაც ბოლო წლების გამავლობაში სწორედ ქართველი ქალის შრომამ და თავდადებამ გადაარჩინა ქართული ოჯახი!), გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უბრალოდ არ არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის სოციალური უთანასწორობის პრობლემა.

ყველა ამ და კიდევ სხვა მრავალ საკითხზე იყო საუბარი ა.წ. 23 თებერვალს მეტეხი შერატონ პალასში გამართულ მრგვალ მაგიდაზე,  რომელიც მიეძღვნა საკითხს “შრომის ბაზარზე გენდერული თანაფარდობა და მას-მედიის საშუალებათა როლი”.

სემინარის მოწყობის ინიციატორები იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (МОТ) და ჩვენი კოალიციის მედია-ჯგუფის წევრი, ჟურნალისტთა ასოციაცია “გენდერმედიაკავკასიის” ხელმძღვანელი გალინა პეტრიაშვილი.

შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსკოველმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენდერული პროგრამების კოორდინატორი ირინა მელეხი, ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ოლგა ბოგდანოვა, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენელი - ნადეჟდა აჟგიხინა, ასევე ქართული მხარის წარმომადგენლებმა - საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში თავისი მოადგილეებითურთ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ჟურანისტთა ასოციაციის “გენდერმედიაკავკასიის” და ჩვენი კოალიციის მედია-ჯგუფის წევრი ჟურნალისტები.

ჩვენთის განსაკუთრებით საინტერესო იყო, შეხვედრის მონაწილე კიდევ ერთი მხარე- ქართველ მეწარმე ქალთა ასოციაცია, რომელიც წარმოდენილი იყო ბიზნესში წარმატებული რამდენიმე ქალბატონით.

რამენიმე საათიანი შეხვედრის დროს, რომელიც წესისამებრ “კოფე-ბრეიკსა” და სადილსაც ითვალისწინებდა, ჟურნალისტებმა მოვისმინეთ მოსკოველი სტუმრების ზეპირი მოხსენებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობისა და შრომის ბაზარზე დარღვეული გენდერული თანასწორუფლებიანობის შესახებ. სტუმრების შემდეგ საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი ტუღუშმა გაგვაცნო მისი ორგანიზაციის მიერ რუსულიდან თარგმნილი მოსკოვის საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებული მასალები, რომლებიც შრომით ურთიერთობებს ეხება. მოხსენებაში ტუღუშმა ღიმილით აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობა ქალების მიმართ მხოლოდ დაცული კი არა, “გადაჭარბებულიც” კი არის, რადგან მისი სამი მოადგილიდან მხოლოდ ერთია მამაკაცი.

შეხვედრაზე გალინა პეტრიაშვილმა ისაუბრა, თუ რა როლი ეკისრება მას-მედიას გენდერული თანასწორუფლებიანობის დამყარების საქმეში და შესთავაზა დასწრეთ, ჩამოყალიბდეს მეწარმე-ქალთა და გენდერული საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტების “შეხვედრების კლუბი”, როგორც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შრომის ბაზარზე არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ერთობლივი თანამშრომლობისათვის.

დამსწრე მეწარე-ქალებმა სხვათა მსგავსად, მოიწონეს გალინას აზრი, მაგრამ იქვე, მარინა კაციტაძემ, შ.პ.ს. “პროგრესის” გენერალური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მის საწარმოებში ვინ იმუშავებს-ქალი თუ კაცი, მისთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი რომ  მისი მუშაკი იყო კარგი პროფესიონალი. ამდენად, იგი ვერ ხედავს შრომის ბაზარზე გენდერულ უთანასწორობას. ქალბატონ მარინას სხვა ქალი-მეწარმეებიც დაეთანხმნენ.

შეხვედრის დასასრულს, ქალი-მეწარმეების ასოციაციის მიერ, МОТ -ის პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის “ქართველი საქმიანი ქალები” წინასიტყვაობიდან შევიტყვეთ,რომ ”მეწარმე ქალთა ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებს მთავრობასთან ქალ-მეწარმეთა უფლებების დასაცავად”, რომ ასოციაციის წევრებისთვის ცნობილია, რომ საქართველო შეუერთდა საერთაშორისო კონვენციებს, რომელიც აღიარებენ თავისუფალ და თანასწორ შრომას და მიზნად ისახავენ შრომის სფეროში სქესის მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას”, იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჟურანისტებთან ერთად თავად ქალი-მეწარმეებიც შეეცდებიან შრომით ბაზარზე ქალთა უფლებების დაცვას.

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze