Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ისტორია > მედია არქივი >„ლეკვი ლომისა სწორია“...


„ლეკვი ლომისა სწორია“...

ლელა მარგიანი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციამ “გენდერული განვითარების ასოციაციამ” პროექტის “გენდერი და განვითარება” ფარგლებში ჩაატარა შეხვედრა, რომლის თემა იყო “ქალის როლი გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივ დონეზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივები”. შეხვედრის მონაწილე ქალბატონები ხელისუფლების სამ დონეს წარმოადგენდნენ: სამთავრობოს, არასამთავრობოს და ადგილობრივ თვითმმართველობას _ საკრებულოებს.

 

2002 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიღებაში რაიონულ დონეზე მკვეთრად შემცირდა.ამის მიზეზი ადგილობრივი არჩევნების შესახებ ახალი კანონია, რომლის მიხედვით, “ადგილობრივი საკრებულოები რაიონულ დონეზე მხოლოდ ასოცირებული წევრებით, ანუ სოფლის საკრებულოების თავმჯდომარეებით დაკომპლექტდა.” ისინი კი “უმრავლეს შემთხვევაში არიან მამაკაცები”.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეხვედრის ორგანიზატორმა, “გენდერული განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელმა ნანი ჭანიშვილმა აღნიშნა, რომ “ასოციაციამ შექმნა ადგილობრივი საკრებულოების წევრ ქალთა რაიონული და რეგიონალური ქსელები”. ეს ქსელები აძლევთ მათ საშუალებას “შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება, გამოკვეთონ საერთო პრობლემები და შეიმუშაონ საერთო სტრატეგია”. ქსელი საქართველოს ათივე რეგიონშია შექმნილი.

რეგიონებიდან შეხვედრაზე ჩამოსულმა ქალბატონებმა დიდხანს ისაუბრეს თავიანთ რეგიონებში ქალთა მდგომარეობის შესახებ და ქალთა თვალით დანახულ  რეგიონების პრობლემებსა, თუ  პერსპექტივებზე. მათი საუბრებიდან გამოიკვეთა, რომ ყველა რეგიონისთვის საერთოა განათლების და ჯანდაცვის ზოგადი და კონკრეტული საკითხები, სოციალური დაუცველობა-ცხოვრების დაბალი დონე, უმუშევრობა, გაჭირვება. საერთო პრომლემების გარდა თითოეულ რეგიონში არის განსხვავებული ადგილობრივი პრობლემებიც.

მცხეთა-თიანეთის რეგიონის წარმომადგენელმა, დუშეთის საკრებულოს წევრმა თამარ გოგინაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მთის რეგიონის ქალებისთვის არის მცირე და საშუალო ბიზნესის არარსებობა.”ადრე მთაში არსებობდა ყველის, კარაქის ქარხნები, მატყლის გადამამუშავებელი ქარხანა. ეს საშუალებას აძლევდა მოსახლეობას ჰყოლოდა საქონელი, ჩაებარებინა ზედმეტი პროდუქცია. დღეს ყველაფერი მოშლილი და განადგურებულია. მთის ქალს არ ეძლევა საშუალება თავისი შრომით არჩინოს ოჯახი, დასაქმდეს თავის კუთხეში. ამიტომ, მხოლოდ დუშეთის რაიონიდან 4700 ქალია წასული საზღვარგარეთ. არ ხდება ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება: ადრე დუშეთის რაიონის შემოსავლის უმთავრესი წყარო იყო ბაზალეთის ტბა და დაბა ფასანაური. ამჟამად მათი შემოსავლები “მსხვილ გადამხდელებშია” გადატანილი და რაიონში არაფერი აღარ რჩება. მესამე პრობლემა დუშეთისთვის ხე-ტყეა.-წლების მანძილზე ტყეების განადგურებამ წყაროების დაშრობა გამოიწვია, რაც მალე სასმელი წყლის პრობლემას შექმნის რაიონში” - წუხს დუშეთის საკრებულოს წევრი.

მაია ხრიკაძემ წაღვერის საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრობლემაზე და აღნიშნა, რომ “შველა ჭირდება ვარძიას, რომ აუცილებელია ქართული ენის სწავლების მოგვარება, რომ ყურადღება უნდა სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით, მეფუტკრეობას და ხელშეწყობა-ტურიზმს”.

მარიამ დოღონაძემ, ქუთაისის საკრებულოს სოციალური კომისიის წევრმა თქვა, რომ “იმერეთის რეგიონში გახშირდა გულ-სისხლ-ძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევის არარსებობა, რადგან ბევრი ქალი უსახსრობის გამო ექიმს დროულად ვერ მიმართავს, რომ მაღალია პათოლოგიურ მშობიარობათა მაჩვენებელი, რომ ქალების ხმა ძალიან სუსტია ხელისუფლებაში”. იმერეთი ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში და არც ერთი ქალბატონი არაა საკრებულოს თავმჯდომარე”- აღნიშნა ბოლოს დოღონაძემ.

ლეილა კიკნაძემ, შიდა ქართლის კოორდინატორმა შეხვედრაზე ისაუბრა სამაჩაბლოელი ქალების პრობლემებზე და თქვა, რომ “კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ  ქალებს საერთო გაჭირვების გარდა კონფლიქტის მოუგვარებლობაც ემატებათ, რომ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებს ბანკები კრედიტებს არ აძლევენ, რომ მათ შეძლონ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ადგილზე დასაქმება. მთის ზონაში აღარ არსებობს არც ერთი სკოლა-ინტერნატი, ამიტომ ბავშვებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით.” სამაჩაბლოელი დედების თხოვნაა ხელისუფლების მიმართ,  სამი ხეობიდან ერთში მაინც როგორმე აღადგინონ სკოლა-ინტერნატი, მეტი ყურადღება მიაქციონ ჩიყვის პრობლემასაც.

სამთავრობო, არასამთავრობო და საკრებულოების წევრი ქალბატონების შეხვედრის დასასრულს ითქვაბ რომ აუცილებელია ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანა, რაც გულისხმობს ქალებისთვის გარკვეული ქვოტების არსებობას საარჩევნო სიებში და ქალების აქტიურად ჩართვას სამშვიდობო პროცესებში, რადგან “ქალზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი”.

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze