დევნილთა უდიდესი ნაწილი ამჟამად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ათი წლის წინ
ლელა მარგიანი
ამჟამად საქართველოში ვერავის გააკვირვებ იმით, რომ არსებობს მწვავე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. მაგრამ ყველაფერი ფარდობითია და ამის გათვალისწინებით, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. ალბათ, მათ რიცხვს პირველ რიგში მიეკუთვნებიან დევნილები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ¨ქალთა საბჭოს¨ თავმჯდომარე როზა კუხალაშვილი.
– ქალბატონო როზა, თქვენ ბრძანდებით ¨ქალთა საბჭოს¨ თავმჯდომარე. თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
– ქალთა საბჭოები¨ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. მაშინ ისინი იყო მხოლოდ წარმომადგენლობითი ხასიათის. შექმნილი იყო ერთი მიზნით – მსოფლიოს დაენახა, რომ ქალთა უფლებები საბჭოთა კავშირში დაცული იყო. ამჟამად ქალთა საბჭოებს სულ სხვა დატვირთვა აქვს- ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებია. ჩვენი ორგანიზაცია ძველი სახით, 1994 წლამდე არსებობდა დევნილობის პირობებში. თავდაპირველად მხოლოდ ქველმოქმედება იყო ჩვენი პრიორიტეტი. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა დევნილების ის კატეგორიები, ვინც განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებდა. ესენი იყვნენ: მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, დაობლებული ბავშვები. ისინი ახლაც ჩვენი ბენეფიციარები არიან და მათთან თანამშრომლობა არ გაგვიწყვეტია. შემდეგ დადგა დრო, როდესაც ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ ქველმოქმედება არ იყო საკმარისი. ამიტომ, 1995 წლის თებერვალში დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია - ¨აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალთა საბჭო¨, რომელშიც ამჟამად 57 ქალბატონია გაერთიანებული. 1998 წელს ხელახალი რეგისტრაციის დროს ცვლილება შევიტანეთ წესდებაში, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი – ქალების მონაწილეობას კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ჩვენ დავრწმუნდით, რომ პოლიტიკოსები ადრე თუ გვიან მივიდოდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებამდე. ამ პროცესში კი, ქალებს, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.ამას ადასტურებს ისიც, რომ ქალები ვინც ძველაზე მეტი ტკივილი მიიღო , ვინც დაკარგა შვილი, მეუღლე, ახლობელი, თვლიან, რომ აფხაზეთში მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დავბრუნდეთ. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან აფხაზეთის მოსახლეობის 41-44 პროცენტი შერეული ოჯახების შვილები არიან . მათი უმეტესობა კი ქართულ –აფხაზური ოჯახებია.
– თქვენ, როგორც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის და ქალთა სამშვიდობო საბჭოს წევრს რა შეგიძლიათ გვითხრათ აფხაზეთის პრობლემის თაობაზე?
– 2000 წელს შეიქმნა საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია. ჩვენი ორგანიზაცია თავიდანვე გაწევრიანდა მასში და რა თქმა უნდა, ავირჩიეთ მიმართულება ¨ ქალი და მშვიდობისმშენებლობა¨. უნდა ითქვას, რომ ეს სამუშაო ჯგუფი კოალიციაში ყველაზე წარმომადგენლობითია, რადგან ბევრ ქალბატონს მიაჩნია, რომ ¨მშვიდობა¨ არის პრიორიტეტული ჩვენი საზოგადოებისთვის. პირველ ყოვლისა დავიწყეთ ურთიერთობა კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარის ქალბატონებთან. ეს შეხვედრები ტარდებოდა ძირითადად ქალთა სახალხო დიპლომატიის კუთხით – გვქონდა რამდენიმე შეხვედრა გალსა და ცხინვალში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრ ქალბატონებთან. შემდგომი მიმართულებია იყო – ქალთა საინფორმაციო სააგენტოს შექმნა, გამოვიდა ბიულეტენები, ტელევიზიით გავიდა სარეკლამო რგოლი. ყველგან ვაფიქსირებდით, რომ დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
– თქვენი აზრით, რა უშლის ხელს კონფლიქტის მოგვარებას?
– ძალიან ბევრი რამ უშლის ხელს. პირველ ყოვლისა, ის რეჟიმი, რომელიც აფხაზეთში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მაინც ვერ მოხერხდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. იქ ჯერ კიდევ ძველი მიდგომებია – რადგან არის პრეზიდენტი, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, მან თავისი ვადა უნდა ამოწუროს. არ ვიცი, ასეთი მიდგომის საფუძველი აფხაზების ტრადიციულობაშია, თუ სხვა რამეა... ჩემი აზრით, მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას დღემდე არ გააჩნია გეგმა აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. ასე არ შეიძლება – თავისთავად არაფერი არ გადაწყდება. მხოლოდ უცხოური ორგანიზაციების იმედად რამდენ ხანს უნდა ვიყოთ? მათი დახმარებით და ფინანსებით ეწყობა სხვადასხვა დონის შეხვედრები, გაერომ მიიღო რამდენიმე რეზოლუცია აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ ასრულებენ ვალდებულებებს. ამიტომ საჭიროა სხვა მექანიზმების ამოქმედება. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამშვიდობო ფორმატში.
– როგორია დევნილების სოციალური მდგომარეობა?
– მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ დევნილთა უდიდესი ნაწილი ამჟამად გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ეს იყო 93, 94 და 95 წლებში. იმ პერიოდში ადამიანებს ჰქონდათ ძალიან დიდი იმედი, რომ დაბრუნდებოდნენ აფხაზეთში. ამავე დროს, მაშინ მთელი მსოფლიო გვეხმარებოდა და ფაქტიურად, დევნილებს ¨საჭმლის¨ პრობლემა მოხსნილი ჰქონდათ. ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან 14 ლარიანი დახმარების იმედად. ეს თანხა, რა თქმა უნდა, პურის ფულადაც არ ჰყოფნით. დევნილებს ახოლოდ რამდენიმე შეღავათი აქვთ: ეძლევათ მეტროს სამგზავრო ბილეთები 4 –5 კაცზე ერთი და ელექტროენერგიაზე შეღავათი აქვთ მხოლოდ კომპაქტურად ჩასახლებულებს. არც დევნილი მრავალშვილიანი დედები და არც დევნილი პენსიონერები არ სარგებლობენ დედაქალაქის მსგავსი კატეგორიების მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით. არადა ეს ხალხი აქ ცხოვრობს და თუ გვინდა ჰარმონიული საზოგადოების აშენება, ასე არ უნდა ხდებოდეს. ფაქტია, რომ თითქოს ყველას მობეზრდა მათი გაჭირვება: ნათესავსაც, ახლობელსაც. აბა, შეიძლება ათი წლის მანძილზე სულ ვიღაც გეხმარებოდეს?! ამდენად, სრული უიმედობაა. გახშირდა სიკვდილიანობა, ავადმყოფობები, მკვეთრად შემცირდა შობადობა. რაღაც უნდა შეიცვალოს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გარკვეული იმედები გაჩნდა და ძალიან მინდა, რომ ეს იმედებიც არ გაუქარწყლდეთ.
|