„მთიანი რეგიონის ქალები“
ლელა მარგიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია “მთიანი რეგიონის ქალები” დაარსდა 2000 წელს სვანეთში, დაბა მესტიაში. როგორც მათალმთიანი რეგიონი სვანეთიც გამოირჩევა ცხოვრებისა და ურთიერობების მკაცრი სტილით. სვანეთში, ისტორიულ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ “ძალადობა” საკუთარი პრიორიტეტის დამტკიცების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ სტერეოტიპების დასაძლევად შეიქმნა ლიდერი, აქტიური მესტიელი ქალბატონების მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “მთიანი რეგიონების ქალები”.
გვესაუბრება ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსუდან ნაკანი:
– ჩვენ გვხვდა ბედნიერება, რომ დაარსების დღიდან აქტიური მონაწილეობა მიგვეღო ეუთო-ს ქალთა პროგრამაში, როგორც რეგიონალურ ორგანიზაციას. ჩვენს ორგანიზაციაში რამდენიმე ლიდერობის უნარის ქალბატონია, რომელთაც გაიარეს ხუთ დღიანი ტრენინგი. შემდეგ იყო სემინარების სერია და ბოლოს, ჩვენ მივიღეთ სერთიფიკატები და ამჟამად ვართ, ეუთო-ს მიერ მომზადებული კვალიფიცირებული რეგიონალური ტრენერები და საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრები.
– თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ
– ჩვენი ორგანიზაცია,რა თქმა უნდა, ძირითადად ქალთა საკითხებზე მუშაობს. ქალთა პრობლემებზე მუშაობა კი არც ისე ადვილია ჩვენს მაღალმთიან რეგიონში. საერთოდაც ძნელია ჩვენთან, სვანეთში, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობა, რადგან ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერება ჯერ ვერ წვდება ამ ელემენტებს, ვერ აცნობიერებს, რომ მათთვის საჭიროა მსგავსი საკითხების გადაწყვეტა.ფაქტია, რომ საქართველოში გამეფებული საყოველთაო უმუშევრობის ფონზე გაჭირვებული მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს ჰუმანურ, ერთჯერად აქციებს, რომლებიც მხოლოდ “ერთჯერადი ლუკმაა”. ხოლო ჩვენი დახმარება და თანადგომა არის მარადიული, ძალიან მომგებიანი და შესაბამისად, ადამიანების “გადამრჩენი”. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ კუთხით სვანეთში.
– ინტერესი თუ არის ადგილობრივი ქალბატონების მხრიდან?
– ინტერესი ერთობლივი მუშაობის დროს თანდათან ჩნდება. თავიდან ჩვენთან მოსვლა უჭირთ ხოლმე, თორემ შემდეგ წასვლა აღარ უნდათ. როგორც იტყვიან “მოყვანა ძნელია და გაშვება კიდევ უფრო ძნელი”.
ორგანიზაციის არსებობის მანძილზე მაქსიმალურად მოვიცავით მესტიის რაიონი: ჩავატარეთ ტრენინგები სოფლებში.
– რამდენი და რა სახის პროექტები განახორციელეთ არსებობის მანძილზე?
– დასაწყისში მოგახსენეთ, რომ გვქონდა ტრენინგების სერია. ამის შემდეგ ეუთო-მ ჩვენ თვითონ მოგვცა მცირე პროექტების განხორციელების საშუალება. ეს პროექტები ემსახურებოდა ჩვენი ორგანიზაციისთვის რაიონული ქსელის შექმნას - ფაქტიურად მთელი ზემო სვანეთი მოვიცავით. სოფლებში გვყავს კოორდინატორები – 42 ქალბატონი. ფაქტიურად, ჩვენი მინი-პროექტები მოხმარდა ორგანიზაციის დამკვიდრებასა და რაიონული ქსელის შექმნას.
– ბოლოს რა პროექტი განახორციელეთ?
– ჩვენი ბოლო პროექტი ეხებოდა ისეთ პრობლემას, როგორიც არის ტრეფიკინგი. ჩავატარეთ ტრენინგების სერია ამ თემაზე. პროექტი იყო ინფორმაციულ-პრევენციული ხასიათის.
– თუ იცოდნენ რამე ტრეფიკინგის შესახებ სვანმა ქალბატონებმა?
– საქმეც იმაშია, რომ არაფერი არ იცოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ რაიონში არ გვქონია ტრეფიკინგის შემთხვევა, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ასეთი სახის საინფორმაციო-პრევენციული ტრენინგების ჩატარება სოფლებში, რადგან საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, რაიონის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გასულია. რაიონულ მიგრანტთა შორის კი,რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა ჭარბობს. ჩვენი ახალგაზრდობა სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოდის თბილისში, სადაც მათ უჩნდებათ საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა. ტრეფიკინგის საშიშროების წინაშე დგას ნებისმიერი მოქალაქე, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობა.
პროექტმა ძალიან კარგად იმუშავა. მისი განხორციელების დროს ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდობა იყო. ჩვენ მათ გავაცანით ტრეფიკინგთან დაკავშირებული ყველანაირი მასალა, რომლებიც მოგვაწოდა ჩვენი კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ “ქალები მომავლისათვის”. ტრენინგების დროს ტრეფიკინგზე გადაღებული ფილმსაც ვუჩვენებდით.. ტრენინგებს შერეული ჯგუფები-გოგონები და ვაჟები ერთად ესწრებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათთან შერეულ ჯგუფებში ამ თემაზე საუბარი ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო სვანეთისთვის.
– კიდევ რა ღონისძიებები გქონდათ?
– ჩავატარეთ მრგვალი მაგიდა თემაზე, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია სვანეთისთვის. ესაა “ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით”. მართალია, “მოტაცებები” ბოლო ხანს უფრო “იმპროვიზირებულია”, ვიდრე ნამდვილი, მაგრამ გარკვეულწილად ჯერ კიდევ მაინც არსებობს.
შეხვედრისას საინტერესო რამ გამოიკვეთა:ვაჟები ვერ მალავდნენ იმ განწყობას, რომ მოტაცება “კაცური” საქციელია, რომ ღირს სიყვარულისთვის “გაბრძოლება”, და ამიტომ, ყველა გზა მათთვის მისაღებია. თუმცა, შეხვედრის ბოლოს, აზრის გამოთქმისას, ვაჟებმა აღნიშნეს,რომ მოტაცება მხოლოდ მაშინ არის “გამართლებული”, თუ გაქვს იმის გარკვეული გარანტია, რომ “მას” თავს შეაყვარებ.
– ნუთუ ვაჟებს შორის ყველა მომხრე იყო “მოტაცების”?
– მართლაც აღმოჩნდა რამდენიმე ყმაწვილი, ვისაც არ მოსწონს ეს მავნე ჩვეულება. მათ ისიც კი თქვეს, რომ “როგორ შეიძლება ძალით მოყვანილი ქალი პატივს მცემდეს, ან მე ვცე მას პატივიო”.
– როგორი განწყობა ჰქონდათ გოგონებს?
– გოგონებმა ძალიან დაგმეს ეს “ტრადიცია”. დაგმეს იქ ქალთა დამთმობი პოზიციაც, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩნენ იმ ადამინებთან, ვინც არ შეუყვარდათ.
– კმაყოფილი ხართ ჩატარებული სამუშაოთი?
– ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ განხორციელებული პროექტებით. ისინი მრავალმხრივ იყო საინტერესო რაიონის მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათის, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა მათ ცხოვრებაში, როდესაც ისინი მეათე-მეთერთმეტე კლასელი ახალგაზრდები, უფროსებმა თანასწორუფლებიან მხარედ აღიქვეს. ჩვენს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდებში ხომ მოსწავლეების გვერდით მონაწილეობას იღებდნენ მათი პედაგოგები და რაინის განათლების განყოფილების წარმომადგენლები. და მათ უფროსებმა ამ შეხვედრებზე პირველად ჰკითხეს: “რას ფიქრობ, შენ?”
|