პარლამენტს ქალები სჭირდება
დღეს პოლიტიკა უხეში მოუქნელი და მამაკაცურად ტლანქია
ირმა კახურაშვილი
თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქალთა საკითხებზე მომუშავე „ენჯეოების“ კოალიციამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ხელშეწყობით გამართა, თითზე ჩამოსათვლელი მამაკაცები ესწრებოდნენ. ქალთა მონაწილეობის გაძლიერებით დემოკრატიულ პროცესებში დიდად არც პარლამენტარები და პოლიტიკური პარტიები დაინტერესებულან. თუმცა, კონფერენციის მასპინძელთა თამამი განცხადებით, ეს შეხვედრა თვითმართველობის არჩევნებამდე საქართველოს ქალებისთვის გენერალური რეპეტიცია გახლდათ. ისინი პოლიტიკაში მოსვლას და იმ ბარიერების გადალახვას შეეცდებიან, რომელიც მამაკაცთა პოლიტიკური ნებით დაწესდა.
ჯერჯერობით ქალთა პოლიტიკური გააქტიურებაც მნიშვნელოვანწილად არა მხოლოდ ქალებზე, არამედ პოლიტიკოს მამაკაცთა გენდერულ მგრძნობიარებაზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი კი სერიოზული დეფიციტია. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე ორი წელია ქართველი ექსპერტებით დაკომპლექტებული გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭო და კომისია მოქმედებს, „გენდერული ყინულის ლღვობაში“ რადიკალური ცვლილები მაინც არ შეიმჩნევა. ამის მაგალითი თავად ნინო ბურჯანაძეა, რომელიც სქესთა თანასწორობაზე საუბრისას ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება და ხაზგასმით მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ქალს პოლიტიკაში პოზიტიური იმპულსების შეტანა შეუძლია.
ასე იყო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ მასშტაბურ კონფერენციაზეც, რომელიც ქალთა 80-ზე მეტი ორგანიზაცია ხუთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამების პარალელურად ქალთა გაატიურებისთვის კონკრეტული მიზნების დასახვას ცდილობდა. ამჯერადაც, საპატიო სტუმარმა ბურჯანაძემ მამაკაცური თამაშის წესი არჩია და ქალთა ორგანიზაციების მხარდასაჭერ ზოგად ფრაზებს მოულოდნელი განცხადებაც მიამატა: პირადად იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ხელოვნური ქვოტების დაწესებას არ მიესალმება, ისინი პოზიტიური დისკრიმინაციის საგანი არ უნდა გახდესო...
საქმე ისაა, რომ ქალებისთვის დასაწესებული ქვოტების სისტემაზე ქალთა არასამთავრობო სექტორი კარგა ხანია ოცნებობს. მრავალწლიანმა და არა მხოლოდ ქართულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ გარეშე ქალთა პირველი ნაკადი პოლიტიკაში იმ რაოდენობით ვერ ხვდება, რომელიც სამომავლოდ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში გენდერულ ბალანსს ამყარებს. ქვოტების სიტემა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაუქმდა, ქალს კი პოლიტიკაში გზის გაკვალვა ყოველგვარი ლიმიტების გარეშე მოუწია და პრაქტიკულად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. უკანასკნელად პარლამენტმა ქვოტირების საკითხი 2003 წელს განიხილა, მაგრამ კენჭისყრის დროს მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. საკითხი სამმა ხმამ გადაწყვიტა.
საინტერესოა, რომ ევროპის იმ ქვეყნებმა (შვეცია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვ.), რომელთა გამოცდილებასაც ქართველი კანონშემქმნელები ხშირად იზიარებენ, თავის დროზე ქვოტების შემოღებით ნახტომი გააკეთეს გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის.
დღეს საკანომდებლო და თვითმართველობის ორგანოებში ქალთა რაოდენობრივი სიმცირეს არსებული საარჩევნო კანონიც განაპირობებს. გენდერული თემატიკა ნაკლებად პოპულარულია პარტიებშიც, სადაც ხშირად ქალთა პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი ცალკეულ ერთეულადაა ჩამოყალიბებული, მისი საქმინობა კი უფრო საქველმოქმედო ხასიათისაა, ვიდრე პოლიტიკური. ამდენად, ქალთა არასამთავორობო ორგანიზაციები დიდ იმედს ამყარებდნენ ქვოტებზე, როგორც დროებით ზომაზე და მოუთმენლად ელოდნენ ნინო ბურჯანაძის პოზიციის დაფიქსირებას. მისმა განაცხადებამ კი კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა საგონებელში ჩააგდო.
ქალი ქვოტის გარეშე უმზითვო პატარძალივითაა
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კომისიის წევრი მაია კუპრავა-შერვაშიძე მიიჩნევს, რომ ქალთა დაბალი პოლიტაქტივობა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ეჭვის ქვეშ აყენებს. არადა, საქართველოს მოსახლეობის 53%-ს ქალები წარმოადგენენ, უმაღლესი განათლების მაჩვენებლის 52%-ც ქალებზე მოდის. კომისიის მიერ პოლიტიკური პარტიის გენდერული მონიტორინგის დროს გამოიკვეთა, რომ იერარქიულ კიბეზე ქალის დაწინაურების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არადემოკრატიულად მოწყობილი პარტიის შიდასტრუქტურაა. პარტიების უმრავლესობა დარეგისტრირების გენდერულ ბალანს აფიქსირებს, თუმცა ეს ქალბატონები მეტად არ წინაურდებიან. რაც უფრო გავლენიანია პარტია, მით უფრო ნაკლებია მათ სიებში ქალთა წარმომადგენლობა. „როცა პარტიებში ვეკითხებით გენდერული მიმართულებით რას აკეთებენ, სწყინთ და ქალთა სექციებზე მიგვითითებენ. ისინი მხოლოდ სოციალურ და არა პოლიტიკურ საკითხებზე არიან ორიენტირებულნიო.“
მაია კუპრავა-შერვაშიძე: „გენდერულ თანასწორებაზე საუბრისას საჭიროა ქალთა დაწინაურების ხელშეწყობა. ეს კი დროებითი შიდაპარტიული ქვოტებოა. მათ გარეშე ამდენი წელია ვერაფერს ვაღწევთ. რამდენადაც თვითმართველობის არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი და კანონში რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია, ეს პრობლემა სახელმწიფომ ბრძანებულების სახით მაინც უნდა მოაგვაროს ისე, როგორც ეს ყირგიზეთში მოხდა.“
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ახალმა კანონმა თვითმართველობის შესახებ ქალთა საქმე უკან დახია. კოალიციის წარმომადგენელ თამარ ბაგრატიას თქმით, გაუქმდა სოფლისა და თემის დონე, სადაც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ქალები. ამდენად, ქალებს პარლამენტში კი არა, საკრებულოში მოხვედრაც კი გაუჭირდებათ.
ნინო ციხისთავი, კავკასიის ქალთა ქსელი: „თანაბარი შესაძლებლობების მისაღწევად გამაძლიერებლი ღონისძიებები სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ეს უნდა იყოს კანონმდებლობა, რომელიც შიდაპარტიული ქალთა ქვოტებს დაარეგულირებს. ჯერჯერობით ეს ერთადერთი გამოსავალია. როგორც კი პოლიტპარტიების ლიდერები ქალთა ქვოტირებას გააცნობიერებენ, სიატუაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც შეიცვლება.“
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ნადარაია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიას დარეგისტრირების უფლებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ მის ყველა ათეულში გენდერული ბალანსი არ იქნება დაცული. ასეთ პარტიას არც არცევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს.
ლიკა ნადარაია: „შიდაკვოტების გარეშე პოლიტიკურ პარტიებში ქალი არის იგივე სტატუსით, როგორც ოჯახში უმზითვო დ უპატრონო ქალი, რომელიც მარტო სამზარეულოშია მიჭიპჭიპებული. თუ სახელმწიფო ქალს პარტიაში არ უპატრონებს, მისი ადგილი სამუდამ ოჯახში დარჩება. აუცილებელია მინიმუმ 30%-ან ბალანსის დაცვა. ეს არის ის კრიტიკული ზღვარია, რომელიც ქალთა წარმომადგენლეობის გაზრდის საშუალებას ცოტათი მაინც მოგვცემს“.
ექსპერტი გენდერულ საკითხებში თამარ აბრამიშვილი აცხადებს, რომ ცნება „ქვოტა“ ბევრისთვის კომუნისტურ წარსულთან ასოცირდება და უკურეაქციას იწვევს. მისი თქმით, გენდერული თანასწორების დამკვიდრება პანაცეა და ქალთა ახირება კი არა, აუცილებლობაა, რომლის გარეშე არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია სრულყოფილ წევრად არ გვაღიარებს.
თამარ აბრამიშვილი: „ათ წელზე მეტია ქალთა ორგანიზაციები ვამბობთ, რომ ქვოტები დროებითი ზომაა, რომ ქალი და კაცი გადაწყვეტილების დონეზე ერთ საფეხურზე უნდა იდგეს. ქალებს ხელისუფლების ბერკეტებთან ახლოს ყოფნა სჭირდებათ... არასმტავრობო სექტორს ამ პრობლემებზე მხოლოდ საუბარი ძალუძს, მაგრამ მისი მოგვარება სახელმწიფოს ვალია. ამ საკითხის მიმართ მგრძნობიარე სახელმწიფო უნდა იყოს. ის გარედან კი არ უნდა ელოდეს შემოთავაზებებს, არამედ თავად უნდა იყოს მოტივირებული.“
თუმცა ჯერჯერობით სახეზე მხოლოდ სახელმწიფოს ინერტულობაა. ამასვე მოწმობს ის, რომ კონფერენციაზე, რომელსაც ადგილობრივი ენჯეობის გარდა უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა, გაჟღერებული პრობლემებით მხოლოდ „რესპუბლიკელები“ დაინტერესდნენ.
ქალები – პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლი
ყველაზე მაღალრეიტინგული ექვსი პარტიის (ნაციონალური, რესპუბლიკური, მემარჯვენეების, მრეწველებისა და ლეიბორისტულის) გამოკვლევისას დადგინდა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა 1%, საკანონმდებლოში – 9%, ადგილობრივ თვითმართველობაში – 11%, პოლიტიკურ პარტიებში კი – 30%. პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი პარტიიდან სამს ქალი დეპუტატი არ ჰყავს. პარტიების სათავეში როგორც წესი მამაკაცები არიან. პროცენტულად კი ქალების ყველაზე ნაკლები წარმომადგენლობა ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს – 117 დეპუტატიდამ მხოლოდ 17 ქალია.
ქვოტებთან დაკავშირებით „ახალ ვერსისთან“ საუბრისას „რესპუბლიკელთა“ თავმჯდომარემ საკუთარი პოზიცია ცალსახად დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ არც ერთ კანონში არ წერია რომელიმე სქესი განსაკუთრებული პრივილეგიების შესახებ და თუ თანამედროვე ქალს პოლიტიკაში წისვლისთვის რაიმე საკანონმდებლო ბარიერი უშლის, ის უნდა მოიხსნას.
დავით უსუფაშვილი: „ქალებმა პარტიებში არა მხოლოდ გენდერულ საკითხებზე უნდა იმუშავონ. ისინი პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად უნდა ჩაერთნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ქვოტებით, ანუ ხელოვნური გზით არ დაიძლევა. ქალი თავად უნდა გააქტიურდეს, უნდა მოინდომოს ამ პროცესებში ჩაბმა. ჩვენს პარტიაში ბოლო თვეების განმავლობაში ქალთა წარმომადგენლობა 10%-ით გაიზარდა და 35%-მდე ავიდა, მაგრამ გენდერული ბალანსის დაცვა, განსაკუთრებით რეგიონებში, ისევ ძალიან გვიჭირს. ჩვენ პოლიტიკურ წარმატებაში დაინტერესებული ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხმებზე მეტად ქალები გვჭირდება. პირადად, სურვილი მაქვს, რომ პარტიის წევრთა ნახევარი მაინც ქალი იყოს.“
ქალთა ლიდერობისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკოსების მიუხედავად, ასოციაცია „გენდერმედიაკავკასის“ ხელმძღვანელი გალინა პეტრიაშვილი თვლის, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მოსახვედრად მამაკაცებთან შედარებით ქალს ათჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება და თუ ის მსხვილი ბიზნესმენის ცოლი არ არის, არჩევნებში გამარჯვების შანსები უმცირდება.
გალინა პეტრიაშვილი: „მამაკაცებმა საკმარისად იხელმძღვანელეს, იქნებ ახლა გზა ჩვენც დაგვითმონ?! მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში 50%-ია პარლამენტი უფრო ჰუმანური ხდება. თანაც, ამ საუკუნეში მცხოვრები ქალი სახლში მშვიდად ვერ დაჯდება. მისი შემოსავალი ოჯახს სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა აგრესიული სფეროა. ის დამოკიდებულია ბიზნესზე, უკანონო კაპიტალდაბანდებაზე. აქ შეიძლება სახელი გაგიტეხონ და ფიზიკურად გაგწირონ.
გარდა ამისა, პოლიტიკაში მოსასვლელად ქალებს საკუთარი ძალების ნაკლებად სჯერათ.“
თუმცა ხშირად საქმეს არც საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულობა შველის. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საკრებულოს ასოციაციის თავმჯდომარე ნინო სოხაძის თქმით, წინასაარჩევნო მარათონში ჩასაბმელად ქალს სოლიდური თანხა, ქვოტა და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.
ნინო სოხაძე: „მინდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლა მაფერხებს. რაიონის გამგებელი პირდაპირ მთხოვს, რომ ამაზე უარი განვაცხადო, თორემ ჩემს ოჯახს ქუჩაში, უსახლკაროდ დატოვებს. ის ყველანაირად ცდილობს მომედავოს სამომსახურეო ბინაზე, ემუქრება ჩემს მეუღლესაც, რომელიც პოლიციაში მუშაობს. ჩემი კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ. მეტიც, ახლახან ეუთო-მ დაგვიიფინანსა რეგიონალური პროექტი, რომლის მიხედვითაც არჩევნებისთვის სხვა ქალი კანდიდატებიც უნდა მოვამზადოთ, თუმცა მუქარების ფონზე ამის გაკეთება ძალიან რთულია“.
და ბოლოს
ბურჯანაძის გამოსვლის შემდეგ კონფერენციაზე ქვოტების სხვა წამახალისებელი მექანიზმებით ჩანაცვლების იდეამაც გაიელვა. მაგალითად, ქალთა საკითხებში ექსპერტ ჩარიტაჯაშმა განაცხადა, რომ ქართველებს ავსტრიული ამ ფრანგული მოდელის გამოყენება შეგვიძლია, როცა პარტიაში ქალთა რაოდენობრივი მატება სახელმწიფოსგან ფინანსურად არის წახალისებული
ქალთა კონფერენციამ არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ ქალებს გამოცდილების გაზიარების პრივატული საშუალება მიეცათ, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. სექციებად დაყოფილმა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენელებმა ორი დღის განმავლობაში ნაყოფიერად იმსჯელეს ქალის როლზე კონფლიქტების მოგვარებასა და უსაფრთხოებაში, ქსელური მუშაობისა და ერთიანი პლატფორმის ეფექტურ გარემოზე. პარლამენტარ გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ კონფერენციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ენახა რამდენად ძლიერია ქალთა მოძრაობა და როგორი წვლილის შეტანა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს გენდერულ საკითხებში მრჩეველ თიინა ილსენმა კი იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა, რომელიც ევროპული ინტეგრაციისკენ მიილტვის, მოსახლეობის ყველაზე ლამაზი და განათლებული ნაწილის – ქალების აზრს აუცილებლად გაიზიარებს, მსგავსი კონფერენცია კი ყოველწლიური ფორუმის სახეს მიიღებს.
|