Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > არჩევნები 2008 > კოალიციის აქციები

 

 

„მეტი ქალი პოლიტიკაში –
მხარი დავუჭიროთ ქალ-კანდიდატებს!“

პრეს-კონფერენცია

2 მაისი, 2008 წელი


პარლამენტში შეგვაქვს გენდერული თანასწორობა.
ამ პაპკებში 32 ათასი ადამიანის ნებაა,
რომელთაც სურთ,რომ ნახევარი
დეპუტატების ადგილი დაიკავონ ქალებმა.

2008 წლის 2 მაისს 13.00 საათზე თბილისში, სასტუმრო „მერიოტში“ საქართველოს ქალთა კოალიციამ მოაწყო შეხვედრა. იგი მიეძღვნა ქალთა კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივას – საქართველოს ორგანულ კანონში, პოლიტიკური გაერთიანებების და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა კოალიციის წევრები, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები, ჟურნალისტები, აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქალთა კოალიციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის თაობაზე ხელმოწერების შეგროვებაში.

შეგროვდა 32 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომელიც შესაბამისი წესით გადაეცა საქართველოს პარლამენტს. საპარლამენტო რეგლამენტით, ქალთა კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა და მსჯელობა ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ დროებით მექანიზმებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა.

შეხვედრის მონაწილეებმა: თამარ აბრამიშვილმა, ჩარიტა ჯაშმა, როზა კუხალაშვილმა, მანანა მებუკემ, ქეთევან დადუნაშვილმა, გურამ კუპატაძემ, დეპუტატობის კანდიდატმა ლია მუხაშავრიამ, მრეწველთა პარტიის წევრმა ციცო ბაკურაძემ, ქალთა პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ნინო კალანდარიშვილმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც ქალ-კანდიდატებს, განსაკუთრებით, მაჟორიტარებს, ექმნებათ საპარლამენტო არჩევნების დროს, ვინაიდან ამ კამპანიაში ერთვება დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსი, რომელზედაც ქალებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ასეთ დროს სოლიდარობა და ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, რაც ამჯერად ქალთა კოალიციამ განახორციელა თავისი მედია-კამპანიით, აქციებითა და ხელმოწერების შეგროვებით, ძალზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

– 1999 წლიდან ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით რამდენჯერმე იყო მცდელობა გენდერული თანასწორობის პრობლემის წინ წამოწევისა პარლამენტში, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თავად გაგვეწია შრომა და ხელმოწერების შეგროვებით ერთგვარი პასუხიც გაგვეცა ოპონენტებისათვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. ეს შრომა და მისი შედეგი არის სწორედ დასტური იმისა, რომ საზოგადოება აქტიურ ყურადღებას უთმობს გენდერულ ბალანსს, – აღნიშნა თამარ აბრამიშვილმა

ჩარიტა ჯაში:
– ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ თემაზე, მრავალი ცდა იყო, თუმცა ჩვენი ყველა ინიციატივა ჩავარდა, მაგრამ ახლა საუბარია არა ხელმოწერების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, როგორ უდგება საზოგადოება ამ საკითხს. დადგა დრო მოქმედებისა. ეს იყო ნამდვილად საუკეთესო პრეცენდენტი. ყველა წყაროში მოვიძიე, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მსგავსი ვერაფერი ვიპოვე.

როზა კუხალაშვილი:
- დღევანდელი საპარლამენტო სიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი აქცია საჭირო იყო. ბევრი პარტიის პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ არის, მაჟორიტარებს რაც შეეხება, ზოგ პარტიას ისინი საერთოდ არ წამოუყენებია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალი არჩევნების ჩატარებაზე, კანონიც, იმედია, იმ დროისათვის მიღებული იქნება.

შეხვედრა ჩატარდა „საქართველოს ქალთა კოალიციის“ მიერ ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართული მედია-კამპანიის ფარგლებში.

ციცინო ჯულუხიძე
ფოტო GMC

 


 

„მეტი ქალი ახალ პარლამენტში –
მხარი დავუჭიროთ ქალ-კანდიდატებს!“

საქართველოს ქალთა კოალიციის აქცია

1 მაისი, 2008 წელი

„საქართველოს ქალთა კოალიციის“ მიერ ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართული მედია-კამპანიის ფარგლებში 2008 წლის 1 მაისს 14.00 საათზე თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – I საჯარო სკოლის წინ, მოეწყო საჯარო აქცია საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად. აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სოციალური სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

„ჩვენი აქციის მიზანია ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობით მხარს ვუჭერთ სამართლიანობას, დემოკრატიასა და კეთილდღეობას, ამომრჩეველს კი მოვუწოდოთ, ხმა მისცენ ქალ-კანდიდატებს განურჩევლად მათი პარტიულობისა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 53% ქალია, საქართველოს პარლამენტში კი მათი წილი მხოლოდ 9%-ია,“ – განაცხადა კოალიციის წევრმა ქეთევან დადუნაშვილმა.

აქციის მონაწილეებს დაურიგდათ საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ბუკლეტები, ბავშვებს – ბუშტები კოალიციის ლოგოთი.

მსურველებმა გადაიღეს უფასო ფოტო მომავალი (ნაწნავებიანი) პარლამენტარის როლში.

 


 

მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღები: იყავი აქტიური!

აქცია, 7 მარტი, 2008ჟურნალ „კავკასიას“ სპეციალური გამოშვება

ქართველი ქალები წინააღმდეგობაში არიან ჩავარდნილნი: ერთის მხრივ, ისინი იძულებულნი არიან ეკონომიურად და სოციალურად აქტიურები იყვნენ, რათა საკუთარი ოჯახები შეინახონ, მეორეს მხრივ - მათ არ გააჩნიათ საკუთარი წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რათა მათი ინტერესები დაიცვან.

საქართველოში ამ საკითხზე შეშფოთება 1995 წელს პეკინში გამართული მსოფლიოს ქალთა კონფერენციის შემდეგ გახდა აქტუალური. 2001 წელს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა პოლიტიკურ ფორუმზე შეიკრიბნენ, რომელზეც პირველად გაჟღერდა ქალთა კონსოლიდირებული აზრი იმის შესახებ, რომ მართვის სფერო არ უნდა იყოს მხოლოდ მამაკაცური. შემდგომი წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორმა გაააქტიურა ეს პრობლემა და შეეცადა ის განხილვის საგნად ექცია.

ოთხი წლის წინ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ცხრა ორგანიზაცია გაერთიანდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა გენდერული თანასწორობის ეროვნული კონცეფცია. ჯგუფმა ამ საკითხზე სამუშაოდ მოიზიდა სხვა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები და ქსელები, საერთაშორისო ექსპერტები, სპეციალისტები სახელმწიფოს მხრიდან. გენდერული თანასწორობის კონცეფცია საქარველოს პარლამნეტის მიერ 2006 წელს იქნა მიღებული და ჩვენს ქვეყანაში ამ სახის პირველი ეროვნული დოკუმენტი გახდა.

იმისთვის, რომ ის პრაქტიკაში განხორციელებულიყო, საჭირო გახდა გენდერული თანასწორობის მიღწევის ეროვნული სამუშაო გეგმა. ამისათვის შეიქმნა სამთავრობო კომისია გენდერული თანასწორობის საკითხებში, რომელშიც შევიდნენ საკვანძო პირები მინისტრთა მოადგილეების დონეზე და ოთხი დამოუკიდებელი ექსპერტი - საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები. ორივე დოკუმენტის შემუშავებასა და წინ წამოწევაში აქტიური როლი შეასრულა იმ დროს უკვე არსებულმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუციამ - პარლამენტის სპიკერთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ გენდერული თანასწორობის საკითხებში. 2007 წელს პარლამენტმა დაამტკიცა გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში ეროვნული სამუშაო გეგმა 2007-2009 წლებისათვის.

ეს დოკუმენტები - მხოლოდ ბაზისია, რომელიც ყველა დონეზე და სხვადასხვა ასპექტში უნდა განვითარდეს. ერთ-ერთი მათგანი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია.

ამისათვის საჭიროა:

  • საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა.
  • ქალთა ელექტორატის თავისუფალი და აქტიური საარჩევნო ქცევის უზრუნველყოფა.
  • ქალი-კანდიდატების გააქტიურება, მათი მოტივაციის ამაღლება და მათი პოლიტიკური ჩვევების განმტკიცება.
  • შიდაპარტიული დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა.

მთელი მსოფლიოს ქალთა სოლიდარობის დღესასწაულის წინ საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოლეგებს არასამთავრობო სექტორიდან და ყველა ინსტიტუტის წარმომადგენლებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე.

მეტი ქალი გადაწყვეტილებების მიღებაში:

იყავი აქტიური!

ტექსტი, ფოტო: „გენდერმედიაკავკასია“

ფოტორეპორტაჟი

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze