თვითმმართველობის არჩევნები და კოალიციის პარალელური კამპანია
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #5)
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #4) – სპეციალური გამოშვება (დაზუსტებული)
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #4)
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #3)
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #2)
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #1)

ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარალელური კამპანიის გაშუქებაში. კონკურსის შედეგები მედია-ჯგუფმა გამოაცხადა კოალიციის სემინარზე, რომელიც გაიმართა 11 დეკემბერს სასტუმროში „მეტეხი შერატონი“. პირველი სამი პრემიით დაჯილდოვდა 8 ჟურნალისტი, ყველა დანარჩენ მონაწილეს კი წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.
კონკურსის გამარჯვებულები:
პირველი ადგილი :
სოფო ქვლივიძე (გაზეთი „რეზონანსი“)
მეორე ადგილი :
ირმა კახურაშვილი (გაზეთი „ახალი ვერსია“)
ნინო მოდებაძე (web GINSC)
ლალი ნიკოლავა (web პანკისი ინფო)
მესამე ადგილი :
მზია სიხარულიძე (გაზეთი „გურია ნიუს“)
პაულინა მალაზონია („სამხრეთის კარიბჭე“)
ლატავრა ჯიაძე („ახალი ბოლნისი“)
თინათინ მოსიაშვილი („ახალი ვერსია“)
ქალები პოლიტიკაში და ქალური პოლიტიკა
მანდილოსნები ჯერჯერობით მშვიდობის მტრედებად რჩებიან
ირმა კახურაშვილი
(გაზეთი „ახალი ვერსია“, 2006 წლის 2-3 ოქტომბერი)
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური გამოცდილება ადასტურებს – ქალთა მონაწილეობის გაზრდის პოლიტიკაში პარტიებს საზოგადოებასთან კავშირების გამყარებაში და ელექტორატის მოპოვებაში ეხმარება, საქართველოს მიდგომა ამ საკითხისადმი სხვაგვარია. ჩვენს პარლამენტში მხოლოდ 9%-ია ქალი, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი – 11%, კიდევ უფრო ნაკლები აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ პოზიციებზე.
არის თუ არა თვითმართველობის არჩევნები ერთგვარი შანსი იმ ქალებისთვის, რომლებსაც პოლიტიკაში გზის გაკაფვა სურთ და რა უშლის ხელს ამაში?
საქართველოს პარტიების უკანასკნელი გენდერული მონიტორინგის მიხედვით, პარტიების უმრავლესობაში ქალები 30%-საც კი არ შეადგენენ. თუმცა ეს ახალი ამბავი როდია: 1998 წელს ჩატარებული არჩევნებით საკრებულოს წევრთა შორის ქალებმა მხოლოდ 14% შეადგინეს, 2002 წელს სიტუაცია უფრო დამძიმდა – პირველი დონის თვითმართველობის ორგანოებში ქალები 11,9% იყვნენ. დღეს თბილისში მაჟორიტარულ 130 დეპუტატიდან მხოლოდ 28 ქალია. ნაკლებად წყალობენ ქალებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, რომელიც მამაკაცებით არის დაკომპლექტებული.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურების ხარჯზე ქალთა პოლიტიკაში მოსვლის თემამ მთავრობამდეც მიაღწია. აქ კი გადაწყდა, რომ ეფექტური თვითმართველობა შეუძლებელია მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებით იყოს დაკომპლექტებული. აქსიომა მარტივია: საზოგადოება, რომლის ინტერესებზე ზრუნვა პოლიტიკოსთა ვალია, ორი სქესისგან შედგება. ეს კარგა ხანია გაითავისა ცივილიზებულმა დასავლეთმა, სადაც გენდერული ბალნსის თემამ კარგა ხანია უკანა პლანზე გადაინაცვლა და მხოლოდ დსთ-ის ქვეყნების პრობლემად დარჩა.
ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათ თანამემამულე სუსტ სქესს ქვეყანაში უამრავი რამის შეცვლა შეუძლია, მაგრამ იმისათვის, რომ ქალი პოლიტიკაში მოვიდეს, ის პოლიტიკურ მზადყოფნაშიც უნდა იყოს. ეს კი ქართველი ქალბატონებისთვის რთული ამოცანაა. ექსპერტების განცხადებით, გარდა იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება მენტალურად ქალის განსხვავებულ როლსაა ჩვეული, არსებობს სხვა დაბრკოლებაც. მაგალითად, შიდა პარტიული მოწყობა, ქალთა წინ წამოწევის სტრატეგიის უქონლობა და პარტიის კანდიდატების საარჩევნო სიის შედგენის გაუმჭვირვალობა. ამას ემატება ის ბუნდოვანი მიზნები, რომლებსაც ქალები წინასაარჩევნოდ ისახავენ. მათ სურთ შეცვალონ არსებული მდგომარეობა, მაგრამ როგორ, ზოგჯერ თავადაც არ იციან (და ამით მამაკაცი კანდიდატებისგან დიდად არ გამოირჩევიან!).
მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა ქალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტიულმა საქმიანობამ ის დეპრესიიდან იხსნა, რომელშიც უმუშევრობის ჟამს ვარდებოდა. იმავე პარტიის კანდიდატმა, მწერალმა მზია ხეთაგურმა კი განაცხადა, რომ აღარ სურს ვიღაცას ხელებში ყურება, რადგან თავმოყვარე ადამიანია: „სოციალური განხეთქილების გამო ღარიბებსა და მდიდრებს შორის უფსკრული ღრმავდება და რომელ მწერლობაზეა საუბარი, როცა საქმე მშიერ ადამიანს ეხება.“ დამეთანხმებით, სოციალური ქვეტექსტის მქონე ემოციური გამოთქმების მიუხედავად, ეს განაცხადი შორს არის სერიოზული პოლიტიკისგან.
„ახალი ვერსია“ გააოცა „ნაციონალების“ პარტიული სიით წარდგენილმა, თვით პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წაყენებულმა კანდიდატურამ – სოფო გიორგაძემ. ჩვენს კითხვაზე, რის შეცვლას ფიქრობს თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ასეთი პასუხი მივიღეთ: „არ მინდა ინტერვიუ მოგცეთ. ჩვენ გვყავს პრესსამსახური, რომელიც ზრუნავს ჩვენს პრესაზე“. რა იგულისხმა ქალბატონმა სოფომ ამ „წინასაარჩევნო განცხადებაში“, ძალზე რთული სათქმელია. თუმცა იოლი წარმოსადგენია რა ელის ამომრჩეველს, რომელიც ასეთ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
ის, რომ პარტიებს პოლიტიკურად მგრძნობიარე ქალთა საკმაოდ სუსტი გუნდი ჰყავს, სასტუმრო „თორში“ ქალთა კოალიციის ერთ-ერთი ჯგუფის („ქალი და პოლიტიკის“) მიერ ორგანიზებული შეხვედრამაც დაადასტურა. ქალ კანდიდატთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ის მშვიდობის დესპანია, რომ ქვეყანა სიყვარულით უნდა აშენოს და ქართული პოლიტიკა კი უფრო ესთეტიკური გახადოს...
თუმცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების ქალებთან გასაუბრებისას ისიც გამოიკვეთა, რომ დღეს მათი პარტიის ლიდერები სუსტი სქესის გააქტიურებას მეტ ყურადრებას აქცევენ. მაგალითად, საგრძნობლად გაიზარდა ქალთა რაოდენობა რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მიაღწევენ თუ არა ისინი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებამდეს, უცნობია.
საინტერესოა, რომ შეიცვალა ქალთა ზოგადი შემართებაც. თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები უკვე თამამად აცხადებენ, რომ მამაკაცებზე არანაკლებ ენერგიული და პრინციპულნი არიან. როგორც ჩანს, კოალიციის მოწადინებამ და ქალ-კანდიდატებთან აგვისტო-სექტემბერში წინასაარჩევნო მუშაობამ, მცირედი შედეგი მაინც გამოიღო.
გენდერექსპერტი თამარ აბრამიშვილი დარწმუნებულია, რომ ქალი თავის ღირებულებებს მოიტანს პოლიტიკაში, რის გამოც ის უფრი ქმედითი გახდება. მისი აზრით, პოლიტიკაში დაცული გენდერული ბალანსი დემოკრატიის ნამდვილი ინდიკატორია. ასეთი ბალანსით საქართველოში ერთი-ორი პარტია თუ დაიტრაბახებს, მათ შორის „საქართველოს გზა“, რომლის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „ბევრ ხალხს ვხვდები და მსიამოვნებს, როცა ქალები პოლიტიკით ინტერესდებიან. ჩვენს საარჩევნო სიაში ქალთა 46%-ია, თბილისის სიებში კი 50%-ზე მეტი ქალი გვეყოლებოდა, ერთი მათგანი რომ არ წასულიყო. ამ მხრივ პროპორცია დაცული გვაქვს. ვფიქრობ, რომ აქტიურ ქალს ქართული პოლიტიკის შეცვლა შეუძლია. ამიტომ უკეთესია, თუ თვითმართველობაში, საკრებულოში და შემდეგ პარლამენტშიც ბევრი ქალი გვეყოლება“.
სხვათა შორის, ამასვე მოითხოვს ევროპასთან დაახლოების პოლიტიკა. საქართველოს ხშირი სტუმრები, ევროპელი ექსპერტები მკაცრად ითხოვენ ქალთა და მამაკაცთა პროპორციულ მონაწილეობას ყველა საზოგადოებრივ სფეროში, მით უფრო პოლიტიკაში.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრი მაია კუპრავა-შერვაშიძე აღიარებს, რომ განსაკუთრებული განწყობით უჭერს მხარს პარტიებს, სადაც კანდიდატებად ქალები არიან წარდგენილნი. მისი თქმით, ქალთა გააქტიურების მხრივ პირველი ნაბიჯები გადადგმულია და „გზადაგზა“ სხვა პრობლემებიც მოგვარდება. მთავარია, ქალს პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმის საშუალება მიეცეს: „ახალი წინასაარჩევნო კოდექსით ქალებს უჭირთ ხელისუფლებაში მოსვლა. 2 წლის განმავლობაში თვითმართველობამ ვერ შეძლო აემუშავებინა თავისი კანონიერი უფლება-მოვალეობა. გვინდა, რომ ეს ქალებმა გააკეთოთ. მართალია დღეს საუბარი მხოლოდ ქალთა მონაწილეობის გაძლიერებაზეა, მაგრამ ეს დიდი რესურსია და ქვეყანას, რომელიც განვითარების გზაზეა, მისი არგამოყენება დანაშაულად ჩაეთვლება.“
ჯერჯერობით სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი ქალი კანდიდატები ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ და დღეს, 1 ოქტომბერს 9 აპრილის სახელობის ბაღში საკუთარ პოპულარიზაციაზე მიმართულ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობენ. მისცემს თუ არა მათ ხმას ამომრჩეველი, მომავალი გვიჩვენებს. მომავალი კი საქართველოში, მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო დაპირებებივით, უპროგნოზოა.

ძვირფასო კოლეგებო-ჟურნალისტებო!
კოალიციის ჯგუფი „ქალი და მედია“ გიწვევთ თანამშრომლობისკენ და აცხადებს კონკურსს არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად.
რა ფორმასა და ჟანრში მომზადდება პუბლიკაცია _ იქნება ეს ინტერვიუ ქალ-კანდიდატთან, რეპორტაჟი თუ ანალიტიკური სტატია _ ეს თავად ჟურნალისტის გადასაწყვეტია.
სტატია უნდა დაიბეჭდოს ან სიუჟეტი ეთერით გავიდეს 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
საკონკურსო მასალის ჩაბარების ბოლო ვადა – 10 ნოემბერი.
საკონტაქტო პირი – ლალი ნიკოლავა.
nikolavalali@yahoo.com
899 41 46 01
34 81 04
ჯგუფი „ქალი და მედია“ საკუთარ საინფორმაციო პროდუქციასაც მოამზადებს:
საინფორმაციო გამოშვებები (ელექტრონული ახალი ამბები)
კოალიციის ბიულეტენი
|