 |
საქართველოს ქალთა
არასამთავრობო
ორგანიზაციების
კოალიცია |
თვითმმართველობის არჩევნები და კოალიციის პარალელური კამპანია
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #1)
„ადამიანის ნება უნდა იყოს ხელისუფლების უმთავრესი წყარო. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და სხვა პრონციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვითაც, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომდგენლობების მეშეობით.
დღევანდელ გამოშვებაში იხილეთ:
ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და თვითმმართველობის არჩევნები
ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან
გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ცესკო მზადაა, `არასამთავრობოები~ ეჭვს გამოთქვამენ....
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 აგვისტოს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, კომისია მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. ჩალაგაშვილის ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი აზრით, უკვე შეიმჩნევა უამრავი დარღვევა. თავად კომისიის თავმჯდომარეც კი პარლამენტმა ისე დაამტკიცა, რომ ფაქტობრივად მას კონკურენტი არ ჰყოლია. რაც კანონით დაუშვებელია.
კანონმდებლობით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, საუბნო – 5-9 წევრისაგან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც ჩანს, ქალებს დიდად არ სწყალობენ. „შესანიშნავი შვიდეული“, რომელიც არჩევნების ჩატარებას გაუძღვება, მხოლოდ მამაკაცებით არის დაკომპლექტებული.
ვის ვირჩევთ
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული (პარტიული) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველს აქვს ერთი ხმა პარტიული სისტემის საფუძველზე და ერთიც მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე.
მუნიციპალიტეტის (რაიონები) საკრებულო შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 10 წევრისა და რაიონის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრისაგან.
თვითმმართველი ქალაქის (ასეთი ექვსია) საკრებულოში პარტიული სიით არჩეულ ათ წევრს ხუთი მაჟორიტარი დაემატება (ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მაჟორიტარულ ოლქების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს).
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის საკრებულო შედგება 37 ხმოსნისგან, სადაც 12 წევრს ავირჩევთ პროპორციული წესით 10 ოლქში, ხოლო 25-ს – მაჟორიტარული წესით მრავალმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
კანონის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს უფლემოსილების ვადით.
ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრობის პროტესტის მიუხედავად, კანონმდებლებმა არ გაითვალისწინეს მათი აზრი და ხმა არ მისცეს მერისა და გამგებლების პირდაპირ არჩევნებს. მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ქალაქის მერს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
უფასო ცხელი ხაზი ამომრჩევლებისათვის
2006 წლის 7 აგვისტოდან ყველა მოქალაქეს შეუძლია შეამოწმოს არის, თუ არა ამომრჩევლის ერთიან სიაში. ამისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცესკოს ცხელ ხაზზე 424242. ცხელი ხაზი მუშაობს 8 საათიდან 24 საათამდე. ზარი მოქალაქისთვის უფასოა, ხარჯებს ცესკო ფარავს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა ამომრჩევლის ერთიან სიაში, მას გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, სად, ვის და როგორ მიმართოს.
ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (მის.: ძმები ზუბააშვილების 32, შესასვლელი არსენა ოძელაშვილის 21-დან). ტელ./ფაქსი 987016, ვებგვერდი: www.cec.gov.ge
დარღვევები და უზუსტობები სააარჩევნო სიებში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFFD) 21 სექტემბერს ამამრჩევლების სიების აუდიტის შედეგები წარმოადგინა. აუდიტი მთელი საქართველოს მასშტაბით რეპრეზენტატიული შერჩევის საფუძველზე ჩატარდა და მოიცავს 1895 ამომრჩეველს.
ამომრჩეველთა პირად მონაცემებში აღმოჩენილ უზუსტობათა მაჩვენებელი 16, 31%, სიებში შეტანილ ამომარჩეველთა 3,32-ის მონაცემების არასრულია. აღმოჩენილია უზუსტობები პირად მონაცემებში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამომრჩეველთა პირველადი სიების დახვეწა.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საიტზე: www.isfed.ge (მისამართი კოსტავას ქ. 25, ტელ.: 983998, 954559)
5 ოქტომბერი დასვენების დღედ გამოცხადდა
(„ახალი ამბები – საქართველო“) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დღე – 5 ოქტომბერი საქართველოში დასვენების დღე იქნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის, გიორგი მჭედლიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სამუშაო დღეებში დამთხვევის შემთხვევაში არჩევნების დღე უქმედ უნდა გამოცხადდეს.
კოდორის ხეობა საკუთარ წარმომადგენელს აირჩევს
წლევანდელ არჩევნებზე კოდორის ხეობა პირველად აირჩევს წარმომადგენლობით ორგანოს. 2006 წლის 30 აგვისტოს ცესკოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის შეიქმნა კიდევ ერთი კიდევ ერთი _ #86 აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც კოდორის ხეობის აჟარის თემის ტერიტორიას მოიცავს. (www.cec.gov.ge)
პარტიებს შორის წილი ნაყარია
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 სექტემბრის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილე პარტიების/ბლოკების რიგითობა წილისყრით განისაზღვრა:
№1 სალომე ზურაბიშვილი – „საქართველოს გზა“
№2 საარჩევნო ბლოკი „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“
(საქართველოს რესპუბლიკური პარტია – საქართველოს კონსერვატული პარტია)
№3 „თოფაძე, მრეწველები“ („მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“)
№4 საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი
№5 „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის სია“
№6 საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია (www.cec.gov.ge)
დამკვირვებლები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებზე დამკვირვებლის უფლება მიეცა სამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ახალგაზრდულ კავშირ ინიციატივასა და ორგანიზაციას „სტუდენტობა NATO-სთვის“, რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, დამკვირვებლის სტატუსი მიეცათ შემდეგ ორგანიზაციებს: აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (..IRI); აშშ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (..NDI); შეზღუდულ საარჩევნო სამეთვალყურეო მისიას (OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლათა კონგრესს. (www.cec.gov.ge)
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და თვითმმართველობის არჩევნები
„ქალს შეუძლია შეცვალოს“ – კოალიციის პარალელური კამპანია
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ერთიან პროექტს, რომელსაც ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობი პარალელური კამპანია ეწოდება, საკოორდინაციო ჯგუფი ხელმძღვანელობს. ჯგუფში შედიან კოალიციის სამუშაო ჯგუფებისა და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკოორდინაციო ჯგუფს სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია, საორგანიზაციო, საინფორმაციო და ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება ევალება.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჯგუფის წევრებმა პიარკომპანია „ჯეპრასთან“ ერთად შეიმუშავეს კამპანიის ლოგო და სლოგანი. „ქალს შეუძლია შეცვალოს“, – ასეთია ჩვენი კოალიციისა და პარალელური კამპანიის დევიზი. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კოალიციის საიტზე: www.wcg.org.ge
1 ოქტომბერი – პიკის დღე
პარალელური კამპანიის პიკის დღედ 1 ოქტომბერი შეირჩა. ამ დღეს დაგეგმილი აქციები მიმართული იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა და სოციალური საკითხების გააქტიურებისაკენ. პიკის დღის ცენტრალური არენა 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღი იქნება, სადაც ღონისძიება 1 საათზე დაიწყება. ამ დღეს აქციები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.
საკორდინაციო ჯგუფი სთხოვს კოალიციის ყველა წევრს და ჩვენს მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად ჩაერთონ აქციაში (www.wcg.org.ge)
ესტონელი ექსპერტი თბილისში
16-21 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა ესტონელი ექსპერტი, კოალიციის კონსულტანტი რეტ ლაია. ის შეხვდა კოალიციის ყველა ჯგუფს, მიმოიხილა მიმდინარე სამუშაოები, დაიგეგმა 1 ოქტომბრის აქციის დეტალები.
რეტ ლაია იყო რეგიონებშიც, კერძოდ კი, გორში, რუსთავსა და დუშეთში ჩატარებულ შეხვედრებზე, ასევე შეხვდა UNDP-ის პროექტ „ქალი და პოლიტიკის“ წარმომადგენლებს. რეტ ლაიას თქმით, მნიშვნელოვანია აქციების დაგეგმვა რეგიონებშიც. დუშეთის გამგებელთან შეხვედრამ აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს დუშეთში ამგვარი აქციის გამართვას.
შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატ ქალებთან
კოალიციის ჯგუფის „ქალი და პოლიტიკა“ პროექტი პოლიტიკურ პარტიებთან, ქალ კანდიდატებთან მუშაობას ისახავდა მიზნად (მიმართვის ტექსტი იხილეთ www.wcg.org.ge).
ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს მიმართვა ქვეყნის პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერი მამაკაცებისადმი, სადაც მათ ქალთა მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდნენ.
19 სექტემბერს გურჯაანში, 20 სექტემბერს კი რუსთავში ჯგუფის წევრები კოალიციის რეგიონულ ტრენერებთან ერთად შეხვდნენ რეგიონში დეპუტატობის კანდიდატ ქალებს. რუსთავში 15 ქალი კანდიდატია. მათგან შეხვედრაზე მხოლოდ 4 მათგანი მოვიდა.
„მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის ქალი, მან საკუთარი, ქალური ღირებულებები უნდა მიიტანოს პოლიტიკაში, რათა ქართული პოლიტიკა გაცილებით ეფექტური და ქმედითი იყოს“, – მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
დეპუტატობის კანდიდატ ქალებთან შეხვედრები ჩატარდება ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, ახალციხეში... 28 ოქტომბერს 13 საათზე მსგავსი ღონისძიება გაიმართება თბილისში, სასტუმრო „თორში“. თბილისში 130 მაჟორიტარულ კანდიდატთაგან 29 ქალია (მათ სიას მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ).
რეკომენდაციები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში
კოალიციის ჯგუფი „ქალი და ჯანმრთელობა“ ძირითადად ელექტორატთან და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენებთან მუშაობს. ჯგუფმა უკვე ჩაატარა შეხვედრები თბილისის მთაწმინდა-კრწანისის, ასევე გორის, მცხეთის, დუშეთის, გურჯაანის მოსახლეობასთან. ელექტორატის მიერ გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით ჯგუფის წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელთაც დეპუტატობის კანდიდატებს გააცნობენ.
ჯგუფის წევრები 22 სექტემბერს მთაწმინდა-კრწანისსა და გურჯაანში, 26 სექტემბერს გორში, 27 სექტემბერს კი დუშეთში გამართავენ მორიგ შეხვედრებს.
ტრენინგები ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის
განათლების ჯგუფის პროექტი ითვალისწინებს ამომრჩეველთა განათლების პროგრამის განხორციელებას. ტრენინგების სამიზნე ჯგუფი არის პედაგოგები და ახალგაზრდა ამომრჩევლები. განათლების ჯგუფს უკვე შედგენილი აქვს დაგეგმილი ტრენინგების გრაფიკი:
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტები – ტრენერი ნანა ბერეკაშვილი, 21 სექტემბერი.
თბილისის 149-ე სკოლის პედაგოგები – ტრენერები ნინო ჯავახიშვილი, ირინა ინასარიძე, 22 სექტემბერი.
I სპორტული სკოლის პედაგოგები – ტრენერები ნინო ჯავახიშვილი, ირინა ინასარიძე.
შინდისის სკოლის პედაგოგები – ტრენერი თინიკო ქოროღლიშვილი
შინდისის სკოლის უფროსკლასელები – ტრენერი თინიკო ქოროღლიშვილი
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტები – ტრენერი ნანა ბერეკაშვილი, 28 სექტემბერი.
ISM-ის სტუდენტები – ტრენერი ხათუნა სანიკიძე, 3 ოქტომბერი
მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები, 2 ტრენინგი – ტრენერი აველინა დავითულიანი, 22-დან 5 ოქტომბრამდე
4 რეგიონული ტრენინგი – ტრენერი მანანა გალუაშვილი
უნივერსიტეტის თანამშრომლები, 2 ტრენინგი – ტრენერები აველინა დავითულიანი, ნელი ჩიკვაიძე, 22-დან 5 ოქტომბრამდე
პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები – ტრენერი თამარ დადიანი, 22-დან 5 ოქტომბრამდე
განათლების ჯგუფის მიერ შემუშავებული ამომრჩეველთა ტრენინგის დიზაინი და მონაწილეთათვის გადასაცემი მასალა დაეგზავნება კოალიციის ყველა წევრს. დიზაინი შეიმუშავეს ლელა ხომერიკმა და ნინო ჯავახიშვილმა.
ტრენინგის ყველა მონაწილეს დაპატიჟებენ 1 ოქტომბრის აქციაზე. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
შეხვედრები ჟურნალისტებთან
საარჩევნო პროცესში, ცხადია, აქტიურად იქნება ჩართული მედია. ჟურნალისტებთან მუშაობენ კოალიციის სამუშაო ჯგუფის „ქალი და მედია“ წევრები. ტარდება სემინარებიც.
ჟურნალისტებისთვის პირველი სემინარი 14 სექტემბერს აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში ჩატარდა. სემინარს უძღვებოდნენ კოალიციის წევრი გალინა პეტრიაშვილი და აჭარის რადიოს კორესპონდენტი ზეინაბ ფილიპოვა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა კოალიციის რეგიონული ტრენერი – სვეტლანა ლოგუა.
სემინარის მთავარი მიზანი იყო მედია საშაულებების წარმომადგენელთა, როგორც ქალთა დაწინაურების მხარდამჭერთა შემზადება. ასევე არჩევნების, როგორც საზოგადოებრივი აზრის მობილიზების კულმინაციური მომენტის, გამოყენება გენდერული თანასწორობისა და ქალთა მდგომარეობის საკითხებისადმი ყურადღების მისაქცევად.
19 სექტემბერს ჯგუფის წევრი თინათინ მოსიაშვილი რუსთავში შეხვდა კოლეგებს, 21 სექტემბერს ლელა მარგიანი – მესტიაში. მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში (23 სექტემბერი), ჩოხატაურში, გურჯაანში, მცხეთაში...
კონკურსი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე
საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ჯგუფი „ქალი და მედია“ აცხადებს კონკურსს 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის (საგაზეთო სტატია, ტელე ან რადიოსიუჟეტი) გამოსავლენად.
რა ფორმასა და ჟანრში მომზადდება პუბლიკაცია – იქნება ეს ინტერვიუ ქალ-კანდიდატთან, რეპორტაჟი თუ ანალიტიკური სტატია – ავტორის გადასაწყვეტია.
გამარჯვებულ ჟურნალისტებს გადაეცემათ პრიზები.
სტატია უნდა დაიბეჭდოს ან სიუჟეტი ეთერით გავიდეს 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
საკონკურსო მასალის ჩაბარების ბოლო ვადა – 10 ნოემბერი.
საკონტაქტო პირი – ლალი ნიკოლავა, 899 41 46 01
nikolavalali@yahoo.com
ანონსი – ქალის როლი მეცნიერებაში – ნინო ჯავახიშვილის საღამო
28 სექტემბერს „კავკასიურ სახლში“ გაიმართება მორიგი შეხვედრა ციკლიდან „ქალის როლი მეცნიერებაში“. საღამო მოეძღვნება ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს.
შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
უახლოეს მომავალში გამოვა ელექტრონული ახალი ამბებისა და „კოალიციის ბიულეტენის“ შემდეგი ნომრები. მათში უფრო ვრცლად იქნება ინფორმაცია კოალიციის ჯგუფების საქმიანობის შესახებ. ასევე შემოგთავაზებთ ხმის მიცემის პროცედურას, საარჩევნო სიების გენდერულ ანალიზს.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ.
გამოშვების რედაქტორი თინათინ მოსიაშვილი 899113202, tinatinmosiashvili@yahoo.com |