Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > არჩევნები-2006 > მედია არჩევნების შესახებ

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია

„ქალს შეუძლია შეცვალოს“ – თვითმმართველობის არჩევნები და კოალიციის პარალელური კამპანია

ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #2)

 

ადამიანის ნება უნდა იყოს ხელისუფლების უმთავრესი წყარო. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და სხვა პრონციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში.

დღევანდელ გამოშვებაში იხილეთ:

ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და თვითმმართველობის არჩევნები


ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება, დაწყებულია ბეჭდვა და რამდენიმე დღეში ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება სიის საბოლოო ვერსია.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და საბოლოო სახის მიცემაში მონაწილეობდნენ ლეობორისტების, მრეწველებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელმოწერით დაადასტურეს სიების სიზუსტე. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიუმართავს სასამართლოსთვის ამომრჩეველთა ერთიან სიებში რაიმე სახის   უზუსტობასთან დაკავშირებით.

„მინდა ვაუწყო საქართველოს მოსახლეობას, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე ზუსტი ამომრჩეველთა ერთიანი სია. ჩვენ ჯერ კიდევ ივნისის თვეში გადავეცით პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი სიის პირველადი ვერსია, რომელთა დახვეწაც სწორედ დღემდე მიმდინარეობდა“ – განაცხადა 25 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავჯდომარემ, ბ-ნ გურამ ჩალაგაშვილმა.  

მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამომრჩეველთა სიებში ცდომილება მერყეობს 2 დან 8 პროცენტამდე. არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სია სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (მის.: ძმები ზუბააშვილების 32, შესასვლელი არსენა ოძელაშვილის 21-დან). ტელ./ფაქსი 987016, ცხელი ხაზი: 424242, ვებგვერდი: www.cec.gov.ge


იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არჩევნების დღეს  პირადობის მოწმობასთან ერთად დევნილის მოწმობაც უნდა წარადგინონ

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 სექტემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მონაწილეობის მისაღებად, კენჭისყრის დღეს უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და დევნილის მოწმობა (www.cec.gov.ge).

 


ქალები ხსნიან საკუთარ კანდიდატურებს

საარჩევნო ბლოკმა „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“ (საქართველოს რესპუბლიკური პარტია - საქართველოს  კონსერვატიული პარტია) გააუქმა თავისი გადაწყვეტილება  იზოლდა ბუკიას ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიული სიით და სარეზერვო კანდიდატად წარდგენის შესახებ.

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკრებულოს სარეზერვო მაჟორიტარმა კანდიდატმა მარინე ორბელიანმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მომართა #9 ნაძალადევის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ (www.cec.gov.ge).



არჩევნებს ამერიკელი და პოლონელი დამკვირვებლებიც ეყოლება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 სექტემბრის სხდომაზე 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაციაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და პოლონეთის სეიმის დეპუტატები გაატარა (www.cec.gov.ge).


როგორ ვირჩევთ – ხმის მიცემის წესი

არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ხმის მიცემა უნდა ხდებოდეს ინდივიდუალურად; აკრძალულია სხვის მაგიერ ხმის მიცემა;

ხმის მიცემის პროცესი ფარულია.  

არჩევნებში მონაწილების მისაღებად უნდა იყოთ რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში. სასურველია არჩევნებამდე შეამოწმოთ თავი ამომრჩეველთა სიაში.

თუ სიაში არ ხართ ან დაშვებულია რაიმე შეცდომა, მოითხოვეთ გასწორება (შეგიძლიათ მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას, მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზიც 424242). თუ საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისია უარს გეტყვით სიაში თქვენი გვარის შეტანაზე, უფლება გაქვთ იჩივლოთ სასამართლოში.

ავადმყოფობის ან სხვა შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ საარჩევნო უბანში მისვლა, კენჭისყრამდე ორი დღით ადრე დაუკავშირდით საუბნო საარჩევნო კომისიას, რომ სახლში მოგიტანონ საარჩევნო ყუთი.

კენჭისყრის დღეს სააარჩევნო უბანი მუშაობს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე;

საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

უბანში შესვლისას გაივლით მარკირებას, თუმცა მანამადე კომისიის წევრი შეგამოწმებთ სპეციალური ნათურით, რათა დარწმუნდეს, რომ არ გაქვთ მარკირების ნიშანი;

საარჩევნო კომისია ამოწმებს თქვენს პირად მონაცემებს;

რადგანაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული (პარტიული) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, თქვენ გაქვთ ერთი ხმა პარტიული სისტემის საფუძველზე და ერთიც მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე. ამდენად იღებთ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ორ ბიულეტენს;

შებრძანდებით ხმის მიცემის კაბინაში და პირადად ავსებთ საარჩევნო ბიულეტენს; დაკეცეთ ბიულეტენი ისე, რომ არავინ დაინახოს, ვის მიეცით ხმა.

კაბინიდან გამოსვლის შემდეგ იღებთ სპეციალური ცონვერტს, რომელშიც ჩადებთ საარჩევნო ბიულეტენს. ბიულეტენს თავად აგდებთ ყუთში;

დაუშვებელია საარჩევნო უბანში გაჩერება ხმის მიცემის შემდეგ.

ამ წესების დაცვა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.

 



ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და თვითმმართველობის არჩევნები

1 ოქტომბერი – კოალიციის პარალელური კამპანიის პიკის დღე

კოალიციის წევრებმა, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ყველა იმ მოქალაქემ, რომელთანაც ბოლო დროს იმუშავეს კოალიციის სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა, უკვე იციან, რომ 1 ოქტომბერი პარალელური კამპანიის პიკის დღეა. ამ დღეს დაგეგმილი აქციები მიმართული იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა და სოციალური საკითხების გააქტიურებისაკენ. პიკის დღის ცენტრალური ღონისძიება 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში 1 საათზე დაიწყება. ამ დღეს აქციები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

საქართველოს რომელ კუთხეშიც უნდა ცხოვრობდეთ, ჩაერთეთ აქციებში და მხარი დაუჭირეთ ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ კამპანიას, რადგანაც ქალს შეუძლია შეცვალოს...  

ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კოალიციის საიტზე: www.wcg.org.ge


2 ოქტომბერი – კოალიციის წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა

2 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.

როგორ მიმდინარეობს კოალიციის პარალელური კამპანია? რა აჩვენა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებულმა შეხვედრებმა და სემინარებმა? რატომ არის პარტიის სიებში ცოტა ქალი? რა პრობლემები ხვდებათ დეპუტატობის კანდიდატ ქალებს თბილისსა და რეგიონებში? რა აწუხებს ამომრჩეველს? 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ საკითხებს კოალიციის წევრები გააცნობენ პარტიების ლიდერებს, დეპუტატობის კანდიდატ ქალებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.



ადგილობრივი თვითმმართველობა და ქალთა მონაწილეობა

ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნების შედეგად ქალთა მონაწილეობა არც ისე სახარბიელო იყო: 1998 წლის არჩევნებით საკრებულოს წევრთა შორის ქალები იყვნენ მხოლოდ 14%. 2002 წლის არჩევნების შედეგად ქალთა რიცხვმა საკრებულოებში კიდევ უფრო იკლო და პირველი დონის თვითმმართველობის ორგანოებში მხოლოდ 11,9% შეადგინა. ადგილობრივ ორგანოებში ქალთა მონაწილეობის ხარისხი რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება. ყველაზე დაბალი პროცენტია ეთნიკური უმციერსობებით დასახლებულ რაიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანელი მოსახლეობა: მაგ. მარნეულში – 1,9%, ბოლნისში - 4,7%.

კოალიციის ჯგუფის „ქალი და განათლების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორივე არჩევნების შედეგად გამოიკვეთა ძალზე საყურადღებო ტენდენცია: რაც უფრო მსხვილდება ადმინისტრაციული ერთეული, მით უფრო კლებულობს ქალთა პროცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 1998 წელს სოფლის საკრებულოებში ქალები შეადგენენ 15%-ს, რაიონული მნიშვნელობის ქალაქებსა და დაბებში – 13%-ს, რაიონის საკრებულოებში 9-%-ს, დიდ ქალაქებში კი მხოლოდ 7,4%-ს. 2002 წელსაც დიდი ქალქის საკრებულოებში ქალთა რიცხვი 7%-ს არ სცილდება. უკიდურესად არასახარბიელოდ არიან წარმოდგენილი ქალები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პოზიციებზე: მაგ. 1998 წელს 60 რაიონის საკრებულოდან მხოლოდ ერთის თავმჯდომარე იყო ქალი (1,6%). შეიძლება ითქვას, რომ სადაც მეტი ძალაუფლება და რესურსია, იქ ნაკლები ქალია.

2002 წელს მკვეთრად შემცირდა ქალთა წარმომადგენლობა რაიონულ საკრებულოებში. შეცვლილი საარჩევნო კანონით, რაიონის საკრებულო სოფლის საკრებულოთა თავმჯდომარეებით კომპლექტდებოდა და რადგანაც ქალები პრაქტიკულად ვერ ხვდებოდნენ ხელმძღვანელ პოსტზე, შესაბამისად, მეორე დონის თვითმმართველობაშიც უკიდურესად მცირედ იყვნენ წარმოდგენილი.

2006 წელს თვითმმართველობის არჩევნები ახალი კანონით ტარდება, რომელიც თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებასა და შესაბამისად, მათი რიცხვის მკვეთრად შემცირებას ითვალისწინებს, რაც ადგილებზე პოლიტიკურ კონკურენციას გაზრდის და ქალი კანდიდატების შანსებს ამცირებს.

არადა, ქალთა როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლისა და საზოგადოების პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებაში, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის გაძლიერებასა და მათი უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფაში.

გამოკვლევები აჩვენებს, რომ ქალებს მამაკაცებზე მეტად აღელვებთ სოციალური საკითხები. მაშინ, როდესაც მამაკაცები ფიქრობენ შეიარაღების, მეტი მოგების მიღების, უშიშროების საკითხებზე, ქალებს აინტერესებთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრი ქალი მეტად დაუჭერს მხარს სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას, ანუ, სოციალურად დაუცველი ფენების საბინაო, ჯანმრთელობის, განათლების პრობლემების მოგვარებას.

ეფექტური თვითმმართველობა, რომელიც საზოგადოების ყველა წარმომადგენელის ინტერესებს ითვალისწინებს, შეუძლებელია დაკომპლექტებული იყო მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებით. ნამდვილი წარმატების მისაღწევად აუცილებელია ადგილობრივ პოლიტიკაში ქალისა და მამაკაცის თანასწორი და შემავსებელი საქმიანობა (www.wcg.org.ge).



საარჩევნო სიების გენდერული ანალიზი, ანუ როგორ  არიან წარმოდგენილი ქალები საარჩევნო სიებში?

საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები პოლიტიკური პარტიების წევრთა სა­ერ­თო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ. ქალთა მონაწილეობის პროცენტი მკვეთრად დაბალია პარტიების მმართველ ორგა­ნო­ებში და და 10%-ს არ აღემატება, ანუ პარტიის ზედა იერარქიულ საფეხურზე ქალები თითქმის არ არიან წარმოდგენილი.

ქალი პოლიტიკოსებისათვის ერთ-ერთ ძირითად დაბრკოლებად კვლავ პოლიტიკურ პარტიებში არსებული დაბალი შიდა ორგანიზაციული კულტურა რჩება: პარტიის შიგნით არსებული შიდა პარტიული მოწყობა და შიდა პარტიული საკადრო პროგრამების არარსებობა, ქალთა მონაწილეობისა და წინ წამოწევის შემუშავებული სტრატეგიის უქონლობა, პარტიის კანდიდატების საარჩევნო სიის შედგენის პროცესის გაუმჭირვალობა.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც ხელს უშლის გენდერულ თანასწორობას პოლიტიკურ პარტიებში.

პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის მიღწევა პარტიის მოდერნიზაციის და დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დასავლური გამოცდილება ადასტურებს, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდის პოლიტიკა პარტიებს ეხმარება საზოგადოებასთან კავშირების გამყარებასა და ახალი ელექტორატის მოპოვებაში (www.wcg.org.ge).


ქალები საარჩევნო სიებში

თბილისი

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს 130 დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი, მათგან 29 ქალია. რაც შეეხება პარტიებს, მათ სიებში ქალები შენდეგნაირად არიან წარმოდგენილი :

  1. ნაციონალები: 11 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 22% ქალია;

  2. ლეიბორისტები: 12 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 24% ქალია;

  3. ზურაბიშვილი – საქართველოს გზა: 23 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 46% ქალია;

  4. რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიების ბლოკი: 14 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 28% ქალია;

  5. თოფაძე, მრეწველები: 12 ქალია, სულ 33 წევრი, ე.ი. 36% ქალია;

  6. ეროვნული იდეოლოგიის პარტია: 1 ქალია, სულ 7 წევრი, ე.ი. 14% ქალია.

ამავე დროს, პარტიულ სიებში ბევრია სარეზერვო კანდიდატი:

  1. ნაციონალები:
    11 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 22% ქალია, აქედან 1 სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 10 ქალია, ანუ 20% ;
  1. ლეიბორისტები:
    12 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 24% ქალი. აქედან 5 სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 7 ქალია, ანუ 14%;
  1. ზურაბიშვილი – საქართველოს გზა:
    23 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი 46% ქალია. აქედან 14 სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 9 ქალია, ანუ 18%;
  1. რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიების ბლოკი:
    14 ქალია, სულ 50 წევრი, ე.ი. 28% ქალია, აქედან 7 სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 7 ქალია, ანუ 14%;
  1. თოფაძე, მრეწველები:
    12 ქალია, სულ 33 წევრი, ე.ი. 36% ქალია. აქედან 3 სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 9 ქალია, ანუ 27%;
  1. ეროვნული იდეოლოგიის პარტია:
    1 ქალია, სულ 7 წევრი, ე.ი. 14% ქალია.

სარეზერვო აქ სურათს არ ცვლის.

საინტერესოა, რომელ ადგილებზე არიან ქალები სიაში: აქაც, სალომე ზურაბიშვილის პარტია ლიდერობს, რადგან მასთან პირველ 12 კანდიდატში 4 ქალია, რესპუბლიკელებში და კონსერვატორებში – 3, ხოლო დანარჩენ პარტიებში 2 ან ერთი.

(მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ საქართველოს სხვა რეგიონების საარცევნო სიების გენდერულ ანალიზს) (www.wcg.org.ge).


შეხვედრები დეპუტატობის კანდიდატ ქალებთან

„ჩვენი კამპანია – „ქალს შეუძლია შეცვალოს – მეტი ქალი პოლიტიკაში“ პოლიტიკურად ნეიტრალური კამპანიაა. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მხოლოდ ერთ რომელიმე პარტიას, ჩვენთვის მთავარია არჩევნების შედეგად მეტი ქალი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ გადაწყვეტილებებიც, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს, უფრო ჰარმონიული და ეფექტური იყოს“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა კოალიციის წევრმა თამარ აბრამიშვილმა 28 სექტემბერს თბილისში სასტუმრო „თორში“. იმ დღეს იქ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატი ქალები იყვნენ მოწვეული. 

შეხვედრაზე 30-მდე ქალი კანდიდატი მოვიდა, ჭარბობდნენ „თოფაძე, მრეწველები“, რესპუბლიკელთა და კონსერვატორთა საარჩევნო ბლოკისა და „ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ წარმომადგენლები.

„ყველა ქალს ვუსურვებ წარმატებას, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის მოსვლა შეცვლის ქართულ პოლიტიკას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მხოლოდ მცირე ხნით მოახერხა ქალ კანდიდატებთან შეხვედრა. 

გამოკვლევები აჩვენებს, რომ ქალებს მამაკაცებზე მეტად აღელვებთ სოციალური საკითხები. ეს კი ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრი ქალი მეტად დაუჭერს მხარს სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას, ანუ, სოციალურად დაუცველი ფენების საბინაო, ჯანმრთელობის, განათლების პრობლემების მოგვარებას.

ეს კარგად გამოჩნდა „თორში“ ჩატარებულ შეხვედრაზეც.

რას ფიქრობენ და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს დეპუტატობის კანდიდატი ქალები?

ლია ლაზაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელ-კონსერვატორები: „მე ნაციონალური მოძრაობის სიით მოვედი საკრებულოში, მაგრამ დავინახე, რომ შემდეგ ბევრი რამ არ შესრულდა... ვაპირებ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ“...  

ქეთი ახობაძე, რესპუბლიკელ-კონსერვატორები, „ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. საკრებულოს არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიბრძოლებ“.

მზია ხეთაგური, პოეტი, „თოფაძე, მრეწველები“: დღეს სამწუხაროდ, საქართველოში ღირსეული შრომით თავის რჩენა ძალიან ძნელია. შიმშილობა თავმოყვარეობას აკარგინებს ადამიანს, მე კი არ მინდა მშიერი და უთავმოყვარეო საქართველო, ოღონდ ფეხზე ვიდგეთ და ყველაფერი სულ ერთია. ამიტომაც ვარ მრეწველთა რიგში, რომ მათ ხალხის დასაქმება შეუძლიათ“.


ამომრჩეველი მამაკაცს ანიჭებს უპირატესობას – ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ტრენერებმა – ნონა ბერიძემა და ლელა ყავრელიშვილმა სატელეფონო გამოკითხვები ჩაატარეს. კითხვაზე – ვის დაუჭერთ მხარს არჩევნებში, მამაკაც კანდიდატს, თუ ქალს? – რესპონდენტების  უმრავლესობა მამაკაც კანდიდატთა მხარდამჭერი აღმოჩნდა. როდესაც დაინტერესდნენ, რა საფუძველი აქვს მათ არჩევანს, გაირკვა, რომ ისინი არ იცნობენ ქალ კანდიდატებს, თანაც, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანდიდატთა პიროვნული დამსახურებისა და ღირსების მომენტი.

ქალ კანდიდატებს არა მხოლოდ ამომრჩეველი უყენებს მაღალ მოთხოვნებს. ეს კარგად გამოჩნდა სამცხე-ჯავახეთში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელშიც კოალიციის რეგიონული ტრენერები და მედიაჯგუფის წევრები, რეგიონში დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ. ქალები  თვითკრიტიკულად არიან განწყობილი საკუთარი კანდიდატურის მიმართაც. „როდესაც ქალი რაიმე თანამდებობის დაკავებას აპირებს, საკმაოდ მაღალ კრიტერიუმებს უყენებს საკუთარ თავს, მისი პასუხისმგებლობის გრძნობა გაცილებით მაღალია“, - ამბობს თამარ გოგოლაძე, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ კანდიდატი.

„საზოგადოებრივ სარბიელზე გამოსული ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალი, ძლიერ ზეწოლას განიცდის ოჯახის, საზოგადოების მხრიდან და ხშირად ვერც კი უძლებს ამგვარ პრესს“, – მიაჩნიათ ზოგიერთებს.

„ქალის შინაგან ბუნებაშიც უნდა ვლინდებოდეს ლიდერობის მოთხოვნილება“, – ამბობს ნაირა სამსონიძე, ბლოკ `დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ კანდიდატი წყრუთის მაჟორიტარულ ოლქში, უპარტიო. მან კანდიდატთა კვალიფიკაციასა და თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობისთვის პოტენციურ მზაობას გაუსვა ხაზი.

ირკვევა, რომ პარტიების საკადრო პოლიტიკა რეგიონებში შესამჩნევად სუსტია. „ხშირად, ამომრჩეველი პარტიის ლიდერს აძლევს ხმას და არა იმ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც მის ოლქში იყრის კენჭს“, – ამბობს გაზეთ „ადგილის დედა – ახალციხის“ რედაქტორი იზოლდა წიქარიშვილი.


მრგვალი მაგიდები – ჯგუფის „ქალი და ეკონომიკის“ მონაწილეობით

8 სექტემბრიდან ჯგუფის „ქალი და ეკონომიკის“ წევრები აქტიურად მუშაობენ საქართველოს რეგიონებში. მათ კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არაერთი შეხვედრა ჩაატარეს: დეპუტატობის კანდიდატებთან, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენელებთან, მეწარმეებთან, ამომრჩეველთან.

29 სექტემბერს ჯგუფის ინიციატივითა და კოალიციის რეგიონული ტრენერების დახმარებით მცხეთაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც რეგიონის აქტიური ქალები მონაწილეობდნენ.

ცარო საძაგლიშვილი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ჭოპორტში: წლების განმავლობაში ვიყავი სოფლის საკრებულოს წევრი, ახლა სკოლაში ვმუშაობ, სასწავლო ნაწილის გამგედ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის, ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და მეწარმეებზე გრანტებისა თუ სესხების გაცემა, ასევე აუცილებელია საგანმანათლებლო კურსების არსებობა, სკოლების უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სკოლების ინტერნეტიზაცია (დუშეთში ხომ დღემდე არ არის ინტერნეტის ქსელი); „მე თავად სამი შვილის დედა ვარ და ვიცი, რომ აუცილებელია მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერა, მიმაჩნია, რომ რაიონის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გამოინახოს საამისო თანხები. ეს ის საკითხებია, რომელზეც განსაკუთრებულად ვიზრუნებ საკრებულოში ჩემი არჩევის შემთხვევაში“.
თინათინ თურმანაული, დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით: „მიმაჩნია, რომ ქალების მონაწილეობით ქართულ პოლიტიკაში დადებითი პროცესები დაიწყება“.

კოალიციის წევრის, ნინო შიოშვილის განმარტებით, ასეთივე მრგვალი მაგიდა 1 ოქტომბერს გურჯაანში ჩატარდება.


აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი: „რა თქმა უნდა, წავალ არჩევნებზე“

არიან ადამიანები, რომელთაც მხრებით მთელი ეპოქა, დიდი ცოდნა და გამოცდილება  დააქვთ. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი, რომელიც ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, წლების განმავლობაში იყო დეპუტატი, დღესაც არ აკლდება მნიშვნელოვან თავყრილობებს. 

28 სექტემბერს „კავკასიურ სახლში“ მორიგი შეხვედრა ციკლიდან „ქალის როლი მეცნიერებაში“ სწორედ ნინო ჯავახიშვილს მიეძღვნა.

ნინო ჯავახიშვილი 1914 წლის 7 ნოემბერს დაიბადა მოსკოვში, საქართველოში გეოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახში. ჯავახიშვილები 1917 წელს დაბრუნდნენ თბილისში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწოფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც იმ დროს გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ქალბატონი ნინოს თაობა სამედიცინო ინსტიტუტის პირველი გამოშვება იყო და მათგან ბევრი ცნობილი ექიმი გამოვიდა.

ნინო ჯავახიშვილმა 26 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 34 წლის ასაკში სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა პროფესორის წოდება, 45 წლის ასაკში არჩეული იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 64 წლის ასაკში აკადემიის ნამდვილ წევრად. მინიჭებული აქვს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ის მეუღლესთან, აკადემიკოს მემედ (მამია) კომახიძესთან ერთად მუშაობდა სისხლძარღვთაAპლასტიკის საკითხებზე, პირველმა აღწერა ვენოზური სინუსოიდები, მოახდინა კონსერვაციისა და გულის სიცოცხლისუნარიანობის სხვადასხვა მეთოდის აპრობაცია.... 

ნინო ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დაცულია 30-მდე საკანდიდატო და 20-მდე სადოქტორო დისერტაცია.

„იმდენ ხანს ვიყავი დეპუტატი, რომ სინდისი ნებას არ მომცემს არჩევნებზე არ წავიდე“, – ამბობს აკადემიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ის ღირსეული დეპუტატი იყო მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში არჩევნები დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩეოდა.

 

გამოშვების რედაქტორი თინათინ მოსიაშვილი
899 11 32 02, tinatinmosiashvili@yahoo.com

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze