 |
საქართველოს ქალთა
არასამთავრობო
ორგანიზაციების
კოალიცია |
„ქალს შეუძლია შეცვალოს„ – თვითმმართველობის არჩევნები და კოალიციის პარალელური კამპანია
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #5)
„ადამიანის ნება უნდა იყოს ხელისუფლების უმთავრესი წყარო. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და სხვა პრონციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“ – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვითაც, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომდგენლობების მეშეობით.
დღევანდელ გამოშვებაში იხილეთ:
კოალიციის შეხვედრა – პარალელური კამპანიის შედეგების შეჯამება
11 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“ საქართველოს ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს (ODIHR/OSCE) ხელშეწყობით გაიმართა 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდამჭერი კამპანიის შედეგების შემაჯამებელ შეხვედრა. კამპანია მიმდინარეობდა დევიზით – „ქალს შეუძლია შეცვალოს...“
შეხვედრაში მონაწილეობენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს გენდერული განყოფილების დირექტორი თიინა ილსენი, დირექტორის მოადგილე რობერტ ადამსი, ქალთა და გენდერულ საკითხთა ექსპერტი რეტ ლაია, კოალიციის წევრები, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ქალები: თბილისის საკრებულოს წევრი სოფიო გიორგაძე, დუშეთის საკრებულოს წევრი თამარ გოგინაშვილი და ამბროლაურის საკრებულოსა და კოალიციის წევრი ნინო სოხაძე.
როგორც წინა გამოშვებებში გაცნობეთ, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ 69 საკრებულოს 1734 წევრს შორის მხოლოდ 198 ანუ 11,4% ქალია (ინფორმაცია იხილეთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ვებგვერდზე www.wcg.org.ge).
„თვითმმართველობის ახლანდელი მოდელი უარყოფითად მოქმედებს საკრებულოებში ქალთაწარმომადგენლობაზე“, – განაცხადა კოალიციის წევრმა თამარ ბაგრატიამ, ასოციაცია „ტრანზიცია“.
„მიუხედავად, იმისა, რომ 2002 წლის არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებში ქალები 11,9% იყვნენ, 2006 წელს არჩეულ საკრებულოებში კი – 11,4%, ეს მაინც კარგ მაჩვენებლად უნდაჩაითვალოს, რადგან ახლა კანონით ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის გაუქმდა პირველი დონისსაკრებულო, სადაც ყველაზე მეტი ქალი იყო“, – აცხადებს მაია კუპრავა, „მარტოხელა მშობელთა ასოციაცია“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების შედეგად მოსულ საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობაა“, – მიაჩნია მაია გოგოლაძეს, კოალიციის რეგიონულ ტრენერს გურიის რეგიონში.
„ქალთა საკითხები მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. ამის გაცნობიერება მედიიდან უნდა დაიწყოს“, – ამბობს გალინა პეტრიაშვილი, ასოციაცია „გენდერმედიაკავკასია“. რამდენად აცნობიერებს მედია გენდერულ პრობლემატიკას, საერთოდ, რა მდგომარეობაა ქართულ მედიაში, ინფორმაცია ამის შესახებ, ასევე ჟურნალისთა კონკურსის შედეგები იხილეთ ცოტა ქვემოთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზების მიუხედავად კოალიციამ ერთობლივი პროექტი განახორციელა, მართალია, ფორს-მაჟორში მუშაობის გამო ურთულეს სიტუაციაშია ღმოვჩნდით, მაგრამ ჯგუფებმა მოახერხეს ორიენტირება, შესაძლებელი აღმოჩნდა ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობა, საკმაოდ ეფექტური იყო კოალიცის ლოგო და მესიჯი, (პიარკომპანია „ჯეპრამ“ შეასრულა), რომლებმაც უდავოდ კარგად იმუშავეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის საკოორდინაციო ჯგუფსა და მთლიანად კოალიციაში საკმაოდ სუსტი იყო კომუნიკაცია, სუსტი იყო პიარი, შეიძლება ვისაუბროთ ქალებს შორის ნაკლებ სოლიდარობაზეც“, – მიაჩნია ნანა ნაზაროვას, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი ასოციაცია“.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს გენდერული განყოფილების დირექტორის, თიინა ილსენის შეფასებით, 2006 წელს კოალიციის მიერ განხორციელებულმა ერთობლივმა პროექტმა დაადასტურა, რომ საქართველოს ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მოკლე დროში საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა. ილსენის თქმით, ქართული არასამთვრობო სექტორის გამოცდილება შეიძლება გაიზიარონ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც.
კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ თუ ახლავე დაიგეგმება და 2007 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება პარალელური კამპანია მომავალი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედეგები უფრო რეალური და ეფექტური იქნება.
ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
23 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გაიმართა ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. კოალიციის ჯგუფი „ქალი და პოლიტიკა“ თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერ პროექტს ახორციელებდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებშიც მომზადდა საიტი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია კანდიდატ ქალთა შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატი ან დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ქალები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრები.
ვებგვერდის მისამართია: www.icewwomenipolicy.ge
„ყველა ადამიანს შესაძლებლობების გამოხატვის თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ნინო სოხაძე
რაჭის რეგიონალური ტრენერი ნინო სოხაძე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებიდან ერთადერთია, რომელიც მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გაიმარჯვა. რესპუბლიკური პარტიის წევრი ამბროლაურის რაიონის საკრებულოში „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“-ს ბლოკის პარტიული სიით მოხვდა.
ნინო სოხაძე: „დარღვევებზე, რომელიც ამ არჩევნებს ახლა, ბევრი ითქვა და ახლა ამაზე აღარ შევჩერდები. რა არის ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის მთავარი? მე ამომრჩეველს სახლების გადახურვას და გზების დაგებას არ დავპირებივარ. ერთადერთი, რაც ჩემს საარჩევნო პროგრამაში იყო, არის ის, რომ ყველა ადამიანს შესაძლებლობების გამოხატვის თანაბარი პირობები ჰქონდეს და კანონის უზენაესობა არსებობდეს. მე შევეცდები, რომ ეს განვახორციელო. ყველა მეკითხება, თუ რის გაკეთებას ვაპირებ საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში უმცირესობაში ვარ და ჩემს ხმას გადმწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მნიშვნელოვნად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება მიმაჩნია. მაქსიმალურად ვეცდები, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას და რაიონისთვის აქტუალური ნებისმიერი სხვა საკითხის გადაწყვეტაში მოსახლეობა მონაწილეობდეს“.
რა უნდა ქალს არჩევნებზე?! – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები არჩევნებში ნაკლებად მონაწილეობენ
გოზელ მამედოვა 45 წლისაა. ის მარნეულის რაიონის ერთ-ერთ უდიდეს სასაზღვრო სოფელში – სადახლოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე თვითმმართველობის არჩევნებში სადახლოს მაჟორიტარია, გოზალი თითქმის არასოდეს ყოფილა არჩევნებზე, ამბობს, რომ არჩევნები კაცების საქმეა...
„ქალები რომ არჩევნებზე დაიწყებენ სიარულს, რა სიკეთე შეიძლება მოჰყვეს ამას“, – ამბობს მისი თანასოფლელი ასაკოვანი მამაკაციც.
სადახლოს აწ უკვე ყოფილი საკრებულო რამდენიმე სოფელს აერთიანებს, სადაც 12 ათასამდე კაცი ცხოვრობს. აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელია.
აქ და ბევრ სხვა აზერბაიჯანულ სოფელში, როგორც წესი, საარჩევნო ყუთთან ქალებისა და ოჯახის ახალგაზრდა წევრების მაგიერ არჩევანს ოჯახის უფროსი მამაკაცი აკეთებს.
ჟურნალისტი ნასიბ ნასიბოვი, რომელიც თავად წარმოშობით მარნეულიდანაა და დღეს თბილისში ცხოვრობს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ახლა უკვე გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან დღევანდელი არჩევნები აღარ იძლევა სხვის მაგიერ ხმის მიცემის საშუალებას.
იმავე სადახლოს მკვიდრი მასწავლებელი ქალები, ჩვეულებრივ, მონაწილეობენ არჩევნებში, თუმცა დეპუტატების კანდიდატები მამაკაცები არიან.
აზერბაიჯანული მოსახლეობა საქართველოში ძირითადად გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის რაიონებში სახლობს, ამ რაიონებში შესაბამისად 65408, 82090, 47170 და 20181 ამომრჩეველია, ანუ ჯამში დაახლოებით 215 ათასი. აქედან ნახევარზე მეტი ქალია...
როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო მონაცემებით, საქართველოს ყველა რაიონისა და ქალაქის საკრებულოს 1734 წევრიდან მხოლოდ 198 (ანუ 11,4%) ქალია. ქვემო ქართლის რეგიონში 197 დეპუტატიდან – 18 ქალია (9,14%).
თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებში ქალთა მონაწილეობის ხარისხი რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება. ყველაზე დაბალი პროცენტია ეთნიკური უმციერსობებით დასახლებულ რაიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანელი მოსახლეობა: მაგ. მარნეულში – 1,9%, ბოლნისში - 4,7%.
ქვემო ქართლის, ასევე კახეთის რამდენიმე რაიონის საკრებულოში არიან ეროვნებით აზერბაიჯანელები, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის ქალი.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში თითქმის არ მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალები. ყველაზე უკეთ საკრებულოებში სომეხი ეროვნების ქალები არიან წარმოდგენილი. ამას მოწმობს „მრავალეროვანი საქართველოს ქალთა ასოციაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგიც, რომელიც მათ ძირითადად დმანისისა და წალკის რაიონებში ჩაატარეს. მონიტორინგის შედეგებისთვის შეიძლება დაუკავშირდეთ კოალიციის წევრებს, მრავალეროვანი საქართველოს ქალთა ასოციაციის თანათავმჯდომარეებს ლეილა სულეიმანოვასა და ალა ბეჟენცევას.
საკრებულოს წევრ 200-მდე ქალს შორის სულ რამდენიმეა ეროვნებით არაქართველი...
შეხვედრები ზემო აფხაზეთში
2006 წლის 12-17 დეკემბერს შეხვედრები ჩატარდა ზემო აფხაზეთში (აჟარა, საკენი, გენწვიში, ომარიშარა, ჩხალთა, პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, აძგარა, რეკვა).
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წარმომადგენელი რაფიელ გელანტია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილების გამგე როზა ცინდელიანი, აფხაზეთის ქალთა ასოციაცია „საბინების“, კავშირის „დემოკრატია და კეთილდღეობისა“ და მედია ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ახალ არჩეული საკრებულოს წევრებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სოფლების უხუცესებს, ახალგაზრდებს, სპეციალისტებს, თვითდასაქმებულებს, უმუშევრებს.
როზა ცინდელიანის განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყო დღევანდელი სიტუაციის აღწერა, პრობლემების ანალიზი, ეკონომიკური განვითარების შესაძლო გზების დასახვა, და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ზემო აფხაზეთში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროცესები და რეგიონის აღორძინება. (პასუხი გაეროს 1716 (2006) რეზოლუციაზე, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს 5549 სხდომაზე, პუნქტი 14 და 18.)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ზემო აფხაზეთში შეიქმნა აჟარის თემის საკრებულო. საკრებულოს შემადგენლობაში პროპორციული წესით არჩეულია საკრებულოს 10 წევრი, მაჟორიტარული წესით – 4, სულ – 14; მათ შორის 10 ქალია, ყველა უმაღლესი განათლებით, საკრებულოს წევრთა საშუალო ასაკი – 35 წელია.
საკრებულოს პირველმა სხდომამ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, დაამტკიცა საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა. საკრებულოს მეორე სხდომამ დაამტკიცა საკრებულოს საქმიანობის რეგლამენტი, გამგეობის დებულება, მისი სტრუქტურა კანონის შესაბამისად აირჩიეს თემის გამგებელი და მოადგილე.
ჩატარებულია გამგეობის სამი სხდომა, 8 სოფელში დამტკიცებულია გამგეობის რწმუნებული.
საკრებულოში ერთი ფრაქციაა – „ნაციონალები“, ორი მუდმივმოქმედი კომისია: საფინანსო–ეკონომიკური საკითხების; აგრარული საკითხებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომისია.
საკრებულო და გამგეობა ამჟამად მუშაობენ 2007 წლისათვის საკრებულოს ბიუჯეტის ფორმირებაზე, მთავრობაში წარსადგენად მუშავდება ზემო აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტი.
ამასთან ერთად საკრებულოს აქვს ოპერატიულად და ეტაპობრივად გადასაწყვეტი პრობლემები, კერძოდ: საკრებულოსა და გამგეობისთვის გამოყოფილია პატარა, ოროთახიანი კოტეჯი, მაგრამ კეთილმოუწყობელია, ფაქტიურად არ გააჩნიათ ელემენტარული სამუშაო პირობები, საორგანიზაციო მოწყობილება და აღჭურვილობა; საკრებულოს არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, საჭიროა ადგილზე სისტემატიური დახმარება კანონმცოდნეობის, სამართლებრივ, საქმისწარმოების საკითხებში;
როზა ცინდელიანის თქმით, საკრებულოს წევრებთან გამართულმა შეხვედრამ და დიალოგმა გამოკვეთა მათი მადლიერება საქართველოს ხელისუფლებისადმი და ამ ეტაპზე რამდენიმე ძირითადი თხოვნა–მიმართვა:
საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული დახმარების აუცილებლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა:
- ზემო აფხაზეთში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის გახსნა;
- მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების შესახებ კანონის მიღების დაჩქარება;
- ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა–განმარტებითი მუშაობის გაუმჯობესება, ადგილობრივი ტელემაუწყებლობის მოწყობა, პრესის შეტანა, ადგილობრივი გაზეთის გამოცემა;
აფხაზეთის ქალთა ასოციაცია „საბინების“ საერთო კრებაზე გადაწყდა ზემო აფხაზეთში წარმომადგენლობის გახსნა და 2006 წლის 13 დეკემბერს კოდორის ხეობაში პირველად გაიხსნა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლობა, რაც, დამფუძნებელთა აზრით, ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს, სახალხო დიპლომატიის განვითარებას. სვანები და განსაკუთრებით სვანი ქალები ხომ ყოველთვის ცნობილნი იყვნენ სახალხო დიპლომატიით.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „საბინების“ წევრი გახდა უხუცესი, 95 წლის ქალბატონი ჯაჯა ცალანი სოფელ პტიშიდან.
როზა ცინდელიანი მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის თიინა ილსენს, რეტ ლაიასა და ნანა კალანდაძეს.
კოალიციის ჯგუფების საქმიანობა
ქალი და პოლიტიკა
წინასაარჩევნო პროგრამა თითქმის არც ერთ პარტიას არ ჰქონდა
5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ არჩევნებისთვის არ მომზადებულან. თითქმის არ იყო წინასაარჩევნო განწყობა, ქუჩებში თითქმის არ იყო პლაკატები (გარდა მმართველი პარტიის პლაკატებისა).
„ქალი და პოლიტიკის“ წევრების, კერძოდ კი, მაია კუპრავა-შარვაშიძის თქმით, არჩევნებისთვის პროგრამა თითქმის არც ერთ პარტიას არ ჰქონდა.
უნდა ითქვას, რომ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის რეკომენდაციები სიების შედგენისას მხოლოდ „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზამ“ და ბლოკმა „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“ გაითვალისწინეს. მათ ყველაზე მეტი ქალი ჰყავდათ სიაში. მაგალითისათვის რესპუბლიკელ-კონსერვატორთა 50 კაციან პარტიულ სიაში 18 ქალი კანდიდატი იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები დეპუტატობის კანდიდატად ქალის დასახელებისგან სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. კოალიციის „ქალი და პოლიტიკის“ ჯგუფი ცდილობს კოალიციის პარალელური კამპანიის შედეგები გააანალიზოს. ჯგუფის წევრის, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ ელენე რუსეცკის განცხადებით, პროექტის შედეგების ანალიზი ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის, მიღებული გამოცდილების საფუძველზე კოალიცია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო უკეთ მოემზადება. საამისოდ უფრო მეტი დროც ექნება.
„ვფიქრობ იმ მოკლე დროში, რაც კოალიციასა და კონკრეტულად ჩვენს ჯგუფს ჰქონდა, საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ყოფილი კანდიდატები ხშირად გვირეკავენ. ისინი დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობის გაღრმავებით“, – განაცხადა რუსეცკიმ.
ქალი და ეკონომიკა
სოფლის პრობლემები გენდერული რაკურსით
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში მეტი ქალია, უფრო დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს იღებენ, საკანონმდებლო ბაზა ბევრად სრულყოფილია, საბიუჯეტო სახსრები უფრო ყაირათიანად იხარჯება, გაცილებით დაბალია კორუფციის დონე და ჯანდაცვისა და განათლების სისტემებიც უფრო მოწესრიგებულია.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ჯგუფი „ქალი და ეკონომიკა“ რეგიონის კოორდინატორებთან ერთად პარალელური კამპანიის პროექტის ფარგლებში კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მუშაობდა.
წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის, ასევე მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ამომრჩეველ ქალებთან შეხვედრები მოეწყო, ჩატარდა სემინარები სოციალურ-ეკონომიური უფლებების დაცვის, დასაქმების და სხვა თვალსაზრისით.
პროექტის განხორციელების პროცესში “ქალი და ეკონომიკის“ ჯგუფის წევრების მიერ გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი საკითხები: თითქმის არ არსებობს ხელისშეწყობა სოფლის დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისთვის; რთულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგი; მათთან თანამშრომლობას ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს; სოფლის მოსახლეობა ფაქტიურად არ არის ინფორმირებული ქვეყნაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების, სიღარიბის დაძლევის პროგრამის, დასაქმების შესაძლებლობების, პოლისების გამოყენების შესახებ. მხოლოდ ტელევიზიის საშუალებებით იგებენ მწირ ინფორმაციას, რაც კონკრეტულ ამომწურავ პასუხების შესაძლებლობებს არ იძლევა; არ არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის გამჭირვალობა და მონიტორინგის განხორციელებაც რთულია;
ქალ-კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ ჰქონდათ. ძირითადი აქცენტი მამაკაცებზე კეთდება; სოფლად ბიზნესი მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, თუმცა იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს.
ქალი და ჯანმრთელობა
სოციალური საკითხები ბიუჯეტზე რომ აისახოს
ქალი მამაკაცზე ჰუმანურია და უფრო მეტად იზრუნებს სოციალურად დაუცველი ფენების ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების წინ წამოწევისა და მათი მოგვარებისათვის – ასეთი აზრი გამოიკვეთა წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული შეხვედრების დროს.
თამარ მაჭარაშვილი, კოალიციის ჯგუფი „ქალი და ჯანმრთელობა“: „პროექტის – „ქალის როლის გაზრდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში“, ფარგლებში ელექტორატთან და კანდიდატ ქალებთან ერთად ვიმუშავეთ თბილისში მთაწმინდა-კრწანისის რაიონსა და რეგიონებში (მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, შიდა ქართლი).
გაირკვა, რომ კანდიდატი ქალები ნაკლებად იცნობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კანონმდებლობას და საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ჰქონოდათ.
დღეისათვის ჯგუფი აგრძელებს მუშაობას უკვე არჩეული თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რათა მომავალი საბიუჯეტო წლისათვის თბილისისა და რაიონების ბიუჯეტებში ჩაისვას ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატთან მუშაობისას გამოიკვეთა“.
ქალი, გარემო და გლობალური უსაფრთხოება
მუშაობა კანდიდატ ქალებთან
ჯგუფის წევრი ირმა გელანტია მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომებში. სწორედ ამ სხდომებზე განიხილავდნენ იმ ცვლილებებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ შესაბამის კანონებში შევიდა.
დეკემბრიდან ოქტომბერში არჩევნების ვადის გადმოწევის გამო ჯგუფი ცაიტნოტში აღმოჩნდა. თუმცა პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა ყაზბეგში, ადიგენსა და ხაშურში.
ჯგუფის წევრის, ძიძია ღუდუშაურის განმარტებით, მათი პროექტი ძირითადად ქალ კანდიდატებთან მუშაობას ითვალისწინებდა. ტრენინგის თემატიკა მიზნად ისახავდა მათთვის ცოდნის გადაცემას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების დაუფლებას ისეთი საკითხებში, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური ლიდერობა, გენდერული ბალანსის დაცვის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების დონეზე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის უფლებები, დეპუტატის ანგარიშგების საკითხები ამომრჩევლის წინაშე „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ გზით...
ქალი და მშვიდობისმშენებლობა
გაწეული საქმიანობა „ამბასადორში“ შეაჯამეს
19 ოქტომბერს კოალიციის სამუშაო ჯგუფმა „ქალი და მშვიდობისმშენებლობა“ სასტუმრო „ამბასადორში“ მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობი კამპანია“. შეხვედრა ქალთა მონაწილეობის გაზრდის პარალელური კამპანიის დროს ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაც იყო. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდა 25 ადამიანი – დეპუტატი ქალები (სოფო გიორგაძე, თამარ ნუცუბიძე), პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ბაია რომელაშვილი, ნინო კალანდარიშვილი, მაია გოგოლაძე, ზეინაბ გამყრელიძე, გულიკო დუმბაძე; ნანული სარაჯიშვილი, ჟუკა მითაიშვილი, მარინა კოლხიდაშვილი; სოსო შატბერაშვილი და მანანა მდევაძე); კოალიციის წევრები.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ჯგუფის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ 8 რეგიონში (ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, მცხეთა, მარნეული, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალქალაქი).
არჩევნებში გამოიკვეთა ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი, როგორც მაჟორიტარ კანდიდატთა შორის, ისე პარტიულ სიებში. არჩევნების შედეგებით, ქ. თბილისში საკრებულოში 35 დეპუტატიდან მხოლოდ 4 ქალია არჩეული, რუსთავის საკრებულოში 3 ქალი, ქუთაისის საკრებულოში მხოლოდ 1, ბათუმის საკრებულოში არც ერთი. იმ დროისათვის სამეგრელოს რეგიონში არც ერთი საკრებულოს არჩევნები საბოლოოდ არ იყო დამთავრებული.
შეხვედრის მონაწილენი შეეხნენ ეთნიკური უმცირესობებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსაც.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის მოსასვლელად, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ისე პარლამენტში, საჭიროა პოლიტიკურ პარტიებთან ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დასახეს სამომავლო გეგმები:
- შიდა პარტიული დემოკრატიის გაუმჯობესება;
- პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალთა ცოდნის ამაღლება;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
- ამომრჩეველ ქალთა გააქტიურება;
- ქალთა კოალიციასთან პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა;
- ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა.
ქალი და განათლება
წინასაარჩევნო ტრენინგები პედაგოგებსაც ჩაუტარდათ
ჯგუფი „ქალი და განათლები“ პარალელური კამპანიის პროექტის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა რაიონის სკოლების პედაგოგებისთვის ატარებდა ტრენინგებს, რომელიც საარჩევნო პროცესების შესახებ მასწავლებელთა ინფორმირებას ითვალისწინებდა.
ტრენინგის ჩატარების მოდული ჯგუფის წევრმა ლელა ხომერიკმა შეიმუშავა. მის განხორციელებაში ჯგუფის თერთმეტივე წევრი მონაწილეობდა.
არჩევნებში ქალთა მონაწილეობის, ხელისუფლების ეშელონებში ქალთა რაოდენობის გაზრდისა და მათთვის პოლიტიკაში მოსვლის ხელშეწყობის აუცილებლობის მნიშვნელობა – ეს იყო საკითხები, რომლებზეც ჯგუფის წევრები პედაგოგებთან საუბრობდნენ.
ქალი და მედია
როცა მედია მძიმე დღეშია
კოალიციის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა პარალელური კამპანიის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში (რუსთავი, ბოლნისი, მცხეთა, გურჯაანი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ჩოხატაური, ზუგდიდი, მესტია) ჩაატარეს შეხვედრები ჟურნალისტებთან. ამ შეხვედრების შესახებ ჩვენს საინფორმაციო გამოშვებებსა და „კოალიციის ბიულეტენში“ ვრცლად იყო მოთხრობილი.
„ქალთა საკითხები მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. ამის გაცნობიერება მედიიდან უნდა დაიწყოს“, – ამბობს გალინა პეტრიაშვილი, ასოციაცია „გენდერმედიაკავკასიის“ პრეზიდენტი.
რამდენად აცნობიერებს მედია გენდერულ პრობლემატიკას, საერთოდ, რა მდგომარეობაა ქართულ მედიაში? დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ზოგადად გაჩნდა თავისუფალი სიტყვის პრობლემა. ტელევიზიების უკან უმეტესად სახელისუფლო ძალები დგანან, პრესა კი დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე დგას.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკმაოდ განსხვავებული სიტუაციაა. არის რეგიონები, რაიონები, და ქალაქები (მაგალითად, რეგიონებიდან გურია, კახეთი, ქალაქებიდან ქუთაისი, ბათუმი) სადაც საკმაოდ მაღალი დონის გაზეთები გამოდის, რომლებიც სათქმელით ხშირად თუ არ აღემატებიან, არაფრით ჩამოუვარდებიან თბილისურ პრესას. თუმცა კი ყველგან – მთელ საქართველოში პრესა მძიმე დღეშია და ლამის სულს ღაფავს. ამას გაზეთების ვიზუალური მხარეც ადასტურებს. გამომცემლები და რედაქტორები ამბობენ, რომ გადასახადებზე შეღავათების გაუქმება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში დღესაც არსებობს რეგიონები და რაიონები, (ზემო და ქვემო სვანეთი, ზემო რაჭა, ლეჩხუმი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი), სადაც არც ადგილობრივი ტელევიზია აქვთ და არც გაზეთი გამოდის. მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მხოლოდ მცხეთაში გამოდის რეგიონული და რაიონული გაზეთები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუშეთში, ფშავისა და ხევსურეთის ბევრ სოფელში დღემდე არ აქვთ ელექტოენერგია და გენერატორის გარეშე ცენტრალურ არხებსაც ვერ უყურებენ, შატილამდე მაგალითად, აქამდე ვერ მიაღწია მობილურმა კავშირგაბმულობამ (თუმცა ელექტროენერგიის პრობლემა აქ ნამდვილად არ აქვთ)... ასე, რომ ბევრგან ამბის მიმტანად დღესაც მაცნეს ელიან...
„დღეს მედიაში ძალიან ცოტაა გენდერულ თემაზე მომზადებული სერიოზული ანალიტიკური სტატიები“, – სამართლიანად შენიშნა ერთ-ერთ შეხვედრაზე კოალიციის წევრმა, ქალბატონმა ჩარიტა ჯაშმა.
ასეთ პირობებში გენდერულ ჟურნალისტიკაზე და ანალიტიკურ სტატიებზე საუბარი, ცხადია, ძალიან რთულია. რას მივაღწიეთ პარალელური კამპანიის შედეგად, როგორ გამოეხმაურნენ ჟურნალისტები არჩევნებში ქალთა მონაწილეობას, ამის შესახებ, ცოტა ქვემოთ, ჟურნალისტთა კონკურსის შედეგების შეჯამებისას მოგახსენებთ.
არჩევნები რეგიონებში
როგორ ჩაიარა არჩევნებმა რეგიონებში. ამის შესახებ კოალიციის წევრები საუბრობენ:
მაია გოგოლაძე, გურიის რეგიონალური ტრენერი:
არჩევნების დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ქალებს გამარჯვების ნაკლებ შანსს აძლევდა. შემდეგ დავრწმუნდი, თუ სოფელში მაჟორიტარს ავტორიტეტი აქვს, გამარჯვება სულაც არ არის ძნელი. სამწუხაროდ, ავტორიტეტის მქონე ქალები ცოტანი არიან. წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიები ძირითადად თბილისში აქტიურობდნენ. გურიაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილისა“ და ჩვენი საინფორმაციო კამპანიის პლაკატები იყო გაკრული.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ არჩევნებისთვის სათანადოდ ვერც ჩვენ მოვემზადეთ. პარალელური კამპანიის პირველი ეტაპი, რომელიც ქალთა მოთხოვნების შესწავლასა და ქალი კანდიდატებისთვის მათ გაცნობას ითვალისწინებდა, არ შედგა. იძულებული გავხდით, გაგვეძლიერებინა პროექტის მეორე მხარე, რომელიც ამომრჩევლებთან მუშაობას ითვალისწინებდა. ამომრჩევლის პასიურობის გამო დამოუკიდებელად მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება რთული აღმოჩნდა. ინფორმაციას ჩვენი კამპანიის შესახებ მოსახლეობას პარტიების მიერ მოწყობილ შეხვედრებზე ვაწვდიდით.
წელს კანდიდატებს პირველად გაუჩნდათ სურვილი, საარჩევნო კამპანიის დროს ინფორმაციის გასავრცელებლად ბუკლეტები დაებეჭდათ. ეს იყო დაბალი ხარისხის, ქსეროქსზე გამრავლებული ბუკლეტები, თუმცა თავად ფაქტი უკვე მეტყველებს, რომ ჩვენში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება საარჩევნო კულტურა.
ეკა ჯულაყიძე, იმერეთის რეგიონალური ტრენერი:
რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში – ამ მიზნით ვმუშაობდით იმერეთის რეგიონის თორმეტივე რაიონის ამომრჩევლებთან და კანდიდატ ქალებთან. ვცდილობდით, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვეხატა კანდიდატი ქალებისადმი, დავხმარებოდით მათ, შეემუშავებინათ პრიორიტეტები და მხედველობაში მიეღოთ ქალთა საჭიროებანი. გავმართეთ მრგვალი მაგიდები. შევხვდით ყველა რაიონის ამომრჩევლებს და გავეცანით მათ პრობლემებს.
არჩევნებმა იმერეთის რეგიონში ნორმალურად ჩაიარა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანი შემოვიარეთ. ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, კარგი შედეგები არ გვაქვს და ძალიან მცირეა გამარჯვებულ ქალ კანდიდატთა რიცხვიც.
ირმა ხომერიკი, ქვემო ქართლის რეგიონალური ტრენერი:
ჩვენი ჯგუფი ახორციელებდა პროექტს „პარტნიორობა მომავალი ცვლილებებისათვის“, რომელიც ქვემო ქართლში წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდები კანდიდატ ქალებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, რეგიონალური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთან. მოხერხდა კანდიდატ ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნა, პარტიული სიების გენდერული ანალიზი, მომზადდა ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამა, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია და არჩევნების შედეგების მონიტორინგი.
27 სექტემბერს რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა რუსთაველ და გარდაბნელ კანდიდატ ქალებთან. 1 ოქტომბერს რუსთავში კოსტავას ქუჩაზე მდებარე შადრევნის მიმდებარედ გაიმართა აქცია. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ასფალტზე ხატავდნენ – „როგორი მინდა იყოს ჩემი ქალაქი“. აქციის მსვლელობისას მოსახლეობას დაურიგდა ლიფლეტები, კალენდრები, პლაკატები აქციის ლოგოთი. საინფორმაციო მასალები გავავრცელეთ ორგანიზაციებში, საჯარო სკოლებში, ადგილობრივ სამსახურებში, დეპუტატთა და პარტიების ოფისებში, სავაჭრო ობიექტებში.
მაია ჯულაყიძე, შიდა ქართლის რეგიონალური ტრენერი:
ჩვენი პროექტი 22 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრით დაიწყო. ვისაუბრეთ მმართველობასა და თვითმმართველობაში არსებულ გენდერულ დისბალანსზე. ასეთივე საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა სოფლის ამომრჩევლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ რაიონში მმართველი პარტიის გავლენა იგრძნობოდა, მაგალითად, კასპის რაიონში აქციის ჩატარებაზე უარი განგვიცხადეს.
26 სექტემბერს კოალიციის პოლიტიკურ ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით სხვადასხვა პარტიის ქალ კანდიდატებს, რომლებმაც საკუთარი პროგრამები წარმოადგინეს. ჟურნალისტებისათვის გაიმართა მრგვალი მაგიდა.
1 ოქტომბერს, საინფორმაციო კამპანიის დღეს, გორში, ქარელსა და ხაშურში აქციები ჩატარდა. აქციაში 14-15 წლის გოგონებიც მონაწილეობდნენ. მათ მოქალაქეებს საინფორმაციო მასალები დაურიგეს.
თამარ მაისურაძე, მცხეთა–მთიანეთის რეგიონალური ტრენერი:
რა უშლის ხელს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში? რა პრობლემები არსებობს რაიონსა და რეგიონში – ძირითადად ამ საკითხებზე საუბრობდნენ მცხეთაში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეები – დეპუტატობის კანდიდატი ქალები, პარტიების, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის, მედიის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონის ხუთივე რაიონში ჩავატარეთ საგანმანათლებლო–საინფორმაციო ტრენინგები, დუშეთსა და მცხეთაში შევხვდით დეპუტატობის კანდიდატებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს.
1 ოქტომბერს მცხეთა-მთიანეთის ყველა რაიონში გაიმართა ქალ კანდიდატთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციისთვის დაიბეჭდა ფერადი ლიფლეტები და საინფორმაციო ფურცლები, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდადატ ქალებზე.
2002 წლის არჩევნებით რეგიონში 324 დეპუტატიდან 39 ქალი იყო (12%), წელს 110 დეპუტატიდან 15 ქალია (13,63%)...
სვეტლანა ლოგუა, აჭარის რეგიონალური ტრენერი:
„მეტი ქალი პოლიტიკაში“, – საარჩევნო პროცესში საზოგადოების მოზიდვისა და ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად 4 ოქტომბერს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ასეთი აქცია გაიმართა. პარკში გამოფენილი იყო სკოლის მოსწავლეთა 100-მდე ნახატი სახელწოდებით: „ქალი და პოლიტიკა“. მოსწავლეების დახმარებით გავრცელდა პარალელური საარჩევნო კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტები, ბროშურები, რიფლეტები და კალენდრები. აქციაში, რომელზეც კანდიდატ ქალებს ამომრჩეველთან კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა, მოწვეული იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი.
ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებში გამარჯვებული ქალბატონები მაქსიმალურად შეეცდებიან, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები უფრო შთამბეჭდავი იყოს და ამართლებდეს მოწოდებას – „ქალს შეუძლია შეცვალოს...“.
ნონა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ტრენერი:
ქალ კანდიდატებთან და ამომრჩევლებთან ერთად არაერთი შეხვედრა და მრგავლი მაგიდა გავმართეთ. აღსანიშნავია შეხვედრა სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან – ახალციხის №3 სომხურ სკოლაში ამომრჩევლებთან ქალი კანდიდატები წარვადგინეთ. შეხვედრას არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
1 ოქტომბრის აქციის დროს პლაკატებზე ამომრჩევლებმა თავიანთი პრობლემები დაწერეს. ისინი ძირითადად სოციალური პრობლემების გადაწყვეტას ითხოვდნენ. უგზოობა, საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანის პრობლემა, დღევანდელი ქალაქებისთვის დამახასიათებელი პრობლემები – აი, რა აწუხებს ამომრჩეველს. აქცია ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ ფართოდ გააშუქდა.
ჯილდა ნიბლაძე, კოალიციის კახეთის რეგიონალური ტრენერი:
პარალელური კამპანიის პროექტის ფარგლებში ქალ ამომრჩევლებთან 16 ტრენინგი ჩავატერეთ, რომელშიც 305 ქალი მონაწილეობდა, შეხვედრები გვქონდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან და ქალ კანდიდატებთან. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს თითქმის ერთნაირი პრიორიტეტები ჰქონდა. კერძოდ, სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესობა, დაუსაქმებლობის, სოფლებში დანგრეული გზების შეკეთება, სასმელი წყლის დეფიციტის გადაჭრა, ქალთა შრომითი უფლებების დაცვა, სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების მოწესრიგება და სხვა.
გამოვუშვით საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც განთავსებული იყო კახეთის რეგიონის 88 ქალი კანდიდატის მოკლე ავტობიოგრაფიული მონაცემები.
მარინა დავითაია, კოალიციის სამეგრელოს რეგიონალური ტრენერი:
სამეგრელოს რეგიონში 85 ქალი კანდიდატი მოვიძიეთ და საარჩევნო პროგრამების შემუშავებაში დავეხმარეთ. შემდეგ ზუგდიდში არჩევნების მიმდინარეობას ვაკვირდებოდი.
მოსახლეობა არჩევნებში აქტიურობდა. იყო ხარვეზები და დარბევის მცდელობებიც. ახლა არჩევნების შედეგად გამარჯვებულ ქალ დეპუტატებთან ვმუშაობთ. დაგეგმილი გვაქვს მათთან ტრენინგების ციკლი კონვენციის „ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ და რეზოლუცია „13/25-ის“ შესახებ.
ნინო სოხაძე, კოალიციის რაჭის რეგიონალური ტრენერი:
ვითხოვდით, რომ ქალები პარტიული სიების ათეულში მოხვედრილიყვნენ. ეს ნამდვილად ყველა პარტიამ გაითვალისწინა და ამის შედეგია, რომ რეგიონის საკრებულოებში 16 ქალია. ჩვენი პროქტის ფარგლებში ლიდერ ქალებთთან 6 სემინარი ჩატარდა და არჩევნებში უფრო მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.
საარჩევნო კომისია მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო დაკომპლექტებული. ამიტომ იძულებული ვიყავით, ჩვენ მიერ მომზადებული პირები საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებლებად ჩაგვესვა.
კანდიდატად ჩემი გატარების შემდეგ პროექტს ძირითადად ფატი ქემოკლიძე ახორციელებდა, რათა ჩემი მუშაობა წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაეთვალათ.
1 ოქტომბერს, საინფორმაციო კამპანიის დროს, გავავრცელეთ ბუკლეტები საკრებულოს წევრთა მოვალეობების და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ. ახლა ვამზადებთ ბუკლეტებს გამარჯვებული კანდიდატების შესახებ.
რუსუდან ნაკანი, სვანეთის რეგიონალური ტრენერი:
პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატ ქალების ჩართვის თვალსაზრისით არანაირი ბარიერი არ გვქონია. თუმცა პროპორციულობა ნამდვილად არ იყო დაცული. წინასაარჩევნო პროცესებში ამომრჩევლები თანადგომას გვპირდებოდნენ, მაგრამ სასურველი შედეგები არ გვქონდა.
ამომრჩევლებთან, კანდიდატებთან და საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად მრგვალი მაგიდა და ტრენინგები გავმართეთ. მესტიაში ჩავატარეთ ქალ კანდიდატთა მხარდამჭერი აქცია. მესტიაში აქციები იშვიათია, ამიტომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა და არსებულ პრობლემებზე საღი მსჯელობა წარიმართა. ჩვენს მხარდამჭერთა შორის მამაკაცებიც საკმაოდ იყვნენ.
ჩვენს ორგანიზაციას („მთიანი რეგიონის ქალები“) დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდა. მე - მესტიის ცენტრალურ უბანზე ვიყავი. მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ სვანეთში ასეთი სიმშვიდე და წესრიგი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა. ამ დღემ დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება უკვე არის იმ დონეზე, რომ თვითეულმა მოქალაქემ თავისი ნება გამოხატოს. ამას ჩვენი მუშაობის შედეგადაც მივიჩნევ.
მედია და არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობა – კოალიციის კონკურსი ჟურნალისტთათვის
ქალთა მხარდამჭერი საარჩევნო კამპანია წარმატებული რომ იყოს, საჭიროა ჟურნალისტებთან მუშაობის გაძლიერებაც, რათა მედია უფრო აქტიურად ჩაერთოს გენდერული საკითხების გაშუქებაში.
ამ მიზნით საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის პარალელური კამპანიის ფარგლებში ჯგუფმა „ქალი და მედია“ სექტემბერში გამოაცხადა კონკურსი 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის (საგაზეთო სტატია, ტელე ან რადიოსიუჟეტი) გამოსავლენად.
კოალიციის წევრმა ჟურნალისტებმა კონკურსის შესახებ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებული სემინარების დროს გაავრცელეს ინფორმაცია.
რა ფორმასა და ჟანრში მომზადდებოდა პუბლიკაცია – იქნებოდა ეს ინტერვიუ ქალ-კანდიდატთან, რეპორტაჟი თუ ანალიტიკური სტატია – ავტორის გადასაწყვეტი იყო. სტატიები ან სიუჟეტები სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დაბეჭდილიყო და გასულიყო ეთერით. თუმცა იმის გამო, რომ ბევრ რაიონში გაზეთები იშვიათად (თვეში ერთხელ) გამოდის, კონკურსის ვადები გაგრძელდა.
11 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“ კოალიციის წევრებმა ჟურნალისტთა კონკურსის შედეგები შეაჯამეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
კონკურსში მონაწილეობდა 28 ჟურნალისტი, 12 თბილისიდან, დანარჩენი – საქართველოს სხვა რეგიონებიდან (იყო რეგიონები, საიდანაც საკონკურსო მასალები საერთოდ არ შემოსულა, ზოგიერთი რეგიონი კი, მაგალითად, გურია, განსაკუთრებულად აქტიურობდა).
კონკურსში მონაწილეობდნენ კოალიციის წევრებიც, რომლებიც, ცხადია, აღარ შევიდნენ ჟიურის შემადგენლობაში.
საბოლოო შედეგები ასე განაწილდა:
პირველი ადგილი – სოფო ქვლივიძე, გაზეთი „რეზონანსი“
მეორე ადგილი – ირმა კახურაშვილი, გაზეთი „ახალი ვერსია“, ლალი ნიკოლავა, ჯგუფი „ქალი და მედია“, სააგენტო „პანკისი-ინფო“, ნინო მოდებაძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებპორტალი
მესამე ადგილი – თინათინ მოსიაშვილი, ჯგუფი „ქალი და მედია“, გაზეთი „ახალი ვერსია“, მზია სიხარულიძე, გაზეთი „გურია ნიუსი“, ცაულინა მალაზონია, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, ლატავრა ჯიაძე, გაზეთი „ახალი ბოლნისი“.
კონკურსის გამარჯვებულები და ყველა მონაწილე დაჯილდოვდა საჩუქრებით.
„გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის შედეგები
14 დეკემბერს, რესტორან „ქალაქურში“ გაიმართა 2006 წლის გენდერულ თემაზე მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი. კონკურსი გაიმართა პროექტის ფარგლებში „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდა კონკურსის ფარგლებში შემოსულ 48 ჟურნალისტურ ნამუშევარს, რომელიც ქართულ ელექტრონულ და ბეჭვდით მედიაში 2005 წლის დეკემბრიდან 2006 წლის დეკემბრამდე გამოქვეყნდა ან გადაიცა.
„საქართველოს პარლამენტი აქტიურადაა ჩართული გენდერული საკითხების განხილვაში. ქალთა შესაძლებლობების გაზრდა და პოლიტიკურ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის განვითარებისათვის. საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაში კი, მედიას მართლაც უდიდესი როლის შესრულება შეუძლია“, – ამბობს ქ-ნ ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, რომელმაც გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან ბ-ნ რობერტ უოტკინსთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალურ კოორდინატორთან ქ-ნ მარია ისრაელსონთან ერთად დააჯილდოვა კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები.
კონკურსში პირველ ადგილი დაიკავა გაზეთ „ხაშურის მოამბის“ ჟურნალისტმა ჯაბა ლაბაძემ, მეორე – გაზეთ „ახალი ვერსიის“ ჟურნალისტმა ირმა კახურაშვილმა, მესამე – „რეზონანსის“ ჟურნალისტმა თაკო ჯანიაშვილმა.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით დაწესდა სამი სპეციალური პრიზი, რომლის მფლობელებიც გახდნენ, ნატაშა ვორჩოლაკი (გაზეთი „ჯეორჯიან თუდეი“) ყველაზე ორიგინალური სტატიისათვის გენდერულ თემატიკაზე, ეკა მამალაძე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესი“, ნომინაციაში ჟურნალისტი, რომელმაც ყველაზე მეტად გაავრცელა გენდერული თემატიკის ინფორმაცია ქართულ მედიაში და ირაკლი მსხილაძე, რადიო „მწვანე ტალღა“ ბათუმის ბიურო, ყველაზე ორიგინალური რადიო სიუჟეტისათვის.
„გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ინფორმაცია იხილეთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ვებგვერდზე www.wcg.org.ge. არჩევნები 2006. ელექტრონული გამოშვებები.
გამოშვების რედაქტორი თინათინ მოსიაშვილი 899113202, tinatinmosiashvili@yahoo.com
|