Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > არჩევნები-2006 > რეგიონებში


ხომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს?

ცვლილებათა კატალიზატორი ანუ ქალი პოლიტიკაში

22, 26 სექტემბერი. გურჯაანი-გორი
ნანა ლომიძე

პერმანენტული კრიზისი ცხოვრების ყველა სფეროში ათწლეულების მანძილზე  რომ იყო და კვლავ მძაფრად იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, მამაკაცური პოლიტიკური შემადგენლობის „გონიერების“ შედეგია. მამაკაცებმა გააჩაღეს ომი, ეკონომიკური და ფინანსური მაქინაციები, რასაც მოჰყვა შიმშილი და სიღატაკე, გადაუჭრელი პრობლემა – უმუშევრობა და სხვა საბედისწერო შეცდომები. ყოველივე ამან ადამიანთა ცხოვრება გააუარესა. იქნებ ქალებმა შეძლონ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა? ამ განწყობით კახეთსა და შიდა ქართლს ვესტუმრე.

ქალთა კოალიციის კახეთის რეგიონული ტრენერი ჯილდა ნიბლაძე ამბობს, რომ წელს ქალები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობენ, კანდიდატებიც მრავლად არიან. „ქალებმა ჩათვალეს, რომ მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ. ქველმოქმედი ქალები არიან, ჰუმანურები, უანგარონი, გონიერები“, - ამბობს იგი.

ერთ-ერთ შეხვედრაზე ჭარმაგ მამაკაცს უთქვამს: ქალბატონო ჯილდა, თქვენი ხათრით ქალებს ვაძლევ ხმასო!

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სოფო ქუმსიაშვილი ამბობს: „ერთი პატარა ქალაქის მასშტაბით საქმის კეთებაზე პრეტენზია შეიძლება მქონდეს, ორიენტირებული ვიქნები გაჭირვებულთა დახმარებაზე. ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, ოჯახის, ბავშთა პრობლემებზე.“

„ჯანდაცვაში ჩვენთან, რეგიონში სავალალო მდგომარეობაა, მინდა ამ სფეროში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. ვაპირებ, ეტაპობრივად განვახორციელო ჩემი პროგრამა, მაქვს უმწეოთა დახმარების გეგმა. პოლიტიკაში მოსვლა დამეხმარება, შევცვალო ის, რაც არ მომწონს. არჩევნებში მონაწილეობა გადამწყვეტია ჩემი მიზნების განსახორციელებლად, ამისათვის ღირს ბრძოლა“, - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი, საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი. ასეთივე სულისკვეთებით მონაწილეობს არჩევნებში ეკა ნაქევხიშვილი. საზოგადოებრივ და ოჯახურ საქმეებს ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს, არაერთი კრიზისი დაუძლევია, ეკას სურს მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, რადგან „ქალი კარგი ორგანიზატორია, პრინციპულია და ბოლომდე იბრძოლებს“. – კაცები უკვე იყვნენ და არაფერი გაგვიკეთესო,  – ამბობენ ეკას თანასოფლელები და სჯერათ ამ ახალგაზრდა ქალის.

კახეთსა და ქართლში ყოფნისას, ჩემი მივლინება ჯანმრთელობის ჯგუფის ღონისძიებებს დაემთხვა. „ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ ხალხი არ არის ინფორმირებული უფასო და შეღავათიან სამედიცინო პროგრამებზე, ამიტომ ვერ ახერხებენ მკურნალობას და მედიკამენტების შეძენას, – ამბობს ჯგუფის წევრი ნინო ჟვანია. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას მოსახლეობას ადგილობრივი ექიმები არ აწვდიან. ბრძანებები კარგია, მაგრამ საჭიროა მათი შესრულების კონტროლიც, მედპერსონალის შრომის სათანადოდ შეფასება“.

რაც შეეხება საარჩევნო პარტიულ სიებს, იგი კვლავ „მამაკაცურია“. აღტაცებას ვერ ვფარავდი მათში ქალის აღმოჩენისას. ახმეტაში ნაციონალური მოძრაობის სიაში მე-3, 4, 5, 7 ადგილებზე ქალია. ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილში“ – მე-4, 6, 9 ადგილები უჭირავს ქალს. ქართლშიც მათ ჰყავთ ქალთა უმეტესი რაოდენობა სიებში და „საქართველოს გზას“.

კახეთსა და ქართლში მოგზაურობისას, მოსახლეობასთან საუბარმა და შეხვედრებმა დამანახა, რომ ახლა სწორედ ქალის უნარია საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი დალაგდეს, ჰარმონიული გახდეს. ამგვარი პროგრამა აქვს ქალაქ გორის ქალთა მოძრაობის წარმომადგენელს ლამარა შაყულაშვილს. იგი ისტორიული და პოეტების მუზა – ულამაზესი სოფლის, კარალეთისთვის იზრუნებს. „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო, მოწეული მოსავალი კარგ შემოსავალს უნდა აძლევდეთ, მშრომელებს ღირსება უნდა დაუბრუნდეთ. რეგიონში აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, დიდი მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო სექტორს. მე მებრძოლი ადამიანი ვარ, მაგრამ მითხრეს, რომ ჩემმა კონკურენტმა „ჩააწყო“ და, ალბათ, იგი გავა, მაგრამ ბრძოლას მაინც გავაგრძელებ.“ ასეთი ხასიათი აქვს ლამარა შაყულაშვილს.

„ქალი კანდიდატები თავიანთ შანსებს აანალიზებენ, – ამბობენ ქალთა კოალიციის რეგიონული ტრენერები შიდა ქართლში მაია ჯულაყიძე და ვერიკო ბიწაძე, ჩანაფიქრის წარმატებით განხორცილებისთვის ისინი თითქმის ყოველდღიურ შეხვედრებს მართავენ და ტრენინგებშიც მონაწილეობენ. წარმატება ვუსურვოთ მათ!“

 



ქალი კანდიდატების რაოდენობის მიხედვით სამეგრელო ლიდერობს

23 სექტემბერი. ზუგდიდი
ლალი ნიკოლავა

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „მედია ჯგუფის“ მიერ, წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი სემინარი ზუგდიდელი ჟურნალისტებისთვის დაემთხვა კოალიციის ჯგუფის – „ქალი და პოლიტიკა“ – მიერ ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებთან. შეხვედრას ორგანიზება სამეგრელოში კოალიციის რეგიონულმა ტრენერებმა გაუწიეს.

ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა, რადგანაც ჟურნალისტებმა, მოუსმინეს რა სამეგრელოს სხვადასხვა საკრებულოებში დეპუტატობის მოსურნე ქალ კანდიდატებს, შეძლეს უშუალოდ გასაუბრებოდნენ მათ, შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები და მომზადების დონე.

სამეგრელოს რეგიონული ტრენერის – მარინა დავითაიას თქმით, 71 კანდიდატი ქალიდან მხოლოდ სამია, რომელთაც, სამოქალაქო ცნობიერების განვითარების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ასოციაცია სამეგრელო მედეამ“ შეასწავლა ლიდერობის უნარ-ჩვევები. „ასეთი შეუსაბამობა ჩვენს მიერ მომზადებული ქალების არჩევნებში მონაწილეობის სურვილსა და რეალურ შესაძლებლობას შორის, დაკავშირებულია პრობლემასთან, რომელიც მათ რეგისტრაციის დროს შეექმნათ – ამბობს მარინა დავითაია, – მათ დოკუმენტებში აღმოჩნდა გარკვეული შეცდომები, მაგრამ ამის შესახებ, დოკუმენტების ჩაბარების ბოლო ვადამდე, ერთი დღით ადრე შეატყობინეს“.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ჯგუფის – „ქალი და პოლიტიკა“ წარმომადგენელმა – მაია კუპრავა-შარვაშიძემ აღნიშნა, რომ, პროექტის ფარგლებში, იგი იმყოფებოდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მაგრამ ქალ კანდიდატთა ასეთ რაოდენობას, როგორიც სამეგრელოშია, არსად შეხვედრია. „ეს გვახარებს, რადგან რეალურად მხოლოდ გენდერულ ბალანსს ხელისუფლებაში შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის ეფექტური მართვა“, – აღნიშნა მან.

კოალიციის წევრებთან შესახვედრად სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან 32 კანდიდატი ქალი მოვიდა. ისინი  თავიანთი პრიორიტეტებისა და წინასაარჩევნო დაკვირვებების შესახებ ესაუბრებოდნენ კოლეგებს.

ჟურნალისტები უსმენდნენ მათ გამოსვლებს და მთავარ თემებს იწერდნენ თავიანთი მასალებისთვის.

მოულოდნელად, ქალ კანდიდატებთან შეხვედრაზე „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა, მას რეგიონში თავისი პარტიის წარმომადგენლები ახლდნენ. მან მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობას საქართველოში და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამაა შესაცვლელი. სალომე ზურაბიშვილმა მალე დატოვა შეხვედრა და კეთილი სურვილებით დაგვემშვიდობა.

სემინარს ესწრებოდა 11 ჟურნალისტი რეგიონის სხვადასხვა გაზეთიდან; ასევე ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი და ზუგდიდის რადიო „ათინათის“ რამდენიმე ჟურნალისტი.

სამეგრელოს ქალების განსაკუთრებული აქტიურობის ფონზე, ადგილობრივი მედია საშუალებების მხრიდან იგრძნობა გულწრფელი ინტერესი კოალიციის წინასაარჩევნო პროექტის მიმართ, რაც რეგიონებში გენდერული პრობლემების განსაკუთრებულ აქტუალობაზე მეტყველებს.

 



არჩევანი პროფესიონალიზმის სასარგებლოდ

22 სექტემბერი. მესტია
ლელა მარგიანი

სვანეთის მაღალმთიან დაბა მესტიაში, სამწუხაროდ, არ გამოდის გაზეთები. ადამიანები რთულად და დიდი დაგვიანებით იღებენ ცნობებს დედაქალაქიდან. მიუხედავად მუშაობის ამგვარი ექსტრემალური პირობებისა, მესტია დღეს ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც გამგებელი ქალია. ალბათ, ეს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ქალები მაქსიმალურ მობილურობას ავლენენ ყველანაირ პირობებში.

ამის შესახებ არაერთხელ ითქვა სემინარზე, რომელიც 22 სექტემბერს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მთიანი რეგიონის ქალების“ ხელმძღვანელმა და კოალიციის რეგიონულმა ტრენერმა – რუსუდან ნაკანმა და „მედია ჯგუფის“ წევრმა – ლელა მარგიანმა გამართეს.

მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლის საკრებულოში 19 ქალი კანდიდატია წარდგენილი. თითოეულთან აქტიურად მუშაობს კოალიციის ტრენერი რუსუდან ნაკანი.

სემინარზე მონაწილეთა მიერ გამოთქმული იყო ბევრი საინტერესო მოსაზრება პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის შესახებ. იყო ქალთა მოძრაობის მხარდამჭერი გამოსვლები, თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრებებიც გამოითქვა.

რაიონის კულტურის განყოფილების თანამშრომელი მარინა რატიანი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, მეტი ქალი ყოფილიყო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. „თუკი კაბინეტში ქალი-უფროსი იქნებოდა, უფრო იოლად ვისაუბრებდი მასთან ჩემთვის საჭირბოროტო საკითხებზე, თუმცა მთავარი მაინც საქმისადმი მისი პროფესიონალური მიდგომა უნდა იყოს“, – აღნიშნა მან.

ერთადერთი ჟურნალისტი რაიონში, ჯერ კიდევ სტუდენტი – მაკა უდესიანი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის იდეას და მიაჩნია, რომ მამაკაცსა და ქალს თანაბრი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, მათ უნდა იბრძოლონ ამისთვის.

შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის შესახებ თავიანთი პოზიცია გამოხატეს სვანმა მამაკაცებმაც. ისინი უფრო შემწყნარებლები აღმოჩნდნენ, ვიდრე შეიძლება ყოფილიყვნენ, თუკი სვანეთში არსებულ მრავალსაუკუნოვან პატრიარქალურ ტრადიციებს გავითვალისწინებთ, რომლის თანახმადაც, ქალი „კერიის მფარველის“ როლით უნდა შემოიფარგლოს. ამავდროულად, მათი მოსაზრებები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თაობაზე არც ისე პროგრესული იყო, როგორც ჩვენ გვსურდა: სვანი მამაკაცები ქალთა აქტიურობის წინააღმდეგი არ არიან, მიაჩნიათ, რომ ქალს მამაკაცის თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუკი „ცოტა ნაკლები“ ექნება, ამით არაფერი დაშავდება...

სემინარის მონაწილე დავით ჯაფარიძემ გულწრფელად აღიარა, რომ არ არის მომხრე, ხელისუფლებაში ქალები ჭარბობდნენ მამაკცებს, მაგრამ თანაბარ რაოდენობას მხარს დაუჭერს. მისგან განსხვავებით, გოგი ჯაფარიძე თვლის, რომ მამაკაცი უფრო ეფექტურად უძღვება სახელმწიფო საქმეებს, ქალებს კი პედაგოგობა ან ექიმობა უფრო შეეფერებათ. „მე უფრო მშვიდად ვიქნები, თუკი ჩემი ცოლი სახლში იქნება და ოჯახს მოუვლის“, - აღნიშნა მან.

კატეგორიული იყო სემინარის ახალგაზრდა მონაწილის – ნონა ჯაფარიძის გამოსვლა. მან აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი პროფესიონალიზმია და არა კანდიდატის სქესი. „თავად ქალებმა უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები, ჩვენ თავად უნდა შევეცადოთ, ვიყოთ უფრო აქტიურები“, – ამბობს ნონა ჯაფარიძე.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეხვედრის ყველა მონაწილემ აღიარა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლაც დარღვეულია გენდერული ბალანსი და დროა, ეს მდგომარეობა გამოსწორდეს.

 



არჩევანი შენ...

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მედია ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტრენერების ჯგუფთან ერთად, 23 სექტემბერს ქ. ახალციხეში ერთობლივი ღონისძიება გავმართეთ. შეხვედრის მიზანი, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, ქალ კანდიდატებსა და ჟურნალისტებს შორის დიალოგის გამართვისთვის ხელშეწყობა იყო.


ახალციხეში ორი გაზეთი გამოდის: „სამხრეთის კარიბჭე“ და „ადგილის დედა – ახალციხე“, ფუნქციონირებს ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9 არხი“. როგორც გაირკვა, ქალთა ხმა ამ მედია საშუალებებში არც თუ ხშირად ისმის. პარტიებიც თავიანთი კანდიდატი ქალების პოპულარიზაციისთვის დიდად არ ირჯებიან. ამიტომაც მოსახლეობას არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ქალი კანდიდატების შესახებ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ტრენერებმა – ნონა ბერიძემა და ლელა ყავრელიშვილმა სატელეფონო გამოკითხვები ჩაატარეს. კითხვაზე – ვის დაუჭერთ მხარს არჩევნებში, მამაკაც კანდიდატს, თუ ქალს? – რესპონდენტების  უმრავლესობა მამაკაც კანდიდატთა მხარდამჭერი აღმოჩნდა. როდესაც დაინტერესდნენ, რა საფუძველი აქვს მათ არჩევანს, გაირკვა, რომ ისინი არ იცნობენ ქალ კანდიდატებს, თანაც, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პიროვნული დამსახურებისა და ღირსების მომენტი.

ქალ კანდიდატებს არა მხოლოდ ამომრჩეველი უყენებს მაღალ მოთხოვნებს. ისინი თვითკრიტიკულად არიან განწყობილი საკუთარი კანდიდატურის მიმართაც.

„როდესაც ქალი რაიმე თანამდებობის დაკავებას აპირებს, საკმაოდ მაღალ კრიტერიუმებს უყენებს საკუთარ თავს, მისი პასუხისმგებლობის გრძნობა გაცილებით მაღალია“, – ამბობს თამარ გოგოლაძე, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ კანდიდატი.

ცხადია, პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა სამოქალაქო აზროვნების ატრიბუტია, მაგრამ, მაინც რატომ არიდებენ ქალები თავს საჯარო საქმიანობას, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას? ეგებ, პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა, სათანადო კვალიფიკაცია სულაც არ არის საკმარისი, მოიპოვო ადგილი გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში? შეხვედრის მსვლელობისას ეს თემა ლოგიკურად გადაიზარდა სტერეოტიპებისგან და ტაბუსგან საზოგადოების გათავისუფლების საკითხში. სტერეოტიპებისგან გათავისუფლება ინდივიდუალური სფეროა. ადამიანი, რომელიც „სწავლას ემორჩილება“, იზრდება და უნარი შესწევს, გახდეს ლიდერი. ლიდერს კი საკუთარი შესაძლებლობების შეფასება შეუძლია.

„საზოგადოებრივ სარბიელზე გამოსული ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალი, ძლიერ ზეწოლას განიცდის ოჯახის, საზოგადოების მხრიდან და ხშირად ვერც კი უძლებს ამგვარ პრესს“, – აღინიშნა შეხვედრაზე. „ქალის შინაგან ბუნებაშიც უნდა ვლინდებოდეს ლიდერობის მოთხოვნილება“, – ამბობს ნაირა სამსონიძე, ბლოკ „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ კანდიდატი წყრუთის მაჟორიტარულ ოლქში, უპარტიო. მან კანდიდატთა კვალიფიკაციასა და თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობისთვის პოტენციურ მზაობას გაუსვა ხაზი.

ირკვევა, რომ პარტიების საკადრო პოლიტიკა რეგიონებში შესამჩნევად სუსტია. „ხშირად, ამომრჩეველი პარტიის ლიდერს აძლევს ხმას და არა იმ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც მის ოლქში იყრის კენჭს“, - საკუთარი მოსაზრება გამოთქვა გაზეთ „ადგილის დედა – ახალციხის“ რედაქტორმა იზოლდა წიქარიშვილმა.

ამომრჩევლის პასუხისმგებლობის საკითხი წამოსწია მარინე სუდაძემ, „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის სიის“ კანდიდატმა. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთი სპეციფიკა ახლავს: ადამიანები ხშირად ხმას თავიანთ მეგობარს, ნათესავს თუ მეზობელს აძლევენ და არა - თავიანთ მომავალს. ამომრჩეველს არ აქვს კანდიდატთან შეხვედრის სურვილი, არც მისი საარჩევნო პროგრამა აინტერესებს.“


– „შესაძლოა, ეს წინა წლებში მიღებული იმედგაცრუების შედეგია?“ – იყო რეპლიკა აუდიტორიიდან. მ. სუდაძე კი ამბობს, რომ „სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი განვლილი გამოცდილების გაანალიზება; დავფიქრდეთ, ვის მივეცით ხმა, გაამართლა თუ არა კანდიდატმა ჩვენი ნდობა და ყოველივე ეს მივაწოდოთ მოსახლეობას მედიის საშუალებით. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის მისცეს ხმა. პარტიის მიზანი არ არის, სია მაღალი ზნეობის ადამიანებით დააკომპლექტოს. პარტიისთვის არჩევნები შეჯიბრია, რომელიც მოგებაზეა გათვლილი, ამიტომაც ის ადამიანები ხვდებიან გამსვლელ ადგილებზე, რომელთა უკანაც მეტი საარჩევნო ხმა მოიაზრება. ეს ცუდია, მაგრამ ფაქტია. ეს პოლიტიკის კანონია. ძალიან ღირსეული ადამიანები არიან სოფლის სკოლის მასწავლებლები, ისინი დამსახურებითა და ინტელექტით გამოირჩევიან, მაგრამ პარტიულ სიაში მათი ჩასმა არაფრის მომცემია. ანდრიაწმინდის მასწავლებელს არ იცნობს ახალციხის მოსახლეობა, მას ხმას მხოლოდ ანდრიაწმინდის ამომრჩეველი მისცემს“... ეს ჩვენი რეალობაა – ახალციხის მაგალითზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობი კამპანია ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად წამოიწყო. აშკარაა, რომ ახალციხელი ქალბატონები პოზიტიური ცვლილებებისკენ არიან ორიენტირებულნი, არც ბროძოლისუნარიანობის დეფიციტი შეინიშნება... წარმატებები ვუსურვოთ მათ!

დიანა მიქაძე
თბილისი-ახალციხე-თბილისი



მთელი სექტემბრის მანძილზე საქართველოს რეგიონებში არჩევნების თემაზე სემინარები ჩატარდება. ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული მედია. ჟურნალისტებთან იმუშავებენ კოალიციის სამუშაო ჯგუფის „ქალი და მედია“ წევრები.

ჟურნალისტებისთვის პირველი სემინარი 14 სექტემბერს აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში ჩატარდა. სემინარს უძღვებოდნენ კოალიციის წევრი გალინა პეტრიაშვილი და აჭარის რადიოს კორესპონდენტი ზეინაბ ფილიპოვა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა კოალიციის რეგიონული ტრენერი – სვეტლანა ლოგუა.

სემინარის მთავარი მიზანი იყო მედია საშაულებების წარმომადგენელთა, როგროც ქალთა დაწინაურების მხარდამჭერთა შემზადება. ასევე არჩევნების, როგორც საზოგადოებრივი აზრის მობილიზების კულმინაციური მომენტის, გამოყენება გენდერული თანასწორობისა და ქალთა მდგომარეობის საკითხებისადმი ყურადღების მისაქცევად.

მედიაჯგუფის პროექტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის შედეგად ჩატარდება კონკურსი. საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები პრიზებით დაჯილდოვდებიან.  

14 სექტემბრის სემინარზე

გალინა პეტრიაშვილის ფოტოები

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze