Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > არჩევნები-2006 > არჩევნები-2006

 

არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში

შემუშავდა ISFED-ის სადამკვირვებლო მისიის საფუძველზე
22 ნოემბერი, 2006 წ.

 

თვითმმართველობის არჩევნები – 2006 შედეგების გენდერული ანალიზი და ქალები, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში

მოამზადეს თინათინ მოსიაშვილმა და როზა კუხალაშვილმა

 



წერილი პარტიებს
პარტიის ლიდერს

პატივცემულო ბატონო!
საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია გთავაზობთ გამოიყენოთ ჩვენი პოტენციალი 5 ოქტომბრის არჩვენებში იმ ქალთა წარსადგენად, რომლებიც არიან თქვენი პარტიის წევრები. ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ ელექტორატის შეხვედრებს კანდიდატთან, სადაც გავავრცელებთ ბუკლეტებს ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად.
მათში ჩვენ განზრახული გვაქვს დავბეჭდოთ:
1. პარტიის პროგრამისა და მისი პოტენციური შედეგების თქვენეული   განმარტება;
2. თქვენი მიმართვა ქალი კანდიდატებისადმი, რომელთაც ცხოვრებაში უნდა გაატარონ თქვენი პარტიის პროგრამა.
გარდა ამისა,  ამ ბუკლეტებში შეიძლება განთავსებულ იქნას კონკრეტული კანდიდატების პროგრამა და მოკლე ინფორმაცია მათ შესახებ.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ასეთი თანამშრომლობით, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ:
1. თქვენი წერილების ტექსტები (პროგრამის განმარტება და მიმართვა ქალი კანდიდატებისადმი).
2. ქალ კანდიდატთა სია თქვენი პარტიიდან (რეგიონების მიხედვით).
3. მოკლე ინფორმაცია მათ შესახებ.
4. პარტიების უფლებამოსილ წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია რეგიონებში.
ბუკლეტზე მუშაობის გასამარტივებლად გთავაზობთ  სავარაუდო ფორმას  თითოეულ ქალ კანდიდატზე ინფორმაციის შესახებ (ტექსტის მოცულობა არა უმეტეს 50 სიტყვისა): 1. გვარი, სახელი; 2. დაბადების თარიღი; 3. განათლება/პროფესია; 4. თანამდებობა პარტიაში, 5. ინტერესთა სფერო.
პარტიის შემოთავაზებული წინადადებები შეიძლება განხილულ იქნას  შემდეგი მიმართულებებით (ტექსტის მოცულობა არა უმეტეს 500 სიტყვისა): 1. პოლიტიკის სფეროში; 2. ეკონომიკის სფეროში;3. დასაქმების სფეროში; 4. განათლების სფეროში; 5. ჯანდაცვის სფეროში; 6. ეკოლოგიისა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში; 7. მშვიდობის სფეროში; 8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების სფეროში.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

პატივისცემით,
საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია




საქართველოს ქალთა ორგანიზაციების კოალიციის მიმართვა საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს

         
დემოკატიისაკენ – ქალისა და მამაკაცის
პოლიტიკური თანამშრომლობის გზით

სექტემბერი, 2006 წელი

ყოველი არჩევნები წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას პოლიტიკური და სოციალური ცვლილებებისათვის – ერთადერთი დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები იძულებულნი არიან სერიოზული ანგარიში გაუწიონ ამომრჩევლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველო ძალიან ბევრს დაკარგავს თუ არ გამოიყენებს ძვირფას რესურსს – ნიჭიერი, მცოდნე და გამოცდილი ქალების სახით.

სახელისუფლებო დონეზე ქალები მცირედ არიან წარმოდგენილი. პარლამენტში მხოლოდ 9%-ია ქალი, ადგილობრივ ხელისუფლებაში 11%. კიდევ უფრო ნაკლები არიან ქალები აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ პოზიციებზე.

იმისათვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაებან და პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ქალები აქტიურად არიან ჩაბმული პარტიების ყოველდღიურ ცხოვრებასა და რუტინულ შრომაში. ხოლო პარტიები მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ ქალებს საარჩევნო სიების ბოლოში ათავსებენ, რაც საკმარისი არ არის. პოლიტიკურმა პაერტიებმა ქალებს მეტი შანსი უნდა მისცენ თავიანთი პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად და ხელმძღვანელი ადგილების დასაკავებლად.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული მონიტორინგის, შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები პოლიტიკური პარტიების წევრთა სა­ერ­თო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ. ქალთა მონაწილეობის პროცენტი მკვეთრად დაბალია პარტიების მმართველ ორგანოებში და და 10%-ს არ აღემატება, ანუ პარტიის ზედა იერარქიულ საფეხურზე ქალები თითქმის არ არიან წარმოდგენილი.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოს ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასმთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და ჯგუფი ქალი და პოლიტიკა ატარებს პოლიტიკოს ქალთა მხარდასაჭერად კამპანიას, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პარტიებში ქალთა როლის გაზრდას და მათ მოსვლას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ქალი პოლიტიკოსებისათვის ერთ-ერთ ძირითად დაბრკოლებად კვლავ პოლიტიკურ პარტიებში არსებული დაბალი შიდა ორგანიზაციული კულტურა რჩება: პარტიის შიგნით არსებული შიდა პარტიული მოწყობა და შიდა პარტიული საკადრო პროგრამების არ არსებობა, ქალთა მონაწილეობის და წინწამოწევის შემუშავებული სტრატეგიის უქონლობა, პარტიის კანდიდატების საარჩევნო სიის შედგენის პროცესის გაუმჭირვალობა.

ეს არის არა სრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც ხელს უშლის გენდერულ თანასწორობას პოლიტიკურ პარტიებში.

პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის მიღწევა პარტიის მოდერნიზაციის და დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დასავლური გამოცდილება ადასტურებს, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდის პოლიტიკა პარტიებს ეხმარება საზოგადოებასთან კავშირების გამყარებასა და ახალი ელექტორატის მოპოვებაში.

ქალთა როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლის და საზოგადოების პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებაში, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის გაძლიერებასა და მათი უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფაში.

საქართველომ თანხმობა განაცხადა შეასრულოს საერთაშორისო სტანდარტები გენდერული თანასწორობის სფეროში:

  • გაეროს კონვენცია ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW)
  • პეკინის სამოქმედო გეგმა
  • გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუცია

საქართველოს ევროპასთან დაახლოების პოლიტიკა სრულყოფილი ვერ იქნება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გარეშე. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა პროპორციულ მონაწილეობის მისაღწევად ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სპეციალურ ზომების გამოყენებას.

ჩვენ როგორც ქალთა ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გავაგრძელ აქტიური საქმიანობა პოლიტიკაში ქალთა გასააქტიურებლად და ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მათ ლიდერებთან და წევრებთან, რათა ერთობლივად შევძლოდ იმ დაბრკოლებებისა და სირთულეების გადალახვა, რაც ხელს უშლის პოლიტიკაში ქალთა დაწინაურებას.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს გადადგან ჭეშმარიტად რეფორმატორული ნაბიჯები და ლიდერობის მეტი შესაძლებლობები მისცენ ქალებს.

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
(აერთიანებს 70-ზე მეტ ქალთა ორგანიზაციას
თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში)

 



კოალიციის პარალელური კამპანია

15.06.2006

 

2006 წელი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების წელია. ბუნებრივია, სამთავრობო თუ არასამთვარობო სექტორის ყურადღება ამ მოვლინისკენ იქნება მიმართული. ახალი საარჩევნო კოდექსით, ქალებს გაუჭირდებათ ხელისუფლებაში მოსვლა. სწორედ მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც ასევე ემზადება არჩევნებისთვის.

მაია კუპრავა-შარვაშიძე, მარტოხელა მშობელთა ასოციაცია, კოალიციის ჯგუფი „ქალი და პოლიტიკა“: „არჩევნებისთვის კოალიციამ მოამზადა ერთიანი პროექტი „ქალთა დაწინაურების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, ეს არის პარალელური კამპანია, რომელშიც კოალიციის თითოეული ჯგუფი საკუთარ მცირე პროექტს განახორციელებს. პარალელური კამპანია გულისხმობს პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატ ქალებთან, ამომრჩეველთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობას. ჩატარდება შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, სემინარები, აქციები... გათვალისწინებულია პროექტის საინფორმაციო და პიარუზრუნველყოფა, მონიტორინგი. 

პროექტის კოორდინაციისთვის შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ პროექტის მედია, ინფორმაციულ, ანალიტიკურ და ტექნიკურ საქმიანობას უხელმძღვანელებს. 

მაია კუპრავა-შარვაშიძის გარდა ჯგუფში არიან თამარ აბრამიშვილი, მაია რუსეცკი, თამარ ბაგრატია, ნანა ნაზაროვა, ნინო შიოშვილი, ძიძია ღუდუშაური, თამარ მაჭარაშვილი, გალინა პეტრიაშვილი, დიანა მიქაძე, თინათინ მოსიაშვილი.

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze